ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი მურმან ჯინორია, ასევე ქართველი მსახიობი, სახალხო არტისტი ლეო ანთაძე თბილისის საპატიო მოქალაქედ დასახელდნენ. ჯილდო მათ თბილისის მერმა "თბილისობის" მთავარ ღონისძიებაზე გადასცა.
"ჩემთვის დიდი პატივია ეს ჯილდო. ორი წლის წინ რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება მომანიჭეს და დღეს თბილისის, ძალიან ბედნიერი ვარ. გილოცავთ ყველას "თბილისობას" - აღნიშნა ლეო ანთაძემ.
"არ ვიცი რა ვთქვა, იმდენად ვარ გახარებული. მოულოდნელია ჩემთვის. ბატონო კახი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა ღმერთს, რომ ამდენი რამ გამაკეთებინა ამ 50 წლის განმავლობაში. მადლობა ჩემს ოჯახს, რომ გვერდში მიდგას, მადლობა ჩემს ძვირფას მაყურებელს, თქვენი გულისთვის გავაკეთე ყველაფერი, რაც ღმერთმა შემაძლებინა" - აღნიშნა მურმან ჯინორიამ.
ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
"რაც დრო გადის, მით უფრო ძვირფასი ხდება დღე, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებულ და საყვარელ ქალაქს, საქართველოს გულსა და სულს, ჩვენს დედაქალაქს, თბილისს ეძღვნება. „თბილისობა“ ის ტრადიციაა, რომელსაც ერთნაირი სითბოთი და სიხარულით აღნიშნავს დიდიც და პატარაც, ამ დღეს ელოდება ქალაქის მკვიდრიც და სტუმარიც, ქართველიც და უცხოელიც, ყველას თავისი წილი თბილისი აქვს გულში და საქართველოს დედაქალაქიც ყველას გვეძვირფასება.
ჩვენს ქალაქს, ერთი შეხედვით, ამოუცნობი მიზიდულობის ძალა აქვს. დამეთანხმებით, რომ ეს ჭაღარა, უძველესი თბილისი საოცრად ახალგაზრდული და თანამედროვეა, სიცოცხლითა და სიხარულით, გრძნობებითა და ემოციებით სავსე ქალაქია. აქ 16 საუკუნეა, ერთმანეთის მხარდამხარ მოდიან სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომელთაც უყვართ და ეიმედებათ ერთმანეთი, ერთად ოცნებობენ საკუთარი ქალაქის საუკეთესო მომავალზე და ერთად ცდილობენ, ეს ქალაქი გააფერადონ, საკუთარი ფერი შესძინონ და იქ, სადაც სიყვარულია, მოგეხსენებათ, შეუძლებელი არაფერია.
მეამაყება, რომ თბილისელების არჩევანით მაქვს შესაძლებლობა, ვიყო ამ ქალაქის მერი. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი ვალდებულება ჩემთვის. ძალიან კარგად მაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს, იყო უძველესი და ულამაზესი ქალაქის მერი. ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და თბილისელების წინაშე აღებული ვალდებულებებია, თუმცა ამ ყველაფერს თან სდევს დიდი სიამოვნებაც, რომელიც თბილისის საპატიო მოქალაქის დასახელების ცერემონიას უკავშირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.