საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი, რომელიც უკრაინაში ევროკავშირის ანტიკორუფციული ინიციატივის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს, ლვოვის ოლქში ავტოავარიაში მოჰყვა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ინფორმაციას უკრაინული მედია სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ავარია გუშინ, 8 ოქტომბერს მოხდა. ეკა ტყეშელაშვილი AUDI A8-ში იჯდა, რომელიც საპირისპირო მხრიდან მომავალ Hyundai-ის მარკის ავტომობილს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, "ჰიუნდაის" მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს მარცხენა წინამხრის მოტეხილობით, ტვინის შერყევითა, კანტუზიის დიაგნოზით“, - წერს უკრაინული მედია.
სამართალდამცველთა ცნობით, "აუდის" მარკის ავტომობილს ეკა ტყეშელაშვილი არ მართავდა. საჭესთან მამაკაცი იჯდა.მისი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.
მედიაში შემთხვევის ადგილიდან ფოტოებიც გამოქვეყნდა.
რაც შეეხება "ჰიუნდაის" მძღოლს, მედიის ინფორმაციით, მას ქალი მართავდა და ის შემთხვევის ადგილზე მძიმე დაზიანებებისგან გარდაიცვალა. "აუდის“ მძღოლმა და მგზავრმა დაზიანებები მიიღეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უკრაინის ეროვნული პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით, Vesti.ua იტყობინება, რომ ტყეშელაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო აუდის მძღოლი სამედიცინო შემოწმების შემდეგ სახლში გაწერეს.
ცნობილია, რომ ტყეშელაშვილი 46 წლისაა და თბილისში დაიბადა. 2004 წელს გახდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. 2007 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა იუსტიციის მინისტრად, ხოლო 2008 წლის იანვარ-მაისში გენერალურ პროკურორად.
2008 წლის 5 მაისიდან 2008 წლის 5 დეკემბრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რის შემდეგაც გახდა უშიშროების საბჭოს მდივანი.
2010 წლის ნოემბრიდან 2012 წლამდე – საქართველოს ვიცე-პრემიერი და რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრი.
ტყეშელაშვილი 2012 წელს გახდა ევროკავშირის ანტიკორუფციული ინიციატივის (EUACI) ხელმძღვანელი უკრაინაში.