ავტორი:

"ტერორისტებმა სოხუმელი ქართველი ებრაელი გოგონა მხეცურად მოკლეს... რახელი მუდამ მომღიმარი და ქარიზმატული იყო" - რა არის ცნობილი "ჰამასის" მორიგ სისასტიკეზე

"ტერორისტებმა სოხუმელი ქართველი ებრაელი გოგონა მხეცურად მოკლეს... რახელი მუდამ მომღიმარი და ქარიზმატული იყო" - რა არის ცნობილი "ჰამასის" მორიგ სისასტიკეზე

ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრალისტი, როტშილდების ფონდის მკვლევარი, ლაშა შაყულაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთი გარდაცვლილი გოგონას შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

  • "დღეს, 11 ოქტომბერს, ჩრდილოეთ ისრაელში, დაკრძალავენ 25 წლის რახელს, სოხუმელ ქართველ ებრაელ გოგონას, რომელიც ტერორისტებმა მხეცურად მოკლეს და მისი ფოტო ფეისბუქზე ატვირთეს...“ - წერს ლაშა.

როგორც ებრაულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, 25 წლის რახელი დოვი, დედის ერთადერთი შვილი იყო. "ჰამასის" თავდასხმის დროს, ქვეყნის სამხრეთში ფესტივალზე იმყოფებოდა.

ავივა კოენმა, სასწავლებლის დირექტორმა, სადაც გოგონა სწავლობდა, მედიასთან განაცხადა: "ეს კატასტროფაა. რახელი განსაკუთრებული გოგონა იყო. მონდომებული და მომღიმარი, მზრუნველი, კარგი მეგობარი. გოგონა, რომელსაც სიცოცხლე უყვარდა, უყვარდა მხიარულება და ცეკვა. ის იყო მომხიბვლელი, ნაზი, სიხარულით სავსე. ის ხშირად დადიოდა მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალზე."

რახელის შესახებ გოგონას მეგობარიც საუბრობს და ამბობს, რომ ის მომღიმარი და სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო.

"6 წლის წინ სალონში გავიცანით, როგორც ჩვენი მომხმარებელი. შემდეგ კი დავმეგობრდით. მე და დედაჩემი კოსმეტოლოგები ვართ და ის ორივესთან დადიოდა, თელ-ავივში 5 წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სტომატოლოგად მუშაობდა. თავის პარტნიორთან და კატებთან ერთად ცხოვრობდა.

იყო მომღიმარი, ქარიზმატული, განსაკუთრებული. ძალიან უყვარდა ცხოვრებით ტკბობა. ოპტიმისტი გოგონა იყო, გართობა სურდა.

თვეში ერთხელ მაინც მოდიოდა ჩემთან სამკურნალოდ და პირად ამბებს მიზიარებდა. მითხრა, რომ შეყვარებული იყო. მასთან ერთად ტაილანდში თებერვალში უნდა გაფრენილიყო. ძალიან უყვარდა მოგზაურობა და წვეულებებზე გართობა.

შაბათს ვეძებდი მას და მის პარტნიორს, მაგრამ ტელეფონზე არ მიპასუხეს. ვცადე მის მეგობრებთან დაკავშირება, რომ გამერკვია რა დაემართა. ბოლოს ერთ-ერთ ვიდეოში ბეჭდებით ვიცანი. მეგობრებმა მითხრეს, რომ მისი მდგომარეობა მძიმე იყო. მამა 10 წლის წინ გარდაიცვალა და მეგონა, მისი პირადი ანგელოზი იქნებოდა, მაგრამ ბოლოს თავისთან წაიყვანა", - იხსენებს გოგონას მეგობარი.

რახელის მამა, იოსეფ (სოსო) დოვი, 10 წლის წინ შემთხვევითი გასროლის შედეგად მოკლეს.