რუსეთის ყოველდღიური მრავალტირაჟიანი გაზეთის „იზვესტიის“ (Известия) 5 ოქტომბრის ნომერში დაბეჭდილია ვრცელი ინტერვიუ „აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან“ ასლან ბჟანიასთან სათაურით „სამოკავშირეო სახელმწიფოში მონაწილეობა პასუხობს აფხაზეთის ინტერესებს“, რომელშიც იგი ჟურნალისტ ვალენტინ ლოგინოვს ესაუბრება რუსეთის როლზე "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის" გაძლიერებაში, მოსკოვ-სოხუმის ერთობლივ პროექტებზე, აფხაზეთის შესაძლო მონაწილეობაზე რუსეთ-ბელარუსის „სამოკავშირეო სახელმწიფოში“, ოჩამჩირეში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნაწილობრივ განთავსებაზე, ქართველებთან ურთიერთობაზე და ა.შ.
ინტერვიუში პირველი კითხვა ეხება აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ 30-ე წლისთავს, რომელზეც ასლან ბჟანია ასე პასუხობს: „1990 წელს აფხაზეთის რესპუბლიკამ სახელმწიფო სუვერენიტეტის დეკლარაცია მიიღო. 1992 წელს საქართველომ აფხაზეთის წინააღმდეგ აგრესია განახორციელა. დაიწყო აფხაზი ხალხის სამამულო ომი, რომლის შედეგად საქართველოსთან ყველანაირი სახელმწიფო და სამართლებრივი ურთიერთობა გაწყდა... ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობა რთულ პერიოდში დაიწყო და ფაქტიურად, დღესაც გრძელდება. რუსეთის მხრიდან ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ძალიან ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, რისთვისაც მადლობას ვუხდით რუსეთის ხელმძღვანელობას. რა თქმა უნდა, პრობლემებიც გვაქვს, მაგრამ სახელმწიფოს განვითარება წინ მიდის“.
ჟურნალისტის კითხვაზე, „აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ ხუთმა სახელმწიფომ აღიარა. რა მუშაობას ეწევა ამ მხრივ რესპუბლიკის ხელმძღვანელობა“, ასლან ბჟანია აღნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკაში ამ საკითხზე , რუსეთის დახმარებით ბევრ სახელმწიფოსთან მიდის მოლაპარაკება. „მე კონკრეტულ ქვეყნებს, გასაგები მიზეზების გამო არ დავასახელებ, რადგან ჩვენი არაკეთილმოსურნენი ხმაურს ატეხენ“.
„პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია ეხება რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკურ ურთიერთობას:
- რუსების დახმარებით აფხაზეთში მშვიდობა დამყარდა. რუსები იცავენ აფხაზეთის საზღვრებს, რუსეთი კოლოსალურ თანხებს ხარჯავს აფხაზეთისათვის. საავტომობილო გზა ფსოუდან ენგურამდე რუსეთის დახმარებით შეკეთდა. აიგო სკოლები, საავადმყოფოები, სანატორიუმები გუდაუთაში, ტყვარჩელში... ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია სოხუმის ვლადისლავ არძინბას სახელობის აეროპორტის აღდგენა. უკვე მოძებნილია ინვესტორი... და ეს ყველაფერი ხდება რუსეთის თანადგომით.
- პერიოდულად წარმოებს დისკუსია აფხაზეთის შესაძლო მონაწილეობაზე სამოკავშირეო სახელმწიფოს პროექტში. განიხილავს თუ არა სოხუმი „რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსადმი“ მიერთების შესაძლებლობას?
- არასტაბილურ მსოფლიოში რთულია ერთმა სახელმწიფომ სხვების დახმარების გარეშე იარსებოს. 2014 წელს ხელმოწერილ რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ რუსული მხარე ხელს შეუწყობს აფხაზეთის ჩაბმას პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებში. აფხაზეთის პერსპექტიული მონაწილეობა რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო ხელშეკრულების ჩარჩოებში, ვფიქრობ, ჩვენს ინტერესებს პასუხობს. ეს იქნება ჩვენი უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტი განმტკიცება.
- თავდაცვისუნარიანობის საკითხთან დაკავშირებით: სექტემბერში აფხაზი და რუსი მეომრების ერთობლივი წრთვნები ჩატარდა. არის თუ არა რაიმე გეგმები მოსკოვთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით?
- რუსეთთან ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის სფეროში უკვე ბევრი რამ არის გაკეთებული. ეს საკითხი მუდმივადაა დღის წესრიგში... ახლაც, აფხაზეთის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავის ზეიმის დროს ჩვენთან შემოვიდა რუსული რაკეტული ხომალდი, რომელიც ახალი აგებულია, ძალიან სერიოზული შესაძლებლობებით... ავედით მის ბორტზე და ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვით, უახლოეს ხანში ოჩამჩირის რაიონში იქნება რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტი. ყველაფერი მიმართულია ორივე მხარის - აფხაზეთისა და რუსეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისაკენ.
