ავტორი:

"ღამის ნოტარიუსად" ცნობილი ნუნუ გინტური, რომლის სახელიც არაერთ სკანდალურ საქმეს უკავშირდება, დააკავეს- რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?

"ღამის ნოტარიუსად" ცნობილი ნუნუ გინტური, რომლის სახელიც არაერთ სკანდალურ საქმეს უკავშირდება, დააკავეს- რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?

სკანდალური ნოტარიუსი, რომელსაც "ღამის ნოტარიუსად" მოიხსენიებდნენ, ნუნუ გინტური სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში დახმარების ფაქტზე ისევ დააკავეს.

ამჯერად მას ბინების დაგირავებით დაინტერესებული პირების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებაში ედება ბრალი. მასთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირი, ერთი ნოტარიუსი და ნოტარიუსის თანაშემწე.

საქმის მასალების თანახმად, ორი ნოტარიუსი და ნოტარიუსის თანაშემწე ბინების დაგირავებით დაინტერესებული პირების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებაში დახმარებას უწევდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, რომლებიც დაზარალებულებს მაკლერებად ეცნობოდნენ და ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ.

ისინი მათ ბინის მესაკუთრეებად და ხელშეკრულების მხარედ ამავე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს აცნობდნენ, ხოლო ნდობის მოპოვების მიზნით, ხელშეკრულებებს ბრალდებულებთან ნოტარიულად ამოწმებდნენ.ნოტარიუსებმა და ნოტარიუსის თანაშემწემ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის დახმარების მიზნით, სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაზარალებულებს არ განუმარტეს სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები. ბრალდებულებმა დაზარალებულ 94 პირს სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების ნაცვლად, რომლითაც მოწესრიგებული იქნებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, დაზარალებულთა საკუთრებაში ბინის გადაცემის საკითხი, მოტყუებით სესხის ხელშეკრულებები გაუფორმეს. ნოტარიუსები თითოეული ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისგან გარკვეულ თანხას იღებდნენ. დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ნოტარიუსების დახმარებით, 94 დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით, 2 686 700 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს ნუნუ გინტურისთვის დანაშულში მხილების პირველი შემთხვევა არ არის. იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2016 წელსაც დააკავა.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ყოფილი ნოტარიუსი ნუნუ გინტური და აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე ია იაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძიებით დადგენილია, რომ ნოტარიუსმა ნუნუ გინტურმა და მისმა თანამზრახველმა, ია იაშვილმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ერთ-ერთი ბინათმშენებლობის ამხანაგობის თავმჯდომარეს და კიდევ ერთ მოქალაქეს მისცეს პირობა, რომ დაეხმარებოდნენ შეღავათიანი სესხის მიღებაში, რისთვისაც მოტყუებით, სასურველ პირზე გააცემინეს უძრავი ქონების მინდობილობები, მათ შორის, თბილისში, ოჟიოს ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის განკარგვის შესახებ.რეალურად, ბრალდებულებმა სესხის ხელშეკრულების ნაცვლად გააფორმეს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შემდეგაც უკანონოდ გაყიდეს აღნიშნული უძრავი ქონება. საერთო ჯამში, დაზარალებულთა მიმართ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 604 736 აშშ დოლარი." - ნათქვამია 2016 წლის, ფინასთა სამინისტროს განცხადებაში.

ნუნუ გინტურის სახელი ფიგურირებს არაერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის სისტემურ დანაშაულებს ამხელდა.