ავტორი:

"აფხაზეთში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაიხსნება" - ბჟანია

"აფხაზეთში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაიხსნება" - ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა.

"ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება“, - განაცხადა ბჟანიამ.

თბილისთან ურთიერთობაზე საუბრისას ბჟანიამ აღნიშნა, რომ თანამშრომლობა მხოლოდ ენერგეტიკის სფეროში არსებობს.

"ურთიერთობა ხდება ერთი მიმართულებით - ეკონომიკის კუთხით, ენგურჰესი. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ამ სადგურზე, კაშხალი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, თავად სადგური კი აფხაზეთის ტერიტორიაზეა. რაც შეეხება სხვა ასპექტებს, ჟენევის დისკუსიების გარდა, კონტაქტები პრაქტიკულად არ არსებობს“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა.

მისი თქმით, საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები „პრაგმატისტები“ არიან.

"საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა, ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს, და არა საქართველოს პრეზიდენტს, პრაგმატული ხალხია და ამ თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, ასეთი დიდი პრობლემები არ ყოფილა. მაგრამ ხანდახან ხდება, რომ არა იმდენად ქართული, რამდენადაც ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები არღვევენ საჰაერო სივრცეს, ჩვენ ამ საკითხს ვაფიქსირებთ, მაგრამ ცხადია, რომ ეს დაზვერვა ხორციელდება შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების და გარკვეულწილად საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ბჟანიამ.