ავტორი:

"საგანგაშოდ თვალშისაცემია თუშეთიდან ახალგაზრდების გადინება... შემოდგომა ჩემთვის სევდისმომგვრელია" - დაცარიელებული თუშეთი: რას ჰყვება ადგილობრივი რეგიონში არსებულ ვითარებაზე

"საგანგაშოდ თვალშისაცემია თუშეთიდან ახალგაზრდების გადინება... შემოდგომა ჩემთვის სევდისმომგვრელია" - დაცარიელებული თუშეთი: რას ჰყვება ადგილობრივი რეგიონში არსებულ ვითარებაზე

"არ ვიცი ზოგადად ქვეყანაში შექმნილი ფონის გამო, ბოლო დროს მომხდარი არა ერთი სტიქიის თუ ზოგადი კრიზისის შედეგად, მაგრამ ფაქტია წელს ნაკლები იყო ვიზიტორები" - თუშეთიდან, სოფელ დართლოში მდებარე საოჯახო სასტუმრო "შუნის" მეპატრონე თამრო იდოიძე იქაურობის სავალალო მდგომარეობაზე გვესაუბრა.

- შარშანდელ სეზონთან რომ შევადაროთ, წელს ტურისტების რაოდენობა შესამჩნევად ნაკლები იყო.. არა მხოლოდ ტურისტები, თავად ადგილობრივი მაცხოვრებლებიც ძალიან ცოტა იყო წელს თუშეთში ამოსული. თუმცა საიდან ამოვიდოდნენ, ბარშიც აღარ დარჩა უკვე ხალხი, მასიურად გაედინებიან საზღვარგარეთ. საგანგაშოდ თვალშისაცემია ახალგაზრდების გადინებაც. ტურისტებს რაც შეეხება, როგორც ქართველი ასევე უცხოელი ვიზიტორებიც შარშანდელ წელთან შედარებით ბევრად ნაკლები იყო. თუნდაც სექტემბრის თვე რომ ავიღოთ. მე არ მახსოვს სექტემბერში თუშეთში ასე ცოტა ხალხი.

- როგორია თუშეთის გზების მდგომარეობა?

- გზებს რაც შეეხება, ვერ გეტყვით, რომ მდგომარეობა დიდად გაუმჯობესებული ან გაუარესებულია...ზაფხულის განმავლობაში რამდენიმე ადგილას მუშაობდა ტექნიკა და აფართოვებენ გზას, თუმცა ასე ვთქვათ, ყველაზე ცუდი მონაკვეთი რაც არის აბანოს ხიდამდე, ისევ ისე რჩება როგორც იყო...

- ანუ ტურისტული სეზონი ჩავარდა, ახლაც დაცარიელებულია?

- მთლიანობაში შემიძლია გითხრათ, რომ სეზონი შედგა და ახლა სწორედ ის დროა, როცა თუშეთში ყველაფერის ნახვა შეგიძლიათ... სულ ცოტა დრო რჩება სეზონის დახურვამდე და ივნისამდე მოგვიწევს დავემშვიდობოთ აქაურობას. ამიტომ ვისაც შემოდგომის სიფერადე, სიმშვიდე და თუშეთი უყვარს, დროა ჩანთა ჩაალაგოს და დატკბეს აქაურობით...

- ძალიან ბევრი წუხს თუშეთში ინტერნეტის პრობლემაზე?

- "მაგთის" ინტერნეტია და წელს როგორც ხარვეზით მუშაობდა, ასე არასდროს ყოფილა... კიდევ ერთი პრობლემა რომელიც თუშეთს აქვს, ეს არის ტელეფონის და ინტერნეტის მიღების პრობლემა. ჯერ კიდევ არის ხეობები, სადაც საერთოდ არ იჭერს ტელეფონი და იქ ერთადერთი საკომუნიკაციო წყარო ინტერნეტია, რომელიც თუშეთის განვითარების ფონდის და თუშეთის გულშემატკივრების ძალისხმევით მოსახლეობას მიეწოდება. რაც შეეხება ჩვენს სოფელს, აქ მხოლოდ მაგთი იჭერს და სამწუხაროდ ვერც წინა წლებში დაიკვეხნიდა გამართული მუშაობით და წელს შეიძლება ითქვას, რომ სერვისს თითქმის ვერ ვიღებდით. ან თუ ვიღებდით ისეთი ხარვეზით, სჯობდა სულ არ ყოფილიყო. რა თქმა უნდა ამაზე გვქონდა კომუნიკაცია "მაგთის" ოფისთან.

