ავტორი:

ანა წითლიძე ვახტანგ გომელაურს: "შემთხვევით, თქვენც რუსეთის ჯაშუში ხომ არ ხართ, ბატონო მინისტრო?"

ანა წითლიძე ვახტანგ გომელაურს: "შემთხვევით, თქვენც რუსეთის ჯაშუში ხომ არ ხართ, ბატონო მინისტრო?"

ამხელა შსს მინისტრი რომ ხართ კაცი, ამხელა სამინისტრო გაბარიათ და "ოროსანი“ დაჩი ბერაიას, ირაკლი ზარქუას და ალუდა ღუდუშაურის დასაცავი რომ ხართ, თქვენ ადგილას ძალიან შემრცხვებოდა, მაგრამ თქვენ რა თქმა უნდა, არ გრცხვენიათ, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რომელსაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მან ვახტანგ გომელაურს მიმართა, რომ შოვის ტრაგედიასა და ადამიანების უკანონოდ დაკავებაზე პასუხისმგებლობა აუცილებლად მოუწევს.

"შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით თქვენ რომ აქ კონკრეტული პასუხებით არ მოხვიდოდით, ეს ძალიან კარგად ვიცით. თქვენ პირველივე დღეებში ასეთი განცხადება გააკეთეთ, რომ გამოსაძიებელი არც არაფერი არისო და ამით ფაქტობრივად, პასუხი გაეცით კითხვებს. თქვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს პირობებში მოგიწევთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, მაგრამ თქვენ კიდევ ბევრ რამეში ხართ დამნაშავე ბატონო მინისტრო“, - განაცხადა წითლიძემ.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2021 წლის 21 ოქტომბერს ხობში დააკავეს ლექსო რაფავა, რომელსაც წითლიძის თქმით, სახლში შეუვარდნენ, ცეცხლსასროლი იარაღი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ჩაუდეს.

"2 წელია ეს ადამიანი ტყვეობაში გყავთ მხოლოდ იმიტომ,რომ თქვენი პოლიტიკური დავალებები არ შეასრულა. მხოლოდ იმიტომ,რომ თქვენ ხმას არ გაძლევდათ. ამიტომ, თქვენ დამნაშავე ხართ ლექსო რაფავას ოჯახის წინაშე. თქვენ დამნაშავე ხართ ძმები წულუკიძეების წინაშე და დამნაშავე ხართ ელდარ ანთაძის წინაშე. ყველა ამ ადამიანის უკანონო პატიმრობაზე თქვენ პასუხისმგებლობა აუცილებლად მოგიწევთ“, -განაცხადა წითლიძემ.

მან შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, თუ როგორ დაინიშნა თანამდებობაზე და ხომ არ არის ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის თანამონაწილე.

"რა შოვის ტრაგედიაზე უნდა გველაპარაკოთ თქვენ ან რა კონკრეტული პასუხები უნდა გქონდეთ, სუს-ის უფროსი იყავით 2015-2019 წწ-ში. რას შვრებოდით, ხელფასს რაში იღებდით? როდესაც სუს-ის აგენტი ფარცხალაძე ამ ქვეყანაში მილიონებს შოულობდა და რუსების ინტერესებს აძლიერებდა. შემთხვევით თქვენ მისი თანამონაწილე ხომ არ ხართ? შემთხვევით თქვენც მილიონები ხომ არ გაქვთ ნაშოვნი? შემთხვევით თქვენ შს მინისტრი მხოლოდ იმიტომ ხომ არ გახდით, ივანიშვილის დაცვის წევრი რომ იყავით? შემთხვევით თქვენც რუსეთის ჯაშუში ხომ არ ხართ ბატონო მინისტრო? თქვენ ხარტ მინისტრი, რომელმაც მილიონები იშოვეთ იმ ღირსეული პოლიციელების ხარჯზე, რომლებიც თვიდან თვემდე სესხებით ცხოვრობენ. იმ პოლიციელების ხარჯზე, რომლებიც ემიგრაციაში გაიქცნენ და თავს აფარებენ სხვა ქვეყანას გაუსაძლისი პირობების გამო, ამის გამო გახდით მილიონერი. ამიტომაც, შოვის ტრაგედიაზე, ძმებ წულუკიძეებზეც და რუსეთის ჯაშუშობაზეც თქვენ პასუხისმგებლობა ახლა რომ გიცავენ მათთან ერთად, აუცილებლად მოგიწევთ“, - მიმართა წითლიძემ გომელაურს.

იხილეთ ასევე: