ავტორი:

"მე მოვედი თქვენთან როგორც ებრაელი, როგორც მამა, გზავნილი, რომელიც მე ჩამოვიტანე არის შემდეგი..." - რა თქვა ენტონი ბლინკემა ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ?

"მე მოვედი თქვენთან როგორც ებრაელი, როგორც მამა, გზავნილი, რომელიც მე ჩამოვიტანე არის შემდეგი..." - რა თქვა ენტონი ბლინკემა ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ?

წარმოუდგენლად რთული დროა არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მე თქვენთან მოვედი არა როგორც მხოლოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, არამედ, როგორც ებრაელი. მე პიროვნულად მესმის ის შემზარავი ექო, რაც „ჰამასის“ მიერ ჩადენილმა მკვლელობებმა გამოიწვია არა მხოლოდ ისრაელში მცხოვრები ებრაელებისთვის, არამედ ყველა ებრაელისთვის მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში, ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"თქვენთან მოვედი, როგორც მამა, ახალგაზრდა შვილების მამა. ჩემთვის შეუძლებელია, დაღუპული ოჯახების ფოტოებს ვუყურო, ვუყურო მოკლული დედ-მამისა და სამი შვილის ფოტოს და საკუთარ შვილებზე არ ვიფიქრო. ჩვილები დახოცეს, გვამები წაბილწეს, ახალგაზრდები ცოცხლად დაწვეს, ქალები გააუპატიურეს, მშობლები დახვრიტეს შვილების თვალწინ, ბავშვები მშობლების თვალწინ. როგორ უნდა გავიგოთ ეს, როგორ უნდა აღვიქვათ?“- აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, ისრაელს მხოლოდ საკუთარი ძალებით თავის დაცვა არასდროს მოუწევს, რადგან აშშ მუდამ მის გვერდით იქნება.

"გზავნილი, რომელიც მე ისრაელში ჩამოვიტანე, არის შემდეგი: შეიძლება საკმარისად ძლიერი იყოთ, რომ დაიცვათ საკუთარი თავი, მაგრამ სანამ ამერიკა იარსებებს, არასოდეს მოგიწევთ ეს. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ იმეორებს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კრისტალურად მკაფიო გაფრთხილებას ნებისმიერი მოწინააღმდეგის მიმართ, იქნება ეს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო, რომელიც ფიქრობს, რომ მიმდინარე კრიზისით ისარგებლებს: „ნუ გააკეთებთ ამას“.

„ჩვენ ვაგრძელებთ ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობას "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი კაცების, ქალების, ბავშვების, მოხუცების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვატარებთ ინტენსიურ დიპლომატიას მთელ რეგიონში, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის გავრცელება და მე ამას გავაკეთებ. უახლოეს დღეებში ჩემი მოგზაურობის განმავლობაში“, - განაცხადა ბლინკენმა.