ავტორი:

"პრეზიდენტს წინა წელსაც არ ჰქონდა ვიზიტზე თანხმობა, მაგრამ წავიდა - მისი განცხადებები კრიტიკა რომ არ ყოფილიყო, წასვლა ამ ჯერზეც ეპატიებოდა?" - მანანა კობახიძე ირაკლი კობახიძეს

"პრეზიდენტს წინა წელსაც არ ჰქონდა ვიზიტზე თანხმობა, მაგრამ წავიდა - მისი განცხადებები კრიტიკა რომ არ  ყოფილიყო, წასვლა ამ ჯერზეც ეპატიებოდა?" - მანანა კობახიძე ირაკლი კობახიძეს

პრეზიდენტს წინა წელსაც არ ჰქონდა ვიზიტზე თანხმობა, მაგრამ წავიდა და იმპიჩმენტი არ დაინიცირდა - უნისონში თუ იქნებოდა მისი ყველა პოლიტიკური განცხადება და არ იქნებოდა კრიტიკა, ამ ჯერზეც ეპატიებოდა ეს წასვლა? - ამ კითხვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განსახილველ სხდომაზე.

მანანა კობახიძე მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან დაინტერესდა უფრო მეტი მტკიცებულებით იმის თაობაზე, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება "ქართული ოცნებისგან“ პოლიტიკური უთანხმოებით არაა გამოწვეული და მისი რეალური მიზეზი არის იმ დონის დარღვევა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობისთვის შეუთავსებელია.

"მე, როგორც ერთი მოსამართლე, მინდა დავრწმუნდე, რომ ეს [იმპიჩმენტის დაწყება] არა პოლიტიკური ანგარიშსწორებით და პოლიტიკური უთანხმოებითაა გამოწვეული, არამედ მიგაჩნიათ, რომ იმ დონის დარღვევაზეა საუბარი, რომლის ჩადენის და სამართლებრივად დადასტურების შემთხვევაში წარმოუდგენელი და შეუთავსებელი შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე დატოვება.

გარდა ამისა, გუშინ მაგალითი მოიყვანეთ, რომ მოლდოვაში იყო შემთხვევა, როდესაც მოლდოვის მთავრობა იყო პროევროპული და პრეზიდენტი ამ დროს დადიოდა რუსეთში ვიზიტებზე. კურსებს შორის იყო შეუთავსებლობა. ამ შემთხვევაში საქმე სხვანაირადაა - მთავრობის გაცხადებული კურსია, რომ პროევროპულია, ამავე დროს პრეზიდენტიც ამბობს, რომ სურს წავიდეს ვიზიტებზე, მოგმართავთ რომ ხელი შეუწყოს ამ გეგმის განხორციელებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციაში გვაქვს ეს კურსი გაწერილი, თითქოს ყველაფერი ცხადია. ამ დროს ფაქტებია, რომ წინა წელსაც არ იყო თანხმობა, მაგრამ წავიდა და იმპიჩმენტი არ დაინიცირდა. როდესაც დღეს ხდება ეს. ამ ქმედებებში რა არის ისეთი საფრთხისშემცველი, რა დადგა შედეგის თვალსაზრისით, რამაც თქვენ არა პოლიტიკური ანგარიშსწორებიდან გამომდინარე, არამედ უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე მობრძანდით. რა არის ის, რაც გიბიძგებთ იმისკენ, რომ ეს ადამიანი, პრეზიდენტი უღირსი და შეუფერებელია თანამდებობისთვის? როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, საქმის მასალებს ვეყრდნობით, როდესაც გვეუბნებით, რომ შარშანაც იყო ფაქტები, რომ თანხმობა არ მიეცით, მაგრამ წავიდა, მაშინ იმპიჩმენტი არ დაინიცირდა.

უნისონში თუ იქნებოდა მისი ყველა პოლიტიკური განცხადება, მისი ყველა ნაბიჯი, არ იქნებოდა კრიტიკა, ეპატიებოდა ამ ჯერზეც ეს წასვლა?

შეგრძნება მრჩება, რომ სასამართლოში მეტი მტკიცებულებები უნდა გაცხადდეს, რომ ნამდვილად დარღვევაზე გვქონდეს საუბარი“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.