ქრისტინე იმედაძემ ია ფარულავასთან სტუმრობისას მასზე აგორებულ ჭორებზე ისაუბრა. იამ გაიხსენა ერთი ფაქტი, როდესაც ტელეწამყვანს ცნობილი ქალის ქმრის საყვარლობას აბრალებდნენ. იას თქმით, შესაძლებელია ეს იმ ქალმა თავადაც მოიგონა.
ია ფარულავა:
- ერთი ჭორი იყო, ერთ-ერთი ცნობილი ქალბატონის ქმართან ვითომ რომანი გქონდა, ძალიან საწყენი იყო. მე მგონი ეგ ჭორი იმ ქალმა თვითონ მოიგონა.
ქრისტინე:
- საერთოდ ხომ ამბობენ, რომ კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს, ეგ არის არასწორი მიდგომა. არსებობს ჭორები, რომელიც არის გამიზნული და ჰაერიდან ითხზება. შენ ვინც იგულისხმე, იმ ადამიანს უბრალოდ არ ვიცნობ და თუ შემხვედრია იმ მეუღლესთან ერთად.
ია:
- წლების განმავლობაში მაბრალებდნენ ბადრი პატარკაციშვილის საყვარლობას. ბოლოს გავიცანი ეს კაცი, ღმერთმა აცხონოს, თავისივე სასახლეში წვეულება ჰქონდა. მისი მეუღლე მოვიდა და მითხრა, ქალბატონო ია, ვიცი, რომ ეს ჭორი ტყუილი არისო.
ქრისტინე:
- ხანდახან რაღაცებს არ უნდა შეეხონ, მაგრამ ეხებიან.
ია:
- რა ჭორი აგიგორეს, როდესაც პარიზში წახვედი?
- დამაბრალეს, რომ თითქოს მე ვიღაც ბიჭის და გოგოს დასაშორებლად უზარმაზარი თანხა გადამიხადეს და ამისთვის წავედი. ეგეთი ჭორები უფრო მეტად მწყინს, ვიდრე ვიღაცაზე დამაბრალონ. 15 წლიდან ვმუშაობ და ჩემი შრომით რასაც ვახერხებ კმაყოფილი ვარ. ბინძური გზით არასოდეს მომიპოვებია როლი, ფინანსური კეთილდღეობა ჩემთვის არასოდეს განმსაზღვრელი არ ყოფილა. ჩემთვის შეურაცხმყოფელია, როცა რაღაც თანხებთან აკავშირებენ.
ეს ამბავი წლების წინ მოხდა, როდესაც თბილისში ქრისტინე იმედაძისა და ტელეწამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის ყოფილი ქმრის, ირაკლი კოდუას რომანზე ჭორაობდნენ, ამბობდნენ, რომ ნანუკა საკუთარ გადაცემაში ქრისტინეს სწორედ ამიტომ ბლოკავდა. მოგვიანებით გადაცემა „პროფილში“ სტუმრობისას ამ თემაზე ნანუკამ ვრცლად ისაუბრა. ნანუკამ გაიხსენა ის დაპირისპირებაც, რომელიც ერთხელ ფილარმონიაში მოხდა, თუმცა მისი თქმით, ის მხოლოდ გამშველებელი იყო.
ნანუკა ჟორჟოლიანი:
- ირაკლიზე და ქრისტინეზე მართლა იყო ჭორები, ირაკლიზე და ნუკიზეც იყო, მაგრამ, ეს მხოლოდ ჭორები იყო. ქრისტინე მართლა დაბლოკილია ჩემს გადაცემაში. ქრისტინეს დეიდაშვილმა მოკლა ჩემი სისხლი და ხორცი ზუკა (საუბარია წყალბურთელ ზუკა სახელაშვილზე). ის ახლა გაქცეულია, მოსკოვში ცხოვრობს. ზუკას და - თათა სახელაშვილი, არის ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი პროდუსერი. ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ზუკა ჩემს ხელში გაიზარდა. მე და თათა 25 წელია ვმეგობრობთ - ჰყვებოდა გადაცემაში ჟორჟოლიანი.
ტელეწამყვანმა გადაცემაში ერთი ინციდენტიც გაიხსენა, სადაც ის და ქრისტინე იმედაძე მონაწილეობდნენ.
"ერთი ინციდენტი ნამდვილად მოხდა, ფილარმონიაში ჩვენს წინ იჯდა ქრისტინე. მას და თათას შორის მოხდა შელაპარაკება. მე უბრალოდ გამშველებელი ვიყავი. იქ მე და ქრისტინე გვიცნეს. ქრისტინეს არაფერი დაუშავებია, მაგრამ ზუკა რომ საფლავში წევს, მაგასაც არაფერი დაუშავებია. თათამაც არაფერი დააშავა. ჩემს მეგობარს ვუფრთხილდები და ვარიდებ ამ ყველაფერს. თათამ შექმნა“ ნანუკას შოუ“ და იმსახურებს ჩემგან ნერვები არ მოვუშალო“.
ზუკა სახელაშვილი 24 წლის ასაკში მოკლეს. ის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე და დსთ-ის თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშე იყო.