იტალიის ყველაზე მოუხელთებელი მაფიოზი და "კოზა ნოსტრას" ბოსი, მესინა დენარო, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. დენარო 30 წლის განმავლობაში იძებნებოდა და პოლიციამ მისი დაკავება წელს, იანვარში მოახერხა.
მაფიოზი, სიცილიის დედაქალაქ პალერმოში, კერძო საავადმყოფოში დააკავეს, სადაც ის სიმსივნეზე მკურნალობდა. 61 წლის მესინა, მდგომარეობის გართულების გამო, ციხიდან საავადმყოფოში წინა თვეში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მესინა დენარო პარასკევს კომაში ჩავარდა. მას კიბოზე სამკურნალოდ ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა დენარომ ბოლო ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელება ვეღარ მოახერხა.
აკვილას მერმა, პიერლუიჯი ბიონდიმ დენაროს გარდაცვალება "ტვიტერზე" დაადასტურა და დაწერა, რომ ეს იყო "სინანულის გარეშე გატარებული არსებობის ეპილოგი და უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ნაწილი, რომელსაც ვერ ამოვშლით".
იტალიელი გამომძიებლები დენაროს უახლოსესი ადამიანების თვალთვალით რამდენჯერმე მიუახლოვდნენ მაფიოზის ადგილსამყოფელს. პოლიციამ 2013 წელს მესინას და, პატრიცია და კიდევ რამდენიმე მასთან დაკავშირებული პირი დააკავა. სამართალდამცავებს ხელთ მესინა დენაროს მხოლოდ რამდენიმე ფოტო ჰქონდათ და მაფიოზის გარეგნობის რეკონსტრუირება წლების წინ გადაღებული ფოტოების საფუძველზე ხდებოდა, რაც მის პოვნას ართულებდა.
მედინას ბუნკერამდე გასასვლელი გზა მისი საცხოვრებელი სახლის კარადის უკან იყო დამალული. სამალავში ძვირფასი ქვები და ვერცხლის ჭურჭელი იპოვეს. აქვე იყო ცარიელი ყუთები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დოკუმენტები, რომელიც პოლიციას სამხილებად უნდა გამოეყენებინა, მესინას დაკავების შემდეგ გადამალეს.
პროკურორი ჯან კარლო კასელი, რომელიც კიდევ ერთი იტალიელი მაფიოზის, სალვატორე "ტოტო“ რიინას დაკავებას ხელმძღვანელობდა, მესინა დენაროს დაპატიმრების შემდეგ ხალხს გაფრთხილებას აძლევდა, - ბოსების დაკავების მიუხედავად, სიფრთხილეა საჭირო, რადგან "კოზა ნოსტრას“ გადაჯგუფება და გადარჩენა ეხერხებაო.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა