ავტორი:

ბლიცინტერვიუ მათე ბაღაშვილთან

ბლიცინტერვიუ მათე ბაღაშვილთან

მათე ბაღაშვილი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023-ის“ ერთ-ერთი გამარჯვებულია. მის სადებიუტო რომანს „ბეტონების იქით“ გამომცემლობა „პალიტრა L-ი“ ოქტომბრის დასაწყისში გამოსცემს.

გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ახალ ავტორთან.

ვწერ, როცა…ჩემი მხრები წარსულის ტვირთს ვეღარ ეზიდებიან.

მძულს შემგუებლობა.

მეშინია დღის, როცა კიბეზე სწრაფად არბენას ვეღარ შევძლებ.

მწამს რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება ერთ დღესაც იქცევა ძლიერ, სტაბილურ და ანგარიშგასაწევ “მექანიზმად”, რომელიც გააცნობიერებს მის ხელში არსებული ბერკეტების ძალაუფლებას და მიაღწევს ეროვნულ ერთობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად.

ვეძებ მიზეზებს, ჩემი მდგომარეობის გასამართლებლად.

მაინტერესებს ყველაფერი და მაშასადამე, ვარ ქაოსური.

ვაგროვებ გამვლელ-გამომვლელთა გამომეტყველებებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანების სახეებს და შემდეგ ვთხზავ, გონებაში ვხარშავ ალტერნატიულ ისტორიებს მათ ცხოვრებაზე.

ვმალავ შიშს.

ვამაყობ ადამიანებით, რომლებიც გარშემორტყმულნი არიან ტოქსიკური და მანკიერი ღირებულებების მქონე ინდივიდებით, მაგრამ არ უშინდებიან მდინარის მიმართულების საწინააღმდეგოდ სვლას.

ვუსმენ მუსიკას, რომელიც დედაჩემისთვის “გასვენების” მუსიკაა. ვკითხულობ საკუთარი თავის დასამარტოხელებლად.

ვაფუჭებ შეკრების დროს შემოძახილ მრავალხმიან კომპოზიციებს.

ვოცნებობ მომავალზე, როცა დედაჩემს დავუბრუნებ ყველაფერ იმას, რაც ჩემი ღირსეული მომავლის შესაქმნელად გააკეთა.

მენატრება ჩემი ბავშვობის დროინდელი რაჭა.

მწყინს ჩვენი საზოგადოების უიმედო მდგომარეობა.

ვიხსენებ ჩემს სახლს რაჭაში; ჩემს დიდ ბებია-ბაბუას - მათ ისტორიებს რაჭაზე.

ვცხოვრობ ჯახირით.

R