ავტორი:

"შრომაში გართულს გამოეპარა ფილტვების უსიცხო ანთება... ამჟამად იმყოფება მართვით სუნთქვაზე, გთხოვთ ილოცეთ მისთვის" - რას ჰყვებიან მამა თეიმურაზზე, რომლის ამბავმა სოცქსელი გააერთიანა

"შრომაში გართულს გამოეპარა ფილტვების უსიცხო ანთება... ამჟამად იმყოფება მართვით სუნთქვაზე, გთხოვთ ილოცეთ მისთვის" - რას ჰყვებიან მამა თეიმურაზზე, რომლის ამბავმა სოცქსელი გააერთიანა

"მაშინ როცა სოფლებიდან ახალგაზრდები გარბიან დიდ ქალაქებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მაშინ როცა პირადი კომფორტი და მიწიერი წარმატება ემნიშვნელოვანება ახალგაზრდების 99.9% აი ასეთ დროს, 22-23 წლის ახალგაზრდა თეიმურაზ ქორიძე წავიდა საგარეჯოში, ეკურთხა დიაკვნად და იქვე დაიწყო მსახურება, გახდა მღვდელი და სოფლის მოძღვრად ყოფნა გადაწყვიტა, სოფელს მიაშურა, ტაძარი აღადგინა, ხალხის სულისთვის ზრუნვას დაეწაფა და არა პირად კეთილდღეობას... დღეს ეს ახალგაზრდა მოძღვარი, ეს 29 წლის კაცი, კარგი ცოლ-შვილის პატრონი, ცუდად არის, ძალიან ცუდად, მართვით სუნთქვაზეა რეანიმაციულ განყოფილებაში... ვისაც გწამთ ღმერთი, ილოცეთ უძლურებასა და სნეულებაში მყოფი მღვდელი თეიმურაზისთვის, ვისაც რწმენის ნაკლებობა გაქვთ, მათ კი გთხოვთ უბრალოდ თქვენს გულში უსურვეთ გამოჯანმრთელება ამ კეთილ ადამიანს, ბავშვივით წრფელს და მრავალთათვის მიწიერ ანგელოზად მდგომს" - სოციალურ ქსელში თეიმურაზ ქორიძის შესახებ გავრცელებულ ამ პოსტს უამრავი ადამიანი აზიარებს. როგორია ახალგაზრდა მოძღვრის მდგომარეობა, ამაზე მის ახლობელს გავესაუბრეთ.

ბესიკ გამყრელიძე...

- მღვდელი თეიმურაზ ქორიძე, ბრძანდება ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქიის მღვდელმსახური, მან დიდი წვლილი შეიტანა სოფელ ჩაილურის ტაძრის აღდგენაში, იგი ამ ეპარქიაში მსახურობს 2016 წლიდან და მას შემდეგ ძალიან შეაყვარა თავი საგარეჯოს მოსახლეობას, თავისი გულწრფელობით, უანგარო შრომით, მრევლისადმი დიდი სიყვარულით და უსაზღვრო პატიოსნებით. იგი იქცა მორწმუნეთათვის ძვირფას მოძღვრად, რომლის ბაგეც დღენიადაგ ქადაგებს ქრისტეს სიტყვას.

თბილისში დაბადებულმა და აღზრდილმა ახალგაზრდამ, დაოჯახებისთანავე გადაწყვიტა, რომ სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ, სოფლის მოძღვარი გამხდარიყო, განა ეს ცოტაა მაშინ, როცა თვით სოფლიდან გარბიან ადგილობრივი ახალგაზრდები?!

მისი თხოვნით ჩაილურის ტაძრის მრევლისათვის, მუსიკოლოგმა და გალობის დიდებულმა მცოდნემ, თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის გალობის პედაგოგმა ლაშა ზაალიშვილმა დაიწყო გალობის გაკვეთილების ჩატარება, რითაც მეტი სიცოცხლე შეიძინა სულიერმა ცხოვრებამ საგარეჯოს რაიონში, განა ეს ცოტაა?! 29 წლის მამა თეიმურაზის უანგარო ღვაწლი, მისი ტკბილი სიტყვა ბევრ ადამიანს უნერგავს ან უათკეცებს ღვთისადმი სასოებას, დღეს იგი მწვავე პნევმონიით გახლავთ რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა რაც შრომაში გართულს, ასე ვთქვათ გამოეპარა თავისი ჯანმრთელობის უეცარი შესუსტება და ფილტვების უსიცხო ანთება, რის შედეგადაც გუშინ წინ, 28 სექტემბერს იქნა ჰოსპიტალიზებული თბილისში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში. მედიკოსების თქმით, მდგომარეობა მეტად მძიმეა და ყველაფერი დამოკიდებულია თვით პაციენტის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარზე, მღვდელი თეიმურაზ ქორიძე ამჟამად იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ხელოვნური კომის პირობებში.

ეს ახალგაზრდა მოძღვარი, ვით მიწიერი ანგელოზი ასე იცავს და მფარველობს მისდამი ღვთისგან მინდობილ სამწყსოს, დღეს მას ლოცვა სჭირდება, ერისა და ბერის ლოცვა.

გთხოვთ მოიხსენიოთ ლოცვაში უძლურებასა, სნეულებასა და განსაცდელსა შინა მყოფი მღვდელი თეიმურაზი, დაე უფალმა ისმინოს ჩვენი ლოცვა და განუგრძოს მას მიწიერი ცხოვრების წლები მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ.