ავტორი:

"ველოდებით გრიპის შემთხვევების მატებას და ყურადღებით უნდა იყვნენ რისკის ჯგუფის წარმომადგენლები" - როგორია ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება

"ველოდებით გრიპის შემთხვევების მატებას და ყურადღებით უნდა იყვნენ რისკის ჯგუფის წარმომადგენლები" - როგორია ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე, კერძოდ, ოქტომბრის თვეში, გრიპის ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ოქტომბრის თვეში გრიპის ვირუსი ძალიან იშვიათად ფიქსირდებოდა, ახლა კი ქვეყანაში ორივე ტიპის, როგორც A ისე B ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს.

"როგორც წესი, ოქტომბერში გრიპის შემთხვევები ძალიან იშვიათად გვხვდება. მისი მატება უფრო ნოემბრიდან არის მოსალოდნელი, თუმცა წელს უკვე აფიქსირებს ლუგარის ეროვნული ლაბორატორია გრიპის ვირუსის შემთხვევებს. შემთხვევები ერთეულია, თუმცა, ეს ფაქტი მაინც საყურადღებოა. 2019 წლამდე, ჩვენ ოქტომბრის თვეში გრიპის ვირუსი ძალიან იშვიათად გვქონდა, ახლა კი ქვეყანაში ორივე ტიპის, როგორც A ისე B ტიპის გრიპის ვირუსი დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ შეიცვალა გრიპის ვირუსის სეზონურობაც. 2019 წლამდე, როდესაც გრიპის ვირუსის სეზონურობაზე ვსაუბრობდით, შემთხვევების მატება იწყებოდა გვიანი შემოდგომა - ზამთრიდან გაზაფხულამდე. პანდემიის აქტიური პერიოდის შემდეგ, 2022 წელს კი გვქონდა შემთხვევა, როდესაც გრიპის შემთხვევის მატება ზაფხულშიც ფიქსირდებოდა.

ჩვენ ველოდებით გრიპის შემთხვევების მატებას და ამ მიმართულებით ყურადღებით უნდა იყვნენ რისკის ჯგუფის წარმომადგენლები. ჩვენ გვაქვს უნიკალური მდგომარეობა - მოსახლეობის რისკის ჯგუფების უფასო ვაქცინაციით უზრუნველყოფა. ეს მოსახლეობისთვის დიდი კომფორტია. ჯანდაცვის სამინისტრო წლიდან წლამდე აგრძელებს ამ ინტერვენციას, წელსაც 200 ათასი ვაქცინა არის შეძენილი, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შესაძლებელი იქნება რისკის ჯგუფების წარმომადგენლების აცრა. როდესაც სეზონურ ვირუსებზე ვსაუბრობთ, ჩვენი მხრიდან აქცენტი კეთდება გრიპზე, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მძიმედ მიმდინარე, გართულებების რისკის მქონე ვირუსს. ყოველ წელს ფიქსირდება გრიპით გარდაცვალების მაჩვენებელი“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

  • ვირუსების განაწილების ბოლო მონაცემების თანახმად, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოგვცა, 7% არის კორონავირუსი, სხვა ვირუსების განაწილება კი უფრო მეტია - რინოვირუსის ძალიან ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ რინოვირუსი მომატებულია მოზრდილი ასაკის ბავშვებშიც, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, რინოვირუსი გაციების გამომწვევი ვირუსია და არ განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას.

"2023 წელს რინოვირუსის უჩვეულო მატება გვაქვს, პანდემიამდე წლებთან შედარებით, წელს ძალიან ბევრი რინოვირუსი ცირკულირებს. რინოვირუსი გახლავთ გაციების გამომწვევი ვირუსი და არ განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას.

გარდა იმისა, რომ წელს, პროცენტული განაწილების თვალსაზრისით, რინოვირუსის ძალიან ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული, აღსანიშნავია, რომ რინოვირუსი მომატებულია მოზრდილი ასაკის ბავშვებშიც.

რაც შეეხება კორონავირუსს. თუ გადავხედავთ იმ მონაცემებს, წლის ჭრილში გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ კორონავირუსის აქტივობაზე, კერძოდ, ლუგარის ცენტრის მონაცემებით, ძალიან კარგად ჩანს, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა და სეზონური სახე აქვს მიღებული. ზაფხულშიც გვქონდა კორონავირუსის შემთხვევები. სტატისტიკაში კარგად ჩანს, რომ 3 კვირა იყო, როდესაც ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში კორონავირუსი ვერ იქნა ნანახი. კორონავირუსის რაოდენობა მცირეა, 2-7%-მდე მერყეობს მისი განაწილება სხვა ვირუსებთან ერთად. გვაქვს მოლოდინი, რომ აქციების კვალდაკვალ მოიმატებს კორონავირუსის შემთხვევები. ბოლო მონაცემებით, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოგვცა, 7% არის კორონავირუსი, სხვა ვირუსების განაწილება უფრო მეტია.

მთავარია, რომ კორონავირუსი კონტროლის ქვეშ იქნება, გვეცოდინება მისი გავრცელების ინტენსივობა, ასევე ის, თუ რომელი ვარიანტი ცირკულირებს. ამ ეტაპზე, ქვეყანაში კორონავირუსი კვლავ ცირკულირებს, კერძოდ, "ომიკრონი“. გარდაცვალების შემთხვევა ძალიან იშვიათია, ქვეყანას კორონავირუსისგან რაიმე საშიშროება არ ემუქრება“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში რინოვირუსის შემთხვევები იმატებს, ივანე ჩხაიძე იმედოვნებს, რომ ეს კლინიკების გადატვირთვას არ გამოიწვევს.

"ჯერ არ გვაქვს ვითარება, რომ კლინიკები გადატვირთული იყოს, მიუხედავად იმისა, რომ რინოვირუსის შემთხვევები მომატებულია, ეს მომართვიანობა არ ჰქმნის პრობლემას. ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებს, მაგრამ კლინიკების გადატვირთვას არ ველოდებით“,- აღნიშნა ჩხაიძემ.