ავტორი:

"პანდემიისას გაგვიმართლა, რომ გვქონდა ნავი, რომლითაც კვიპროსისა და ამალფის სანაპიროებთან ვცურავდით" - რას ჰყვება დავით კეზერაშვილის ცოლი უცხოურ გამოცემასთან ოჯახსა და კარიერაზე?

"პანდემიისას გაგვიმართლა, რომ გვქონდა ნავი, რომლითაც კვიპროსისა და ამალფის სანაპიროებთან ვცურავდით" - რას ჰყვება დავით კეზერაშვილის ცოლი უცხოურ გამოცემასთან ოჯახსა და კარიერაზე?

ბრიტანული გამოცემა citizen-femme საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მეუღლესთან ინტერვიუს აქვეყნებს. რუბრიკას ჰქვია "როგორ აკეთებს ის ამას", ჟურნალისტი წერს, რომ სილამაზის ფილოსოფიაზე, ოჯახზე, მოგზაურობაზე და მის ბრენდზე, Code 8 Beauty -ის დამფუძნებელს სოფია ჩიქოვანს ესაუბრა. "ის სამი შვილის დაკავებული დედაა, მაგრამ ახერხებს ჰქონდეს საკუთარი თავისთვის დრო, მოგზაურობს შვილებთან ერთად ან მათ გარეშე..." - წერს გამოცემა.

ინტერვიუ გაცნობითი ხასიათის კითხვით იწყება, სადაც ქალი ოჯახის შესახებ საუბრობს...

სოფია ჩიქოვანი:

- მე ვარ მაკიაჟის ბრენდის Code8-ის მფლობელი და კრეატიული დირექტორი, რომელიც ოთხი წლის წინ შევქმენი. ბოლო 10 წელია მე და ჩემი ოჯახი ლონდონში ვცხოვრობთ 3 შვილთან ერთად, მათი ასაკია: 21, 16 და 7. მანამდე საქართველოში ვცხოვრობდით, საიდანაც ვართ წარმოშობით მე და ჩემი მეუღლე.

მუშაობა 19 წლის ასაკში დავიწყე. ვსწავლობდი უნივერსიტეტში და თან სამსახური მქონდა. ყოველთვის მინდოდა, რომ სწავლის პარალელურად პრაქტიკული გამოცდილებაც მქონოდა. 2001 წელს დავაარსე ინტერიერის დიზაინის კომპანია, რადგან დიზაინი და არქიტექტურა ყოველთვის მხიბლავდა - ეს ორივე მიმართულება კვლავაც იკავებს მნიშვნელოვან როლს ჩემს ცხოვრებაში. დღესაც შემიძლია საათობით ვეძებო სახლების დეკორაციის ვარიანტები. 2017 წელს კოსმეტიკის სამყაროში შევაბიჯე და 2019 წელს დავიწყე Code8-ის გამოშვება.

- რა არის შთამაგონებელი თქვენს კარიერაში?

- გამოწვევები და მცირე წარმატებები. ამის გარეშე ძნელია იყო მოტივირებული და გაიზარდო, როგორც პიროვნება. მიხარია გამოწვევები და ძალისხმევასა და შრომისმოყვარეობას არ ვიშურებ მათ დასაძლევად. არ აქვს მნიშვნელობა ეს არის პირადი, თუ სამსახურთან დაკავშირებული.

- სამი რამ, რაც გეხმარებათ დროის სწორად გადანაწილებაში?

- ჩემი მობილური ტელეფონი, რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე კომფორტული ფეხსაცმლისა და ნოუთბუქის გარეშე ვერ გავძლებდი.

- რას ურჩევდით იმ დედებს, რომლებიც დაკავებულები არიან?

- იყავით მიმტევებელი საკუთარი თავის მიმართ. იპოვეთ ბალანსი. რთულია, მაგრამ სწორად გაანაწილეთ დრო და ენერგია. ჩემი ბიზნესი ჩემი მე-4 შვილია, მას ისევე სჭირდება სიყვარული, ზრუნვა და ყურადღება, როგორც ჩემს შვილებს. მათ ნამდვილად ესმით, რომ მე მშრომელი დედა ვარ და ისინი აფასებენ იმას, რაც საჭიროა ბრენდის შესაქმნელად, ისინი ძალიან მეხმარებიან და ამაყობენ ჩემით.

- შეიცვალა თუ არა თქვენი კარიერული მიზნები და მისწრაფებები მას შემდეგ, რაც დედა გახდით?

