ავტორი:

"ღამით ცულმომარჯვებული დადის, მოჭრილ ხეს იქვე ტოვებს" - ხეების "სერიული მჭრელი" ბრუკლინში: რას ჰყვებიან ადგილობრივები იდუმალ დამნაშავეზე

"ღამით ცულმომარჯვებული დადის, მოჭრილ ხეს იქვე ტოვებს" -  ხეების "სერიული მჭრელი" ბრუკლინში: რას ჰყვებიან ადგილობრივები იდუმალ დამნაშავეზე

ბრუკლინში ხეების "სერიული მჭრელი" დადის. ყველაფერი გასულ აგვისტოს დაიწყო. ტრანსმიტერ პარკში, რომელიც ადგილობრივებისთვის საყვარელი გამწვანებული სივრცეა. ვიღაცამ, ღამით, მაგნოლიას ხე მოჭრა.

პარკში დარგულ კიდევ ორ ხეს იგივე ბედი რომ ეწია, მოსახლეობა გაბრაზებული და დაბნეული დარჩა.

თუმცა დანაშაულის ადგილი მხოლოდ ტრანსმიტერის პარკი არ გამხდარა. მომდევნო თვეში, პარკისგან მოშორებით მდებარე უბანში, რამდენიმე ხე სანახევროს მოჭრილი ნახეს.

მოგვიანებით, სექტემბრის ბოლოს, ხეების მჭრელი იმავე უბანში დაბრუნდა და ერთ-ერთი კორპუსის წინ დარგული დიდი ხე გადაჭრა, რამაც მოსახლეობა აღაშფოთა. საინტერესოა, რომ ის ხეებს ან მთლიანად, ან სანახევროდ ჭრის და იქვე ტოვებს. გაურკვეველია ამგვარი ქცევის მიზეზი და გაურკვეველია იმ ადამიანის, ან ადამიანების ვინაობა, რომელიც ამას აკეთებს.ხეების მოჭრის პროცესში ის არავის დაუნახავს.

"შემაშფოთებელია, ნამდვილი ბოროტებაა. ყველანი ვხვდებით, რომ ამას მიზანმიმართულად აკეთებს ვიღაც",- განაცხადა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.

"ეს ადამიანი ყურადღების მიქცევას ცდილობს, მოწყენილია, გაბრაზებული და ამიტომ მსხვერპლად ყველაზე დაუცველი რამ აირჩია",- დასძინა მან.

გასულ კვირას მაკგინესის ბულვარზე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - დამნაშავემ კიდევ ორი ხე მოჭრა. "სანამ ამ ხეებს ქუჩებში დარგავდნენ, ვიღაც წლების განმავლობაში უვლიდა მათ. ამ ადამიანს კი სულ რამდენიმე წამი დასჭირდა მოსაჭრელად",- აცხადებს კიდევ ერთი მაცხოვრებელი.

ხეების გამანადგურებლის ვინაობა უცნობია, მაგრამ ზოგიერთ მაცხოვრებელს საკუთარი თეორია აქვს: "მგონია, რომელიღაც უკმაყოფილო მაცხოვრებელია, რომელიც მანქანის წმენდითაა დაღლილი. შესაძლოა, ხეს რაიმე მწერი ესეოდა, რომელმაც მაცხოვრებელი შეაწუხა და ამიტომ მოჭრა",- ამბობს ემა.

რაც შეეხება ხელსაწყოს, რომლითაც ხეებს ჭრის - ეს ცული უნდა იყოს.

"ძრავიან ხერხს რომ იყენებდეს, ვინმე გაიგებდა ხმას",- ვარაუდობს ჯული.

"ცოტა არ იყოს საშიშია. ეს ადამიანი ღამით ცულმომარჯვებული დადის",- ამბობს კიდევ ერთი მაცხოვრებელი, სტეფანი გრეგორი.

პარკების დეპარტამენტი, არსებობის შემთხვევაში, ფოტოების, ვიდეოების და მოწმეთა ჩვენებების მათთვის გადაცემას ითხოვს: "სანამ გამოძიება გრძელდება, საზოგადოებისგან პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებაში დახმარებას ვითხოვთ",- განუცხადა დეპარტამენტმა მედიას.

დამნაშავის იდენტიფიცირების შემთხვევაში, პარკების დეპარტამენტი ხეების დაზიანებისთვის $1000-ით დააჯარიმებს, ხოლო ხეების საფასური ცალკე დაეკისრება და დამატებით $17 500-ის გადახდა მოუწევს.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა