საზარელი დანაშაული მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, სადაც 14 წლის გოგონა, სავარაუდოდ, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 27 წლის ალიმ ასლანოვ- სადიგოვმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მოკლული წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან არის. როგორც ირკვევა, გოგონა, დაახლოებით, 2 თვეა, რაც გაათხოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას შვილის ქორწილი უნდა გადაეხადა. ქმარმა კი გოგონას სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. ის ადგილზე დაიღუპა...
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას მშობლების სახლში დაბრუნება სურდა, რის საშუალებასაც ასლანოვი არ აძლევდა და ამის გამო მათ შორის ხშირად იყო კონფლიქტი,
როგორც დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაია ხმალაძე "რუსთავი 2"-ს უყვება, მას შემდეგ რაც 14 წლის გოგოონა სკოლაში არ გამოცხადდა, მოიკითხეს, თმცა მშბლებმა თქვეს, რომ მათი შვილი სტუმრად იყო.
"სკოლამ მოიკითხა, საქმის კურსში ჩააყენა, რომ არ ცხადდება ბავშვი სკოლაში, თუმცა მშობლებმა განაცხადეს, რომ 2 დღეში აუცილებლად მოვიდოდა, სტუმრად იყო წასული გარდაბანშიო.
გონივრული ეჭვიც არ ჰქონია არავის, არც სკოლამ იცოდა და არც ჩვენ ვიყავით საქმის კურსში. სასწავლო წელი დაამთავრა ჩვეულებრივად, სრულად, ძალიან მოწესრიგებული და კარგი გოგონა იყო. 23 რიცხვში კი დამრიგებელმა დაურეკა მშობელს, ის არ გამოდიოდა კონტაქტზე. მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც დაიბარეს სკოლაში ეს მოხდა 5 ოქტომბერს და თქვა, რომ 2 დღეში მოვიდოდა ბავშვი სკოლაში," - აცხადებს ხმალაძე.
რას ამბობს ლამბალოში მერის წარმომადგენელი ალიხარ აბდულაევი მომხდარზე?
"როგორც ვიცი, დანიშნულები იყვნენ, მაგრამ 3 თვე არ იქნება, რაც გოგო მოიტაცა და ცოლად მოიყვანა, 15 დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდათ, გოგო დმანისელი იყო. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, ამბობენ, 14 წლის არისო, სოფელში არავინ იცის, რატომ ჩაიდინა მან ეს მკვლელობა. სახლში იარაღით მოუკლავს. ვიყავი მათთან მისული, მაგრამ არავინ დამხვდა. ცხედარი საგარეჯოში ექსპერტიზაზეა გადასვენებულია. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით სოფლისთვის უცნობია. ძალიან მძიმე ფაქტია. ეს ბიჭი ალიმ ასლანოვ - სადიგოვი 27 წლის იყო. მწყემსია, არ იყო კომუნიკაბელური ადამიანი. თუმცა მასზე ცუდი არაფერი გამიგია. რატომ დაატრიალა ეს ამბავი, არ ვიცით. ამ სახლში, სადაც ტრაგედია მოხდა, ასევე ცხოვრობენ ბიჭის მშობლები და ძმა, არ ვიცი, ამ ტრაგედიის დროს იყვნენ თუ არა ისინი სახლში", - ამბობს მერის წარმომადგენელი.
ბრალდებულის ფოტოს "რუსთავი 2" ავრცელებს