18-დან 22 ოქტომბრის ჩათვლით გერმანიის ქალაქი ფრანკფურტი ტრადიციულ წიგნის საერთაშორისო ბაზრობას მასპინძლობს - როგორც ყოველთვის, მონაწილეთა შორის ქართული გამომცემლობები და თანამედროვე ავტორებიც არიან. თუმცა წელს ისინი ბაზრობაზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან დამოუკიდებლად წარსდგნენ, რის შესახებაც ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:
„დაუმორჩილებელი ქართული ხასიათი“ – 2023 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული გამომცემლობები და მწერლები ახალი, დამოუკიდებელი სტენდითა და კონცეფციით წარდგებიან.
ქართველი გამომცემლების, მწერლებისა და ლიტერატურის სფეროს სხვა წარმომადგენელთა დიდი ნაწილი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბოიკოტს უცხადებს. ამ ფონზე, წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ვეღარ მოეწყობოდა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და მწერალთა სახლის ერთობლივი ეროვნული სტენდი, თუმცა წელს საქართველო მსოფლიოს ყველაზე დიდ წიგნის ბაზრობაზე მაინც გააგრძელებს ტრადიციულ სტუმრობას და ოთხი წამყვანი გამომცემლობის: „არტანუჯი“, „ინტელექტი“, „პალიტრა L“, „სულაკაურის გამომცემლობა“ და ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო“ თანადაფინანსებითა და ორგანიზებით იქნება წარდგენილი.
საქართველოს სტენდის დიზაინზე დიზაინერებმა სოფა კინწურაშვილმა და ია მახათაძემ იმუშავეს. ოთხი ორგანიზატორი გამომცემლობის გარდა, სტენდზე პროფესიული წრე და დამთვალიერებელი იხილავს 4 სხვა ქართულ გამომცემლობასაც, ესენია: „მედუზა“, „ზიარი პრესი“, „შემეცნება“ და „წიგნი+ერი“. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სხვადასხვა პლატფორმაზე მსოფლიო საზოგადოებას შეხვდებიან ქართველი მწერლები: ივა ფეზუაშვილი, თამთა მელაშვილი, ეკა ქევანიშვილი და აბო იაშაღაშვილი.ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში ქართველი გამომცემლები 1990-იანი წლებიდან ყოველწლიურად მონაწილეობენ, ამყარებენ საქმიან ურთიერთობას უცხოელ გამომცემლებთან, ყიდულობენ და ყიდიან წიგნების საავტორო უფლებებს. თავდაპირველად სტენდის და გამომცემლობების მხარდამჭერი ფონდ „ღია საზოგადოების“ ბუდაპეშტის ოფისი იყო. 2007 წლიდან კი, უკვე კულტურის სამინისტრო აფინანსებდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნულ სტენდს.
წელს, სტენდის მონაწილე გამომცემლები და ავტორები კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატავენ ქართული საზოგადოების მისწრაფებას ევროინტეგრაციისკენ, ვინაიდან მათ სჯერათ, რომ ქართული ლიტერატურა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
R