ავტორი:

ბინები, მიწის ნაკვეთები, სასტუმროს ნომრები და ეკლესიაც კი - რა არის ცნობილი ყოფილი მთავარი პროკურორის ერთ დღეში გამდიდრებულ ვაჟზე, ანდრია ანზორ (აკო) ფარცხალაძეზე?

ბინები, მიწის ნაკვეთები, სასტუმროს ნომრები და ეკლესიაც კი - რა არის ცნობილი ყოფილი მთავარი პროკურორის ერთ დღეში გამდიდრებულ ვაჟზე, ანდრია ანზორ (აკო) ფარცხალაძეზე?

ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გარშემო სკანდალი გრძელდება. მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მისთვის სანქციების დაწესების თაობაზე გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა. ამის შემდეგ პროცესები სწრაფად განვითარდა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ჯერ განაცხადა, რომ სანქციებს იზიარებდა და ფარცხალაძეს შეზღუდვას უწესებდა, მეორე დღეს კი გაიზიარა რა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მოსაზრება, რომ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღება არაკონსტიტუციური იყო, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა. ეს 19 სექტემბერს მოხდა.

შესაბამის ბრძანებას სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აწერს ხელს. ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ბინები, ნაკვეთები, სასტუმროს ნომრები და ეკლესიაც კი, რომლებსაც აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე საქართველოში ფლობდა, მისი ვაჟის საკუთრებაში გადავიდა - ანდრია ანზორ ფარცხალაძე ერთ დღეში გახდა მდიდარიც და პოპულარულიც.

ქონების გადაფორმების პროცედურები მართლაც ერთ დღეში - 20 სექტემბერს ჩატარდა. ამავე დღის ბოლოს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიზანშეწონილად მიიჩნია ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა.

საჯარო რეესტრის მიხედვით, ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადებები რეესტრის ეროვნულ ბიუროში 12:00 საათის შემდეგ (12:16-12:18 დროის მონაკვეთში) დარეგისტრირდა. ერთმანეთის მიყოლებით 12 განცხადებაა შესული, ერთი და იმავე მოთხოვნით. იცვლება მხოლოდ ნაჩუქარი უძრავი ქონების ნაირგვარობა და მისამართები.

ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტები ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე იძებნება და 20 სექტემბრით თარიღდება.

პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თოთოეული უძრავი ქონების დაჩქარებული წესით გადაფორმებისთვის ოთარ ფარცხალაძემ 350 ლარი გადაიხადა.

უფრო კონკრეტულად კი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა შვილს შემდეგი უძრავი ქონება გადასცა:

  • სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 2058.00 კვადრატი;
  • სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 1030.00 კვადრატი;
  • სასოფლო სამეურნეო მიწა ტაბახმელაში, სოფელი წავკისი - 1001 კვადრატი;
  • ბაკურიანში, დიდველის ქუჩაზე სასტუმრო კომპლექსის ნომერი - 25.28 კვადრატი;
  • ბაკურიანში, დიდველის ქუჩაზე სასტუმრო კომპლექსის ნომერი - 26.04 კვადრატი;
  • კომერციული ფართი ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩა - 143.25 კვადრატი;
  • კომერციული ფართი ვაკეში ფალიაშვილის ქუჩა - 336.24 კვადრატი;
  • კომერციული ფართი ვაკეში ყიფშიძის ქუჩა - 101.31 კვადრატი;
  • კომერციული ფართი ვაკეში ყიფიშიძის ქუჩაზე - 204.16 კვადრატი;
  • ბინა საბურთალოზე მგალობლიშვილის ქუჩა (მშენებარე) - 77.51 კვადრატი;
  • ბინა საბურთალოზე კოსტავას ქუჩა; ბინა საბურთალოზე კოსტავას ქუჩა - 38 კვადრატი.

რეესტრის ბაზაში ატვირთული დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი ობიექტი, რომელიც ფარცხალაძემ თავის შვილს, ანდრია ფარცხალაძეს აჩუქა, თბილისში მოქმედი კომპანია “ჯიპიეს კონსალტინგია”. მისი იურიდიული მისამართია კოსტავას ქუჩა #60. ამ კორპუსში მდებარე 2 ბინას ახლა უკვე ფარცხალაძის შვილი ფლობს.

ეფ-ეს-ბეს აგენტობაში დადანაშაულებული, რუსეთისა და საქართველოს (მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ ეტაპზე უარი თქვა) მოქალაქე ოთარ ფარცხალაძემ შვილის, ანდრია ფაცხალაძის სახელზე ეკლესიაც გადააფორმა - ამის შესახებ ინფორმაცია "ტვ პირველიმა" გაავრცელა.

