ავტორი:

ბჟანიას სურს, რომ აფხაზეთი რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს შეუერთდეს - ე.წ. პრეზიდენტის ინიციატივას აფხაზეთში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა

ბჟანიას სურს, რომ  აფხაზეთი რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს შეუერთდეს - ე.წ. პრეზიდენტის ინიციატივას აფხაზეთში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა

არაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ინტერვიუ რუს პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვთან იმდენად სკანდალური აღმოჩნდა, რომ ვითომ პრეზიდენტის პოლიტიკურ მოსაზრებებს აფხაზეთშიც უკიდურესად ცუდად შეხვდნენ.

  • ცნობისთვის, ბჟანიამ სამოკავშირეო სახელმწიფოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აფხაზეთს აქვს დაინტერესება, რომ ამ კავშირის შემადგენლობაში აღმოჩნდეს. სამოკავშირეო სახელმწიფოში რუსეთი და ბელარუსი შედიან.

"ის [სამოკავშირეო სახელმწიფო] ახლოს არის აფხაზეთის ხალხთან. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ არაუსაფრთხო სამყაროში გვჭირდება მტკიცე კავშირი რუსეთის ფედერაციასთან. ცხადია, რომ ერთპოლარული სამყარო მაშინ დაეცა, როდესაც რუსეთმა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი წარმატებით დაასრულებს სსო-ს და სამყაროში სხვაგვარი რეალობა იქნება. ვფიქრობ, რუსეთისთვის, ხელისუფლებისთვის და რუსი ერისთვის ყველაფერი ცხადი იქნება, ვინ იყო მათთვის რთულ პერიოდში მათი მოკავშირე. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, შეიქმნება სამოკავშირეო სახელმწიფოს კონტური. ჩვენ ამის იმედი გვაქვს და მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ,“ - განაცხადა ბჟანიამ.

მის სიტყვებს მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა. აფხაზი იურისტი საიდ გერგედავა "პრეზიდენტის" განცხადებას უარყოფითად ახასიათებს.

"ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, სამოკავშირეო სახელმწიფოში შესვლა, იმაზე ბევრ უარყოფითს იძლევა, ვიდრე დადებითს. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთი თავის სუვერენიტეტულ სტატუსს დაკარგავს. ეს სავარაუდოდ, გამოიწვევს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგზე წვდომის დაკარგვას და გარდაუვალ მიგრაციულ პროცესებს. უკვე ახლა, ამ საუბრების ფონზე, შეინიშნება მიგრაციული პროცესები. ასევე, მასიურად იყიდება უძრავი ქონებები. ვფიქრობ, რომ აფხაზეთის სტატუსი სამოკავშირეო სახელმწიფოში ძალიან მოწყვლადი იქნება. პრეზიდენტს ეს ყველაფერი მას შემდეგ უნდა ეთქვა, რაც ჯერ მოსახლეობის პოზიციას გაეცნობოდა. ვხედავ ადამიანის რეაქციებს სოცქსელებში და ფაქტია, რომ ისინი არ ეთანხმებიან პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, ეს სოცქსელებია და საზოგადოებრივი აზრის მხოლოდ ნაწილია, მაგრამ თვითონ ეს ფაქტი ისე ჟღერდება პრეზიდენტისგან, თითქოს მოსახლეობისგან თანხმობა აქვს.” - ჰყვება იურისტი.

სამოკავშირეო სახელმწიფოს იდეა მოსწონს აფხაზეთის "საგარეო საქმეთა მინისტრსაც". ინალ არძინბას თქმით, აფხაზეთი აქტიურად სწავლობს ბელარუსისა და რუსეთის გამოცდილებას სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ სუვერენული სახელმწიფოების განვითარებას“ - დაამატა არძინბამ.

აფხაზეთში შიშობენ, რომ მსგავს გაერთიანებაში აღმოჩენის შემდეგ, სახელმწიფო დონის გადაწყვეტილებებს მათი ნებისგან დამოუკიდებლად მიიღებენ. ბჟანიასა და საზოგადოებას შორის სულ უფრო დიდი ნაპრალი ჩნდება. პრეზიდენტის თითქმის ყველა გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ნეგატიური და პერიოდულად შეურაცხმყოფელიც არის. ასე იყო, მაგალითად აღლუმზე. მოსახლეობის ნაწილი საერთოდ იმანაც კი გააღიზიანა, რომ აღლუმზე ბჟანია მივიდა. სამოკავშირეო სახელმწიფოს დასავლეთში "საბჭოთა კავშირი - 2" ვერსიადაც მოიხსენიებენ და ის პუტინის პროექტია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების გაერთიანებას გულისხმობს.

მოამზადა ანრი კურტანიძემ