რაფაჰის გამშვები პუნქტი, რომელიც ღაზას სექტორს ეგვიპტესთან აკავშირებს, შესაძლოა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გახსნას, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელში აშშ-ის საელჩომ განაცხადა.
საელჩოს განმარტებით, ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ხნით გაიხსნება სასაზღვრო გამშვები პუნქტი.
”გაურკვეველია, თუ რამდენ ხანს ექნებათ ნებართვა მგზავრებს, გადასასვლელი გაიარონ. თუ გადასასვლელი გაიხსნება, ეს მხოლოდ შეზღუდული დროით მოხდება“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ღაზასა და ეგვიპტეს შორის ერთადერთი გზაა ადამიანების ანკლავიდან გასასვლელად, ან ტერიტორიაზე მარაგების შესატანად, მაგრამ ის ბოლო კვირის განმავლობაში დაკეტილი იყო.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კვირას, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რაფაჰი გაიხსნება.