დოკუმენტებით დგინდება, რომ ოთარ ფარცხალძემ შვილს აჩუქა ტაბახმელაში ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც მან 2019 წელს ააშენა ეკლესია, რის თაობაზეც რეპორტაჟი "ტვ პირევლის" "შაბათის ეთერის" ჟურნალისტებმა ორი წლის წინ მოამზადეს.

  • რა არის ცნობილი ანდარია ანზორ (აკო) ფარცხალაძეზე?

"შაბათის ფორმულას" ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორის შვილი ანდრია ფარცხალაძე ორგანიზაციის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" სახელით საქმიანობს. ეს ორგანიზაცია ცდილობს საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხის წამოწევას და ამ თემაზე რეფერენდუმის მოთხოვნას. ორგანიზაციის თავჯდომარე მერაბ ჭიქაშვილია, რომელიც ტელეკომპანია "ობიექტივის“ ერთ-ერთი წამყვანი და "პატრიოტთა ალიანსის“ წევრია. ორგანიზაციის ყველა უკანასკნელი აქტივობა სოციალურ ქსელებში, ამ საკითხს უკავშირდება. თავად ყოფილი ფარცხალაძე ამ ორგანიზაციაში განათლების ე.წ. ექსპერტია.

ანდრია ფარცხალაძე ექსმთავარ პროკურორს პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

მისი პირველი მეუღლე, ნინო ასათიანი საზოგადოებაში პირველად 2013 წელს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამოჩნდა, როდესაც ყოფილი მეუღლის განათლების თაობაზე ატეხილ სკანდალს გამოეხმაურა:

"ნაციონალური მოძრაობის“ ზნედაცემული აქტივისტების სტატიას მინდა გამოვეხმაურო და მოგახსენოთ, რომ ოთარ ფარცხალაძის ერთადერთი ყოფილი მეუღლე მე გახლავართ და მისი ორი შვილის დედა, გარდა ამისა, მისი თანაკლასელი და დღემდე ჩვენ მხოლოდ კარგი მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს და ეს საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი...

აქედან გამომდინარე, მე ვერანაირად მოგაწვდიდით თქვენ რაიმე საბუთებს!! მით უმეტეს, იმასთან დაკავშირებით, რომ ოთარ ფარცხალაძე ნასამართლევია იმ მძიმე დანაშაულზე, რასაც "ყაჩაღური ქურდობა" ჰქვია, ამის შესახებ გუშინ პირველად გიგი უგულავას შეთხზული ინფორმაციიდან მოვისმინე... რაც შეეხება "ნაყიდ დიპლომს", "საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს“, სადაც რექტორი გახლდათ კარლო ცქიტიშვილი, ჰყავს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მრავალი კურსდამთავრებული.

ასე რომ, დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს რამდენიმე იდენტური დიპლომის მოძიება სხვადასხვა გვარებით... და დამეთანხმეთ, რომ ათეულობით ადამიანი ვერ "იყიდდა დიპლომს" იგივე უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე...

მე პირადად ვიცნობ ოთარის რამდენიმე თანაკურსელს და შემიძლია ახლო მომავალში გამოვაქვეყნო და გაჩვენოთ მათი დიპლომებიც.

თქვენი "მაკომპრომატირებელი" ინფორმაციები თავიდან ბოლომდე ყალბია და შეთითხნილი იმ მდაბიო ადამიანების მიერ, ვინც ერის მოღალატეა!!!“ - წერდა ასათიანი იმჟამად.

ნინო ასათიანსა და ოთარ ფარცხალაძეს თანაცხოვრებიდან ორი შვილი - ქალ-ვაჟი ჰყავთ. ჩვენ ვცადეთ ნინო ასათიანის კომენტარი მოგვეპოვებინა, თუმცა არ გამოგვეხმაურა. მათი ორივე შვილი დაოჯახებულია. ქალიშვილის ბიჭუნას ბერა ჰქვია და სავარაუდოდ, სწორედ ის არის ბერა ივანიშვილის ნათული. შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა ინფორმაცია, რომ მისი ვაჟი ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლია იყო, 2016 წელს დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ ბერა ივანიშვილის მეგობარი სწორედ ფარცხალაძის სიძეა - ის ცნობილი კომპოზიტორის ავთო ბადუაშვილის ვაჟია.

ანდრია ფარცხალაძე დაოჯახებულია. მისი მეუღლე ირინა გურგენიძეა. წყვილს 2022 წელს გრადიოზული ქორწილი ჰქონდა.

მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ, რომელიც წელს, მაისში შეეძინათ.

წაიკითხეთ ასევე: