ავტორი:

9 წლის შარლოტა სენის გატაცების უცნაური ამბავი - როგორ მიაგნეს გამტაცებელს და როგორია ბავშვის მდგომარეობა?

9 წლის შარლოტა სენის გატაცების უცნაური ამბავი - როგორ მიაგნეს გამტაცებელს და როგორია ბავშვის მდგომარეობა?

ნიუ-იორკის შტატის პოლიციამ 9 წლის დაკარგული გოგონა, შარლოტა სენა იპოვა. ბავშვი კვირას მეგობრებთან ერთად ველოსიპედით სეირნობისას დაიკარგა. გამტაცებლის იდენტიფიცირება პოლიციამ იმ თითის ანაბეჭდის საშუალებით მოახერხა, რომელიც გამოსასყიდის მოთხოვნის ბარათზე დარჩა.

გაუჩინარებიდან ორი დღის განმავლობაში შარლოტას არა მხოლოდ პოლიცია და ახლობლები, არამედ ასობით მოხალისე ეძებდა. საქმე წინ წავიდა, როდესაც შარლოტას სახლის მისამართზე ბარათი გაგზავნეს, გამტაცებელი გამოსასყიდის გადახდას ითხოვდა.

როდესაც პოლიციამ ქაღალდზე დარჩენილი თითის ანაბეჭდები იპოვა, ბაზაში შეყვანის შემდეგ, ის ერთ-ერთი პიროვნების ანაბეჭდს დაემთხვა. პოლიციას ეს კაცი 1999 წელს უკვე ჰყავდა დაკავებული, საჭის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო.

47 წლის კრეიგ ნელსონ როსი დედის სახლში იპოვეს. მან წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ მალევე დააკავეს. გოგონა კი კარადაში გამოკეტილი ნახეს.

"ის მიხვდა, რომ მის გადასარჩენად ოპერაცია მიმდინარეობდა და იცოდა, ახლა უსაფრთხოდ იყო. რაც მოხდა წარმოუდგენელია“, - განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორმა ქეთი ჰოჩულმა პრესკონფერენციაზე.

ექიმები აცხადებენ, რომ გოგონას ფიზიკური მდგომარეობა კარგია, თუმცა მან განიცადა ძლიერი სტრესი.

  • რა მოხდა იმ დღეს?

გასულ შაბათ-კვირას, შარლოტას ოჯახი და მეგობრები სახელმწიფო პარკში, მოროს ტბასთან დაბანაკდნენ. ეს ადგილი ძალიან პოპულარულია კემპინგის მოყვარულებში. შაბათს საღამოს შარლოტამ და რამდენიმე თანატოლმა გადაწყვიტეს ველოსიპედით ესეირნათ პარკში. გარკვეული პერიოდის შემდეგ შარლოტას მეგობრები კარვებში დაბრუნდნენ, გოგონამ კი გადაწყვიტა ბოლო წრე მარტოს შემოევლო, რის მერეც გაუჩინარდა.

ახლობლების თქმით, ამ დროს ჯერ არ დაღამებულიყო, ისინი ბანაკში სადილისთვის ემზადებოდნენ. მას შემდეგ, რაც შარლოტას მეგობრები დაბრუნდნენ, დრო გადიოდა, გოგონა კი არ ჩანდა. მშობლებმა განგაში ატეხეს.

თავიდან ნახევარი საათის განმავლობაში ოჯახი და მეგობრები მას დამოუკიდებლად ეძებდნენ, ხოლო შემდეგ დარეკეს 911-ზე.

სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობდნენ: სამძებრო-სამაშველოს 400 თანამშრომელი, FBI-ის აგენტები, მეხანძრეები და კერძო სამძებრო კომპანიები. პარკში შარლოტას ველოსიპედი იპოვეს, მაგრამ არ არსებობდა კვალი, რომელიც იმაზე მეტყველებდა, თუ რა დაატყდა გოგონას თავს...

ბავშვების გაუჩინარების შემთხვევაში, პოლიცია პირველ 48 საათს მიიჩნევს მნიშვნელოვნად მათი გადარჩენისთვის.

ეროვნული პარკის ტერიტორია გადაკეტეს, მანქანები გაჩხრეკეს, მაგრამ გოგონა უკვალოდ გაქრა. პირველი 48 საათი თითქმის გასული იყო, მაგრამ პოლიციას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ინფორმაცია გაუჩინარებული ბავშვის შესახებ. სწორედ ამ დროს სენების ოჯახის საფოსტო ყუთში ბარათი ჩააგდეს.

  • იყო თუ არა გოგონა შემთხვევითი მსხვერპლი?

ჯერჯერობით უცნობია, რატომ აირჩია კრეიგ როსმა შარლოტა მსხვერპლად, რატომ სჯეროდა, რომ მის მშობლებს შეეძლოთ გამოსასყიდის გადახდა და საიდან იცოდა მათი სახლის მისამართი.

პოლიცია ეჭვობს, რომ კაცი მანამდეც აკვირდებოდა ოჯახს, რადგან მანქანა რომელსაც როსი მართავდა, რეგისტრირებული იყო იმავე უბანში, სადაც სენსები ცხოვრობენ.

ასევე უცნობიაგაიტაცა შარლოტა ფულის აღების მიზნით, თუ გამტაცებელს ეს იდეა მოგვიანებით გაუჩნდა.

ცნობილია, რომ გოგონას გაუჩინარებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში, GoFundMe პლატფორმაზე შეიქმნა გვერდი, სადაც მოხალისეები ძიების ოპერაციის დასახმარებლად თანხას აგროვებდნენ. ანგარიშზე ძალიან სწრაფად შეგროვდა $17,000. გამტაცებელს შეეძლო ამის ნახვა ინტერნეტში და შესაძლოა მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა გამოსასყიდის მოთხოვნა.

ნიუ-იორკის შტატის პოლიცია იმედოვნებს, რომ ამ კითხვებზე პასუხებს დაკავებულის დაკითხვისას მიიღებს.

წყარო