პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში საწოლი ბაღლინჯოების მასშტაბურმა გავრცელებამ ენტომოფობიის (მწერების ფობიის) ტალღა გამოიწვია, საზოგადოება პანიკაშია. ამასთანავე, მწვავედ წამოჭრა სისუფთავისა და ჰიგიენის საკითხი, განსაკუთრებით 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშების კონტექსტში, რომელსაც საფრანგეთი უმასპინძლებს.
"ყოველ ჯერზე, ზაფხულის ბოლოს, ბაღლინჯოების რაოდენობა შესამჩნევად იზრდება... ეს იმით არის განპირობებული, რომ ივლისსა და აგვისტოში ხალხი ბევრს მოგზაურობს. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ კი ეს მწერები ბარგით შემოჰყავთ. გარდა ამისა, ადრეულ წლებში ფართოდ გამოიყენებოდა ისეთი ძლიერი ინსექტიციდები, როგორიცაა DDT. მათი გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის გამო აიკრძალა. შედეგად, ბაღლინჯოების რაოდენობამ იმატა", - ამბობს მარსელის ცენტრალური საავადმყოფოს ენტომოლოგი ჟან-მიშელ ბერანჟე. მისი თქმით, ეს პრობლემა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება, მაგრამ ბოლო კვირების განმავლობაში ბაღლინჯოების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.
მწერების შემოსევის პირველი შემთხვევა კინოთეატრებში დაფიქსირდა. ხალხი ვიდეოებსა და ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებდა და ხელისუფლებას შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდა.
ბაღლინჯოებს პოულობენ სახლებში, სასტუმროებში, მეტროებში, ჩქაროსნულ მატარებლებში და აეროპორტებში.
ამ დროისთვის, როგორც ჩანს, საფრანგეთის დედაქალაქი პრობლემის მოგვარების მცდელობის საწყის ეტაპზეა.
”სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა ამ უბედურების წინააღმდეგ, რადგან საფრანგეთი 2024 წლის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყანაა“, - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილე ემანუელ გრეგუარმა.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ოფიციალური მონაცემებით, ყოველი მეათე მოსახლის საცხოვრებელ სახლში შეიძლება ბაღლინჯოების პოვნა.
ამის გამო 2018 წელს, პარიზში 400 000 შენობის დეზინფექცია განხორციელდა - მათ შორის სასტუმროების, აპარტამენტებისა და სახლების.