ავტორი:

"ჰამასი" ისრაელში შეიჭრა და ოპერაცია "ალ-აქსას ქარიშხალი" დაიწყო: "ქალაქში სამხედროები გამოჩნდნენ, ცდილობენ მძევლების აყვანას... ამჯერად დიდმასშტაბიანი ოპერაცია დაიწყება"

"ჰამასი" ისრაელში შეიჭრა და ოპერაცია "ალ-აქსას ქარიშხალი" დაიწყო: "ქალაქში სამხედროები გამოჩნდნენ, ცდილობენ მძევლების აყვანას... ამჯერად დიდმასშტაბიანი ოპერაცია დაიწყება"

ღაზადან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს, ისრაელში სირენების ხმა ისმოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა.

ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ შეტევებზე პასუხისმგებლობა "ჰამასმა" აიღო და დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით "ალ-აქსას ქარიშხალი" დაიწყეს.

ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ღაზას სექტორიდან გასროლილი რაკეტის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

GIPA-ს პროფესორი გიორგი კობერიძე ისრაელში განვითრებულ მოვლენებზე წერს:

"გამთენიას ღაზას სექტორში ბაზირებულმა ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის წევრებმა რამდენიმე მიმართულებიანი, სინქრონიზებული თავდასხმა დაიწყეს ისრაელის ქალაქებზე. რაკეტები იქნა გაშვებული როგორც იერუსალიმის ისე აშდოდის და სხვა დიდი თუ პატარა დასახლებების მიმართულებით. მუშაობს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. ჰამასის სამხედროებმა ზღვიდანაც კი სცადეს ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევა.

მძიმე სიტუაციაა დასახლება სდეროტის მიმართულებით. ქალაქში ჰამასის სამხედროები გამოჩნდნენ. ცდილობენ მძევლების აყვანასა და სამხედრო-პოლიციური ტექნიკის განადგურებას. როგორც ჩანს მცირე-მცირე ჯგუფებით ჰამასის დაჯგუფების წევრები ქალაქებში შეღწევასა და გაფანტვას ცდილობენ. აშკარაა, რომ ღაზას სექტორის მიმართულებით ახალი, ამჯერად დიდმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყება. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელს ახსოვს წლობით გაგრძელებული პირველი და მეორე ინტიფადა, რა დროსაც ებრაული ქალაქების მოსახლეობა პერიოდული თავდასხმის მსხვერპლი იყო.

ახლა შესაძლოა სწორედ ამ ყველაფრის დასაწყისს ვადევნებდეთ თვალს. ამასთან, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელს მის ისტორიაში ყველაზე მემარჯვენე და რელიგიური მთავრობა ჰყავს. ეს კი მათი მხრიდან საბრძოლო მოქმედებებისადმი მზაობას ზრდის. დაბოლოს, ჯერ არ არის ცნობილი რა სიტუაცია იქნება დასავლეთ სანაპიროს მიმართულებით, იერუსალიმის ირგვლივ. იქ მყოფი პალესტინელები შეუერთდებიან თუ არა ჰამასს თავდასხმებში არ არის ცნობილი".