მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სფეროში არაერთი წარმატებული ქართველია. ფეხბურთზე საუბრისას, ალბათ, ყველას ხვიჩა კვარაცხელია გახსენდებათ, კალათბურთი - თორნიკე შენგელია, დიზაინის სფერო - დემნა გვასალია, მუსიკა - ხატია ბუნიათიშვილი, სამოდელო სფეროში კი მსგავსი მასშტაბის წარმატება აქვს მატილდა გვარლიანს. ის სტაბილურად არის მსოფლიოს მოდის სამყაროს წამყვანი ბრენდების არჩევანი და უკვე წლებია, მოდის კვირეულებზე მათ კოლექციას წარადგენს.
ამჯერად, მატილდა მილანის მოდის კვირეულზე Dolce Gabbana-ს 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება ვნახეთ.
ის პოდიუმზე მოდის სამყაროს ისეთი მნიშვნელოვანი სახელების გვერდით გამოვიდა, როგორებიც არიან ვიტორია ჩერეტი, ირინა შეიკი, ლეგენდარული ნაომი კემპბელი.
დაათვალიერეთ ფოტოები Dolce Gabbana-ს კოლექციის ჩვენებიდან:
რამდენიმე წლის წინ, მატილდა "იმედთან" ინტერვიუში ამბობდა, რომ მოდელობა მისი ბავშვობის ოცნება იყო. მატილდა საკუთარ თავს არაპროგნოზირებადს უწოდებს და ამბობს, რომ ცვალებადი ხასიათი აქვს.
"შეიძლება ერთ დღეს გავიღვიძო, ძალიან კარგ ხასიათზე ვიყო და მეორე საათში სხვანაირად. ძირითადად უპირატესობას ვანიჭებ ვინტაჟურ ლუქებს, იმიტომ რომ უფრო საინტერესოა ტანსაცმელი, რომელიც ახლა არ იკერება და მოდაში აღარ არის",- ამბობდა მოდელი.
მისივე თქმით, სრული სახელი და გვარი მატილდა მარიამ გვარლიანია. მოდელი ყვება, რომ ბებიას სურდა მისთვის მარიამი დაერქმიათ, დეიდამ კი გოგონას სახელად მატილდა შეურჩია, საბოლოოდ ორივე სახელი დაარქვეს.
2020 წელს მატილდა გვარლიანი საერთაშიროსო ბრენდის, Red Valentino-ს სახე გახდა. მოდელი ბრენდის საახალწლო კამპანიაში გადაიღეს, სადაც სექსუალური და თავდაჯერებული ქალის იმიჯი მოირგო.
მოდელი 16 წლის იყო, როდესაც პირველად გამოვიდა Dolce & Gabbana-ს კოლექციის ჩვენებაზე და მას შემდეგ არაერთი ცნობილი ბრენდისთვის გამოვიდა პოდიუმზე.