"ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან…“, - ამ სიტყვებს ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილი მოცეკვავეებს ეუბნება. ვიდეოს სოციალურ ქსელში ანსამბლის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. უამრავმა ადამიანმა გააზიარა, რომლებიც წერენ, რომ ანსამბლის ხელმძღვანელი მოცეკვავეებს უყვირის და შეურაცხყოფას აყენებს. თუმცა ყველა ასე არ ფიქრობს და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი მიდგომა მისაღებია, რადგან ასე მიიღწევა დისციპლინა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ანსამბლს ყოველთვის საუკეთესო შედეგი ჰქონდეს.
თემას სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანიც ეხმიანება და წერს:
"უკაცრავად და ნინო სუხიშვილის ვიდეოზე ( სადაც კონცერტის შემდეგ შენიშვნას აძლევს ანამბლის ზოგიერთ წევრს) რა ცრუ და თითიდან გამოწოვილი “ისტერიკებია” ატეხილი?
დიახ, ანსამბლ "სუხიშვილებში" თუ ცეკვავ მაღალპროფესიონალური მოთხოვნაა ხელმძღვანელისგან. ცხადია, არის სხვა “მოყვარულთა წრეები”, იქ სხვა მოთხოვნაა ცხადია. ეს ანსამბლი "სუხიშვილები" სახეა (მრავალი წელია) ქვეყნის. "საშუალო არ მინდაო"-არამედ უმაღლეს ხარისხს ითხოვს ხელმძღვანელი და რა ხდება და რა არის გასაოცარი ამაში?!
დიახ, უმაღლეს საბალეტო სკოლაში თუ აკადემიაში, ცხადია წონის, ტექნიკის ხარისხის, ნიჭის სხვაგვარი მოთხოვნებია.
მოყვარულთათვის ცხადია ასე არ არის!
ეს "გადამეტებული", ცოტა არასწორად გადმოღებული და აღქმული ვითომ "სხვათა უფლებების" დაცვა, თან ისე, რომ იქვე თავად სასტიკად "ილანძღებიან ზოგიერთები” აუტანელი და შეუძლებელია უკვე.
აბა ასე შევხედოთ: ქორეოგრაფის-ხელმძღვანელის (წლების მანძილზე, რომ დიდი შრომის ფასად მსოფლიოში განთქმული ანსამბლი მოჰყავს შრომით წვალებით და რუდუნებით )უფლებები არ ირღვევა?! მაშინ, როცა უხარისხო შედეგი შეიძლება დაიდოს სწორედ წონის და დისციპლინის დარღვევის გამო?!
“ყარს დანიის სამეფო”, ”ააქოთა" ამ ბინძურმა პოლიტიკამ სრულიად საქართველო!
ყველანაირ სანუკვარს ნუ გათხვრით და შემოქმედ ხალხს “ოჯახებში” ნუ უვარდებით, ანსამბლი “ოჯახია”, კულისი, რეპეტიცია შემოქმედის “სამზარეულოა” ავანგარდში მყოფ ანსამბლ "სუხიშვილს" გაუმარჯოს, ხელმძღვანელიან მოცეკვავეებიანად!" - წერს თაკო ჩარკვიანი.