დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას და თბილისის სტუმრებს "თბილისობა“ მიულოცა.
ორბელიანის მოედანზე "თბილისობის" ღონისძიებებს კალაძე თავის ვაჟთან და მერის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო.
კახა კალაძემ წარმოდგენილი ინსტალაციები დაათვალიერა, თეატრალიზებულ პერფორმანსსა და გასტრონომიულ კუთხეს გაეცნო.
"მინდა ყველას, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს, ადგილობრივ მცხოვრებლებს და თბილისის სტუმრებს მივულოცო დღევანდელი დღე. ხედავთ, როგორი სასიამოვნო გარემოა, უამრავი ადამიანია გამოსული. დღეს და ხვალ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართება ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე, რიყის პარკში, აბანოთუბანში. ამინდი და განწყობა შესანიშნავია, მობრძანდით, ყველას გელოდებით.
რა შეიძლება გისურვოთ დღევანდელ მოცემულობაში? - პირველ რიგში მშვიდობა, რადგან მშვიდობას მართლაც არ აქვს ალტერნატივა. ასევე ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება, რათა ამ ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში მცხოვრები ადამიანები იყვნენ ბედნიერები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში, როგორც ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, რიყის პარკსა და აბანოთუბანში „თბილისობის“ აღმნიშვნელი მრავალფეროვანი გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, გასტრონომიული ფესტივალები, გამოფენა-გაყიდვები და საბავშვო აქტივობები.
ნახეთ ფოტოები: