ავტორი:

"საკავშირო სახელმწიფოში აფხაზეთის შესაძლო მონაწილეობაზე ვისაუბრეთ" - რას ამბობს ბჟანია პუტინთან შეხვედრის შესახებ

"საკავშირო სახელმწიფოში აფხაზეთის შესაძლო მონაწილეობაზე ვისაუბრეთ" - რას ამბობს ბჟანია პუტინთან შეხვედრის შესახებ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრა "მეგობრულ, სანდო ატმოსფეროში“ გაიმართა.

"რუსეთის პრეზიდენტმა, როგორც ჩვეულებრივ ხდება აფხაზეთთან დაკავშირებით, ძალიან ყურადღებიანი დამოკიდებულება გამოიჩინა ყველა საკითხის მიმართ. მან მხარდაჭერის პირობა დადო თითქმის ყველა საკითხზე, რაც შეხვედრაზე დაისვა“, - განაცხადა ბჟანიამ.

მისი თქმით, რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის დახმარებას ენერგომომარაგების კუთხით.

ამასთან, ბჟანიას ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს.

"ამ კუთხით, ჩვენ ყველა მიზეზი გვაქვს, რომ რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. განსაკუთრებით ხაზგასმული იყო სიახლოვე ბევრ საკითხში. ვისაუბრეთ იმ ინტეგრაციის პროცესებზე, რომელთა ინიცირებასაც რუსეთის ფედერაცია ახდენს, ამ პროცესებში აფხაზეთის მონაწილეობაზე, სამომავლოდ, საკავშირო სახელმწიფოში აფხაზეთის შესაძლო მონაწილეობაზე. ეს ყველაფერი დადებითად იქნა მიღებული, ამაზე დღე და ღამე უნდა ვიმუშაოთ“, - აღნიშნა ბჟანიამ.

ასლან ბჟანია 3 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა, 4 ოქტომბერს კი - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. დღეს, ბჟანიამ აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა, რომელზედაც აფხაზეთის "საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხები“ განიხილეს.