- როგორ მდგომარეობაშია ნაგებობები... შარშან ითქვა, რომ დოჭუ და სხვა სოფლები უკვე ყურადღებას ითხოვს....?

- დოჭუ მე რაც მახსოვს სულ ასეთია და დოჭუ ინგრევაო, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია... თუმცა ყველა ძეგლს - დოჭუ იქნება ეს, კესელოს კოშკები, დართლო თუ ჰეღო, რა თქმა უნდა სჭირდება ყურადღება და ხელის შეშველება, რომ არ დაინგრეს. იყო პროექტები რამდენიმე სოფლის აღდგენის და რატომ შეჩერდა, ან რა ეტაპზეა ეს პროექტები არ ვიცი. თუმცა იმედი მაქვს, რომ სადღაც რომელიმე მაღალჩინოსნის თაროზე არ შემოდეს და ნამდვილად მიეხედება ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას!

- თქვენ საოჯახო სასტუმრო გაქვთ... რამდენად მუშაობდა სეზონზე სასტუმროები?

- დიახ საოჯახო სასტუმრო გვაქვს... მთლიანობაში რომ ვთქვა, სეზონით არ ვარ უკმაყოფილო, თუმცა შედარების მხრივ, წელს ყველაზე ნაკლები ვიზიტორი იყო. სექტემბერში დატვირთვა ნაკლებია, თითქმის არც არის.. არ ვიცი ზოგადად ქვეყანაში შექმნილი ფონის გამო, ბოლო დროს მომხდარი არერთი სტიქიის თუ ზოგადი კრიზისის გამო, მაგრამ ფაქტია წელს ნაკლები იყო ვიზიტორები.

ახლა ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული დროა თუშეთისთვის... ყველა ფერია აქ და ჯადოსნურ გარემოს ქმნის სიმშვიდე და ბუნების სიფერადე ერთად. დაახლოებით ერთ თვეში ჩაიკეტება თუშეთი სტუმრებისთვის და მხოლოდ "თუშურაები" დარჩებიან, ზამთრის გრძელ ღამეებს თითოკაცებად გადააგორებენ სოფლებში. შემოდგომა ჩემთვის რამდენადაც ძალიან საყვარელი სეზონია იმდენად სევდისმომგვრელია... იცი რომ უნდა წახვიდე და გაზაფხულამდე ჯერ კალენდარზე, შემდეგ კი თითებზე ითვალო დღეები უკან დაბრუნების.

- რას ამბობენ ადგილობრივები, ვინც რთულ ზამთარში ისევ თუშეთში დარჩება?

- არის სოფლები, სადაც ოქტომბრიდან ივნისის დასაწყისამდე მხოლოდ ერთი ადამიანია და მარტო ატარებს ზამთარს. მე არ ვიცი როგორ უძლებენ, მაგრამ ის ვიცი, რომ ასეთ ადამიანებს პირობები უნდა შევუქმნათ, რომ გაძლებაზე კი არა, თავის სახლ-კარში სიამოვნებით ცხოვრობდნენ... .ბოლო წლებში ზამთრის განმავლობაში ფრენები სრულდება და აქ დარჩენილი ადამიანების იმედიც ეგ არის ალბათ. იმედს ვიტოვებ ეს ფრენები კვლავ გაგრძელდება. ვიმეორებ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სატელეფონო კავშირი!

- ექიმი არის თუშეთში?

- მე როგორც ვიცი ირაკლი ექიმი კვლავაც ხალხის და თუშეთის სამსახურში რჩება. მე ვისურვებდი რომ სახელმწიფოს და ყველა იმ ადამიანს ვისაც აქვს დაკისრებული პასუხისმგებლობა და შეუძლიათ რამე გააკეთონ თუშეთისთვის მართლა იგრძნონ და გაიაზრონ ეგ პასუხისმგებლობა და 100%ით თუ არა 80%ით მაინც იშრომონ თუშეთის უკეთესი მომავლისთვის. ჯანდაბას ის 20% მოახმარონ საკუთარ კეთილდღეობას და არა პირიქით...

- იტყოდით, რომ თუშეთი შველას ითხოვს?

- თუშეთში ნამდვილად არის ბევრი საკითხი, რომელსაც ნამდვილად სჭირდება შველა!

წაიკითხეთ ასევ