მოსკოვის ბასმანის სასამართლომ "პირველი არხის" ყოფილ რედაქტორს, მარინა ოვსიანიკოვას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა და დამნაშავედ ცნო "სამხედრო ფეიკების" გავრცელებაში. ოვსიანიკოვა დანაშაულს არ აღიარებს. პროკურატურა ოვსიანიკოვასთვის, ცხრა ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
ქალს ბრალი ედებოდა პოლიტიკური სიძულვილის საფუძველზე რუსული არმიის შესახებ "ფეიკების“ გავრცელებაში. სისხლის სამართლის საქმის მიზეზი ქალის მიერ 2022 წლის ივლისში ჩატარებული ერთკაციანი აქცია გახდა. მარინა ჯერ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა, შემდეგ კი სოფისკაიას სანაპიროზე კრემლის მოპირდაპირე მხარეს დადგა და ხელში ტრანსფარანტი დაიკავა, რომელზეც უკრაინაში მოკლული ბავშვების ფოტოები იყო წარწერით: "352 ბავშვი დაიღუპა. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ გაჩერდე?” - ასე მიმართავდა ის პუტინს პოსტერით.
პროკურატურის თქმით, ამ ქმედებებით ოვსიანიკოვამ "შექმნა საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბების რეალური საფრთხე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმართ“.
ამ ამბების შემდეგ, ოვსიანიკოვა დააკავეს და შინაპატიმრობაში გაამწესეს, მაგრამ მალე მან და მისმა ქალიშვილმა რუსეთი დატოვეს.
მედიის ინფორმაციით, სასამართლოს ესწრებოდა ოვსიანიკოვას ოჯახის წევრები, მათ შორის მისი ყოფილიქმარი იგორი, ვაჟი კირილი და დედა ალია ტკაჩუკი.
იგორ ოვსიანიკოვმა სასამართლოში თქვა, რომ ყოფილი მეუღლის პროტესტის შემდეგ, მან შეიტანა სარჩელი მშობლის უფლებების ჩამორთმევის შესახებ და ასევე დაუკავშირდა პოლიციას მისი ქალიშვილის გაუჩინარების შესახებ განცხადებით.
ოვსიანიკოვას დედამ თქვა, რომ ის უყურებს ამბებს ოფიციალური წყაროებიდან და არ სჯერა, რომ რუსეთის არმიას შეუძლია ბავშვების მოკვლა.