- საქართველო დღემდე ბრალს სდებს რუსეთს, რომ მან თითქოსდა აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა. როგორია დღეისათვის სოხუმ-თბილისს შორის ურთიერთობა? შენარჩუნებულია თუ არა რაიმე კავშირები - ეკონომიკური ან სოციალური?
- ეკონომიკური ურთიერთობა მხოლოდ ერთი მიმართულებითაა შენარჩუნებული - ენგურჰესით სარგებლობის საკითხში. ჩვენ ჰიდროელექტროსადგურს ერთობლივად ვიყენებთ. კაშხალი საქართველოს ტერიტორიაზეა, ელექტროენერგიის გამომუშავება კი აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე სადგურში ხდება. რაც შეეხება სხვა ასპექტებს, ჟენევის დისკუსიას თუ არ ჩავთვლით, ჩვენს შორის პრაქტიკულად არავითარი კონტაქტები არ არსებობს.
ჩვენ არ შეგვიძლია დავეთანხმოთ თეზისს, რომ აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არანაირად არ შეესაბამება სინამდვილეს. მაგრამ ვიღაცეებს, როგორც ჩანს, ამაზე საუბარი მნიშვნელოვნად მიაჩნიათ - იმიტომ, რომ ამ თეზისს მხარს უჭერენ საქართველოს მოკავშირეები - აშშ, დიდი ბრიტანეთი... მე ძალიან მოკლედ მოგიყევით, თუ რა სასიკეთო ცვლილებები მოხდა ჩვენს ეკონომიკაში რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შედეგად. განა ეს რამენაირად უკავშირდება ტერმინს „ოკუპაცია“? ამაზე კაცი ვერც გაიცინებს, მაგრამ დაე მათ ასე იფიქრონ.
- რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს. ხდება თუ არა რაიმე პროვოკაციები საქართველოს მხრიდან? რამდენად სტაბილურია საზღვრებზე არსებული ვითარება?
- რამდენადაც მე ვიცი, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება - მხედველობაში მყავს პრემიერ-მინისტრი (ირაკლი ღარიბაშვილი) და მისი გუნდი და არა პრეზიდენტი (სალომე ზურაბიშვილი) - ისინი პრაგმატიკოსები არიან და ამ თვალსაზრისით რაიმე დიდი პრობლემები (მათთან) არ გვქონია, ასე ვთქვათ. თუმცა ხანდახან, იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე, რომ ჩვენს საჰაერო სივრცეს არღვევენ არა იმდენად საქართველოს, არამედ ამერიკის მზვერავი თვითმფრინავები. ჩვენ ამ ფაქტებს ვაფიქსირებთ. თუმცა ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს დაზვერვა უმეტესად აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინტერესებშია და რაღაც ნაწილით - საქართველოს ინტერესებშიც. მაგრამ რადგანაც საქართველოს ხელმძღვანელობა შესაბამის ყურადღებას უთმობს თავის შეიარაღებულ ძალებს, ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დაბრუნების საკითხი თბილისში დღის წესრიგიდან არავის არ მოუხსნია. საერთოდ, ჩვენ არავის პროვოცირებას არ ვაპირებთ, ვიცით, თუ რა გვჭირდება და როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ამასთან, მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა, რომ აფხაზეთი დაინტერესებულია მშვიდობით და კეთილმეზობლური ურთიერთობით. თუმცა ამ შემთხვევაში „ბურთი მათ (ქართველების) მხარეზეა“.
- აფხაზეთში რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტეტი არსებობს. რამდენმა ადამიანმა ისარგებლა რეპატრიაციის პროგრამით და როგორ შეაფასებდით საზღვარგარეთ მცხოვრები აფხაზების სამშობლოში დაბრუნების ინტერესს?
- პროგრამით უკვე დაახლოებით 10 ათასმა რეპატრიანტმა ისარგებლა. ბოლო დროს, სირიაში სამხედრო მოქმედებების გამო, 500 ადამიანი აფხაზეთში ჩამოვიყვანეთ. ჩვენ ამ მიზნით საკმაოდ მნიშვნელოვან სახსრებს ვხარჯავთ: ხელს ვუწყობთ მათ ინტეგრაციას ახალ პირობებში. ბევრს უკვე აქვს სამუშაო, გამოეყოთ მიწის ნაკვეთები, მათთვის აშენებულია მრავალბინიანი სახლები.... პროცესი გრძელდება და მას მუდმივად ყურადღებას ვაქცევთ. განაგრძეთ კითხვა