ავტორი:

"აითაჯმა იმ დღეს დედას დაურეკა და დახმარება სთხოვა... გოგონას არ სურდა დარჩენა, მასზე ზეგავლენა ჩემმა შვილებმა მოახდინეს" - რას ჰყვება ჩვენებაში მოკლული 14 წლის გოგონას ბებია

"აითაჯმა იმ დღეს დედას დაურეკა და დახმარება სთხოვა... გოგონას არ სურდა დარჩენა, მასზე ზეგავლენა ჩემმა შვილებმა მოახდინეს" - რას ჰყვება ჩვენებაში მოკლული 14 წლის გოგონას ბებია

"რუსთავი 2" ავრცელებს სასტიკად მოკლული 14 წლის გოგონას, აითაჯ შახმაროვას ბებიის, ეთერ მაგარამოვას ჩვენება. ქალის თქმით, აითაჯზე ზეგავლენა მისმა შვილებმა ფინანსური დაინტერესების გამო მოახდინეს.

"ჩემი შვილი ნატიკ მაგარამოვი არის მწყემსი, ის მუშაობდა ალიმ სადიგოვთან. შარშან გავიგე, რომ ჩემს შვილს ეგანა მაგარამოვას სურდა მისი შვილის, აითაჯის ალი სადიგოვზე გათხოვება. იმ პერიოდში ბავშვი მხოლოდ 13 წლის იყო. უნდოდა თუ არა გათხოვება, აითაჯისთვის დედამისს არ უკითხავს. მიმდინარე წლის ზაფხულში ჩემმა შვილმა მითხრა, რომ მას და აითაჯს შეხვდა ალიმ სადიგოვი და მალევე გაქრნენ მისი თვალთახედვიდან. აითაჯმა იმ დღეს დედას ვიღაცის ტელეფონიდან დაურეკა და დახმარება სთხოვა. ეგონა კახეთში, ძმებთან ერთად წავიდა. გადაწყვიტეს, რომ აითაჯი დარჩენილიყო იმ კაცთან ცოლის სტატუსით, რადგან მისი დაბრუნება იქნებოდა ოჯახის სირცხვილი. აითაჯს არ სურდა დარჩენა, მასზე ზეგავლენა ჩემმა შვილებმა მოახდინეს, რადგან ბავშვს, მათი აზრით, ფინანსურად უზრუნველყოფილი ცხოვრება ექნებოდა", - ამბობს ბებია ჩვენებაში.

ცნობისთვის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი, 27 წლის ალიმ ასლანოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ე’’ "თ’’ და "კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სამართალდამცავებმა ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედა და ბიძა დააკავეს. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გამოძიების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.