- 25 წლის ვიყავი ჩემი პირველი შვილი დაიბადა, იმავე წელს დავაარსე ინტერიერის დიზაინის კომპანია. ჩემი ოჯახი და კარიერა, ფაქტობრივად, ერთად "იზრდებოდა". ჩემი კარიერული მიზნები და მისწრაფებები თავიდანვე ჩამოყალიბდა იმით, რომ დაკავებული დედა ვიყავი, ყველაფერი ერთდროულად მოხდა და ეს იყო გამოწვევა. უკან რომ ვიხედები, ვამბობ, რომ ზედმეტად არ მიფიქრია რაღაცებზე - დრო არ მქონდა, რაც საუკეთესო იყო!

- თუ თავისუფალი დღე გაქვთ, საკუთარი თავისთვის, რას აკეთებთ?

- ყველაზე დიდ კმაყოფილებას ყოველდღიურობა მანიჭებს, როგორც "დღე საკუთარი თავისთვის“, იქნება ეს მარტო, ოჯახთან ერთად თუ ოფისში. ეს მთლიანად ჩემს განწყობაზეა დამოკიდებული, მაგრამ ყველაფერი, დაწყებული შოპინგით და დასრულებული სახლში ჯდომითა და წიგნების კითხვითა თუ სერიალის ყურებით, ყოველთვის იმით არის ნაკარნახევი, თუ როგორ ვგრძნობ თავს იმ დღეს. არ ვარ წინასწარ დაგეგმვის მოყვარული, მომწონს ცხოვრება ყოველი მომენტით...

- რომელია საუკეთესო შვებულება, რომელიც ბავშვებთან ერთად გაატარეთ.

- მიყვარს ჩემი შვილები, მაგრამ შვებულებს, პირველ რიგში, ჩემთვის არის დასვენება. პანდემიის დროს გაგვიმართლა, რომ გვქონდა ნავი, რომელითაც კვიპროსსა და ამალფის სანაპიროს გარშემო ვცურავდით.

- საოცნებო ოჯახური დასასვენებელი ადგილი და რატომ?

- პერუ. მარიო ვარგას ლიოსა გამო - ჩემი საყვარელი ცოცხალი მწერალია. ის, თუ როგორ აღწერს პერუს თავის რომანებში, მაიძულებს თვითმფრინავში ჩავჯდე... სწორედ ამ წამს უკვე შემიძლია წარმოვიდგინო ლიმა, მირა ფლორესი, კუსკო, სია გრძელია. ვოცნებობ, ბელმონდ ჰირამ ბინგჰემის მატარებლით კუსკოდან წმინდა ველის გავლით მაჩუ-პიქჩუს შესასვლელამდე ვიმგზავრო.

თუმცა, იტალია არის ჩემი ყველა დროის ნომერ პირველი ტურისტული ადგილი მსოფლიოში. არ აქვს მნიშვნელობა სეზონს ან ქალაქს. ისე, ჩემი საყვარელი ქალაქი ფლორენციაა.

- რა რჩევებს მისცემდით სხვა დედებს?

- იყავით მომთმენი და ეცადეთ არ დაისტრესოთ. როდესაც სტრესს განიცდით, ეს გავლენას ახდენს როგორც თქვენს სამუშაოზე, ასევე თქვენს ოჯახზე. ეს ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ უნდა ვეცადოთ დავაბალანსოთ სამუშაო და ოჯახური ცხოვრება. რაც შეიძლება მეტად დავეყრდნოთ თითოეულს, როგორც და როცა საჭიროა. როდესაც ბავშვები დედას ბედნიერსა და ენერგიით სავსეს ხედავენ ეს მათ მოტივაციას აძლევს. ასევე დაუთმეთ დრო საკუთარ თავს და ნუ იგრძნობთ თავს დამნაშავედ იმის გამო, რომ მათ გარეშე შვებულებაში წასვლას გეგმავთ. დედების უმეტესობა არც კი ოცნებებს მსგავსზე, მაგრამ გარწმუნებთ, ამას დააფასებთ, როგორც კი ნახავთ, თუ რა სარგებელი მოაქვს ამ ყველაფერს თქვენი დაბრუნების შემდეგ.

როგორ გააკეთო ეს? - უბრალოდ გააკეთე, მიჰყევი დინებას. მე ასე მოვიქეცი და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. "არანაირი სტრატეგია = სტრატეგიას“

წაიკითხეთ ასევე: