ავტორი:

ნეაპოლთან სუპერვულკანი კამპი ფლეგრეი იღვიძებს: მიწისძვრების სერია არ ჩერდება - მედია წერს იტალიის მთავრობის გეგმაზე, რომელიც ადამიანთა მასობრივ ევაკუაციას შეეხება

ნეაპოლთან სუპერვულკანი კამპი ფლეგრეი იღვიძებს: მიწისძვრების სერია არ ჩერდება - მედია წერს იტალიის მთავრობის გეგმაზე, რომელიც ადამიანთა მასობრივ ევაკუაციას შეეხება

უკვე რამდენიმე დღეა მედია აქტიურად წერს იტალიის მთავრობის გეგმის შესახებ, რომელიც ადამიანთა მასობრივ ევაკუაციას ეხება. დღითიდღე კი იზრდება საფრთხე, რომ ქვეყნის მთავრობას მართლაც დასჭირდება ამის შესრულება. მიზეზი ვულკან კამპი ფლეგრეის ამოფრქვევის გაზრდილი საფრთხეა.

საუბარია ათიათასობით ადამიანის ევაკუაციაზე. მხოლოდ გასულ თვეში 1100-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. მათ შორის, ორშაბათს 4.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, ხოლო გასულ კვირას 4.2 - რაც ამ მხარეში ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.

ექსპერტები ამბობენ, რომ გაზრდილი სეისმური აქტივობა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ფენომენთან, რომელიც ცნობილია როგორც ბრადისეიზმი - დედამიწის ზედაპირის ნაწილის თანდათანობითი ამაღლება (დადებითი ბრადისეიზმი) ან დადაბლება (უარყოფითი ბრადისეიზმი),

ვულკანოლოგების უმეტესობის თქმით, ამოფრქვევის გარდაუვალი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ იმის გამო, რომ მიწა თვეში 1.5 სმ-ით მაღლა იწევს, შემაშფოთებელია.

სამოქალაქო დაცვის მინისტრის, ნელო მუსუმეჩის განცხადებით, ამ კვირაში "უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში" მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება. მისივე თქმით, უკვე მობილიზებულია საავადმყოფოს ჯგუფები და ადგილობრივი სამოქალაქო დაცვის სააგენტოები.

ვულკანი კამპი ფლეგრეი ("დამწვარი ველი“) სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლის ჩედილო - დასავლეთით მდებარეობს. იგი ევროპასი ერთ-ერთი ყველაზე საშიში სუპერვულკანია ვულკანია. როგორც მეცნიერები ამბობენ, ამოფრქვევის შემთხვევაში, მისი სიძლიერე ვეზუვისას გაუთანაბრდება.

კამპი ფლეგრეის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამოფრქვევა 39 000 წლის წინ მოხდა, რამაც მეცნიერების აზრით, ნეანდერტალელი ადამიანის გადაშენება გამოიწვია. ამ აფეთქების მაგმა აღმოაჩინეს გრენლანდიაში, ვულკანიდან 4500 კილომეტრის დაშორებით.

2016 წლის ბოლოს გეოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა საგანგაშო კვლევა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 500 წლის განმავლობაში ვულკანი აქტიური არ ყოფილა, ბოლო ხანს გამოჩნდა სახიფათო ნიშნები იმისა, რომ ის იღვიძებს.

ვულკანის კალდერა (წრიული ან ოვალური ფორმის ვულკანური წარმოშობის ღრმული) 39 000 წლის წინ ჩამოყალიბდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს იყო ყველაზე დიდი ამოფრქვევა.

1950-იანი წლებიდან ვულკანის კალდერამდაიწყო მოძრაობა და 60 წლის განმავლობაში ამოიწია 3 მეტრით.

1980-იანი წლებიდან ეს პროცესი აჩქარდა, მის მერე მოხდა რამოდენიმე ძლიერი მიწისძვრა.

1990 იანი წლებიდან 2005 წლამდე ეს პროცესი დროებით შეჩერდა, ახლა კი კამპი ფლეგრეი კვლავ გააქტიურდა.