ამერიკელი მომღერალი შერი საკუთარი შვილის გატაცების მცდელობაში დაადანაშაულეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 77 წლის მომღერალმა 4 მამაკაცი დაიქირავა, რათა ვაჟი, ელია ბლუ ალმანი ნიუ-იორკის სასტუმროდან გაეტაცებინა. როგორც ცნობილია, ალმანი ყოფილ მეუღლესთან შერიგებას აპირებდა, რასაც შერი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა.
შოკისმომგვრელი ბრალდებების შესახებ გასული წლის დეკემბერში, ალმანის 36 წლის ცოლის, მარი ანჯელა კინგის განქორწინების საბუთების საშუალებით გახდა ცნობილი.
ახლად გამოვლენილ დოკუმენტებში ირკვევა, რომ შერიმ საკუთარ ვაჟსა და რძალს სახლის დატოვება მოსთხოვა, რის შემდეგაც წყვილი ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში დასახლდა.
"ოთხი უცნობი ადამიანი ჩვენს ნომერში შემოვიდა და ელია ოთახიდან გაიყვანეს. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ისინი შერმა დაიქირავა“ - ნათქვამია აღნიშნულ დოკუმენტში.
კინგის განცხადებით, თავისი ქმრის ადგილსამყოფლის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
"მითხრეს, რომ მისი ნახვის ან მასთან ლაპარაკის უფლება არ მაქვს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ამჟამად სამკურნალო დაწესებულებაშია. ისიც გავიგე, რომ ტელეფონზე წვდომა არ აქვს“ - ამბობს კინგი.
შერის წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.