ავტორი:

"კვლავ უყურადღებობა, იგნორირება... რატომ არ შეიძლება გამომიძახონ, თუნდაც ამხანაგურ მატჩში?" - რას წერს სომხეთის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი?

"კვლავ უყურადღებობა, იგნორირება...  რატომ არ შეიძლება გამომიძახონ, თუნდაც ამხანაგურ მატჩში?" - რას წერს სომხეთის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი?

ლევან კუტალია ქართველი ფეხბურთელია, რომელიც სომხეთის ჩემპიონატში, კლუბ "ალაშკერტის" რიგებში თამაშობს და საკმაოდ წარმატებულად. 34 წლის ლევანს სომხეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი. მიუხედავად ამისა, ის მოახლოებული სანაკრებო თამაშებისთვის არ გამოიძახეს.

  • სპორტსმენი ამ თემაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ის რაც, მასთან დაკავშირებით ხდება, უსამართლობაა.

"გამარჯობა მეგობრებო. მინდა გამოვეხმაურო სანაკრებო სიას, გულდაწყვეტილი ვარ ისევ. ამდენი წელია ველოდები, რომ ვიღაც, სადღაც დაინახავს, თუ რამდენ შრომასა და მონდომებას ვდებ, არ ვჩერდები, ვთამაშობ, გამაქვს გოლები სხვადასვა ჩემპიონატებში რომ აი, ერთ დღეს, ვიღაც შემომხედავს და დააფასებს ჩემს შრომას, მაგრამ უშედეგოდ.

კვლავ უყურადღებობა, იგნორირება. რისთვის გინდა ფეხბურთელს კარიერა? - იმისთვის, რომ ერთხელ მაინც, შენი ქვეყნის მაისური ჩაიცვა. ეს სიამაყეა, როდესაც შენი ქვეყნისთვის უნდა გაისარჯო, მაგრამ ისევ იგნორი.

დრო გარბის და მეც მაქვს ძალიან სამართლიანი კითხვა - რატომ არ შეიძლება გამომიძახონ თუნდაც ამხანაგურ მატჩში? ვფიქრობ, რომ უსამართლოა ეს დამოკიდებულება და გადაწყვეტილება ჩემ მიმართ რასაც აკეთებენ.

არცერთ სხვა ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა, ხშირად მესმის სანიოლისგან, რომ ის ვიღაცებს აკვირდება, რომ თუ მოუმატებენ, არ გამორიცხავს მათ კანდიდატურას და მე? იცის ჩემი არსებობის შესახებ? ვიცი, რომ მედიამ ბევრჯერ დაუსვა კითხვა ჩემს შესახებაც, მაგრამ ბოლოს უთქვამს, გამოუძახებელ ფეხბურთელებზე კომენტარს არ გავაკეთებო! რატომ? მაქვს კითხვა - რატომ არ დაიმსახურა ლევან კუტალიამ, თუნდაც ერთხელ, სიაში მოხვედრა?!

პს მინდა წარმატებები ვუსურვო ბიჭებს ამ თამაშებში", - წერს ფეხბურთელი.

ცნობისთვის, ბოლო დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს ბევრი აკრიტიკებს. კრიტიკა განსაკუთრებით მძაფრია ესპანეთთან დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ.