ავტორი:

"ახლა რომ ჩვენი ნამუშევარი ენახა, იტირებდა... ამ სცენარის მიხედვით მხოლოდ რამდენიმე კადრის გადაღება მოასწრო" - სცენაზე გაცოცხლებული ფარაჯანოვის სამყარო

"ახლა რომ ჩვენი ნამუშევარი ენახა, იტირებდა... ამ სცენარის მიხედვით მხოლოდ რამდენიმე კადრის გადაღება მოასწრო" - სცენაზე გაცოცხლებული ფარაჯანოვის სამყარო

"მე სიკეთით გადაგიხდით სამაგიეროს“ - ახმეტელის თეატრში ფარაჯანოვის სამყარო გაცოცხლეს. 15, 16, 17 სექტემბერს, თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში პრემიერა შედგა - "აღსარება - მე, სერგო ფარაჯანოვი“.

ხელოვნება საზღვრების გარეშე - ეს ფორმულირება ყველაზე კარგად გამოხატავს სერგო ფარაჯანოვის, კინოს ჯადოქრის შემოქმედებას. სცენაზე საერთოდ პირველად დაიდგა მისი ბოლო კინო-სცენარის "აღსარება - მე - სერგო ფარაჯანოვი“ მიხედვით სპექტაკლი. რეჟისორი ირაკლი გოგია გახლავთ...

სცენარი ავტობიოგრაფიულია და სერგო ფარაჯანოვის ცხოვრებას ასახავს. სპექტაკლი მულტიმედია პერფორმანსია - ახალი ტიპის წარმოდგენა, რომელიც მაყურებელს ფარაჯანოვის სამყაროს შესახებ უყვება. თეატრალური დადგმა დიდი ხელოვანის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. სპექტაკლის მხატვარი - ირენა ოგანჯანოვა, ქორეოგრაფი - კატერინა ნეზვანოვა, რეჟისორის ასისტენტი - გიორგი ყაულაშვილი, მთავარ როლში - გიორგი გასვიანი. სპექტაკლში მონაწილეობენ: ჯორჯი დვალიშვილი, ნინო ციმაკურიძე, ბუკა ღლონტი, ელენე ბეჟიაშვილი, ანანო გულედანი, გიორგი ფირანიშვილი.

AMBEBI.GE მსახიობ გიორგი გასვიანს ესაუბრა.

- ირაკლი გოგიამ პანდემიამდე მითხრა, რომ ამ თემაზე აპირებდა მუშაობას. მან სერგო ფარაჯანოვის სცენარი მოიძია, რომელიც, ჩემი აზრით, უნიკალური მასალაა, მისი გადაღება ავტორს ოცნებად დარჩა. ამ სცენარის მიხედვით მხოლოდ რამდენიმე კადრის გადაღება მოასწრო, სადაც როლს სოფიკო ჭიაურელი თამაშობდა. მოკლედ, როდესაც ირაკლი გოგიამ სცენარი გამაცნო, მივხდი, რომ სერიოზული მასალა იყო, მასზე მუშაობა კი საპასუხისმგებლო. მთავარ როლში მყოფი ადამიანი განასახიერებს და ჰყვება ფარაჯანოვის ბავშვობის სევდას. აქ არა ვიზუალური, არამედ შინაგანი გარდასახვით ხდება ეფექტი და ეს როლი მე უნდა მეთამაშა.

- ე.ი. რეჟისორს ყველაფერი უკვე მოფიქრებული ჰქონდა?

- კი. მე სიხარულით ავივსე, რადგანაც უზომოდ მიყვარს ეს შემოქმედი. ჩემს სადარბაზოში სერგო ფარაჯანოვის ფოტო მაქვს ჩარჩოში ჩასმული და ჩამოკიდებული... ირაკლის ეს ჩემთან სტუმრობისას შემჩნეული ჰქონდა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ როდესაც ეს როლი შემომთავაზა, ვერ გეტყვით, ჩემში რა მოხდა - თითქოს რაღაც მისტიკა იყო, მისტიკური კავშირი. ხელოვნებაში არსებობს ასეთი კავშირები... და ირაკლი გოგია თეატრალურ სამყაროში არის პირველი რეჟისორი, ვინც ფარაჯანოვის თემას ხელი მოკიდა და სცენაზე დადგა... ეს არის სერგო ფარაჯანოვის ამარკორდი, მისი ბავშვობა, მისი განცდილი ყველა ტრაგედია, სევდა, სიყვარული, სიხარული, რაც კი მცირეწლოვანს უნახავს, გადაუტანია. სცენარი მის ოჯახს, თბილისს, სამეზობლოს უკავშირდება. ეს თითქოს მარტოსულის განცდებია, რომელიც სამყაროს თავისებურად, იმ ფერებით აღიქვამს, რომელიც მის კინოშია გადმოცემული იმ გარინდებებით, იმ საოცარი ვიზუალით.

- რთული არ იყო მისი კინო გამომსახველობითი ესთეტიკიდან გაქცევა?

- მაქსიმალურად ვცდილობდით ამას და გვინდოდა მის შინაგან სამყაროსთან დაახლოება... მადლობელი ვარ ირაკლი გოგიასი ამ შემოთავაზებული სამუშაოსთვის და იმ ერთად ჩატარებული სამუშაოსთვის. მართლა ვიხარჯებოდით და ეს იყო კომფორტი, ვარჩევდით მისი ბიოგრაფიის ყველა დეტალს, ვესაუბრებოდით იმ ადამიანებს, ვინც პირადად იცნობდა სერგო ფარაჯანოვს - იური მეჩითოვს, ლუიზა ნიაზიანს, რომელიც მის ფილმებზე მისი ასისტენტი იყო. გუნდში ასევე შემოგვემატა ცნობილი ფერმწერი, ირინა ოგანჯანოვა, რომელიც სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებას ახლოს იცნობს. მან დეკორაციის საინტერესო ვერსიები შემოგვთავაზა - დეკორაციით როგორ უნდა მომხდარიყო იმ ბავშვური სევდის გაცოცხლება, რომელიც სერგო ფარაჯანოვს თავის სცენარში გადმოაქვს. ამის ადაპტაცია თეატრალურ მხატვრობაში ძალიან საინტერესოდ მოახერხა.

- სცენაზე შენ გარდა კიდევ 6 მსახიობია...

- ჩემს გარდა მონაწილეობს 6 მსახიობი. ისინი თემურ ჩხეიძის სტუდენტები არიან, ახალგაზრდები და ჩვენს თეატრში ახალი თაობა. გვყავდა ასევე საინტერესო ქორეოგრაფი კატერინა ნეზვანოვა... მოკლედ, შედგა ეს კოლაბორაცია და სადაც გადაწყდა, რომ სერგო ფარაჯანოვი უნდა ყოფილიყო კიდევ უფრო ღრმა და სხვანაირი მისი ცხოვრებიდან გამომდინარე, ვიდრე შეიძლება მას მხოლოდ გარედან აღიქვამს ვინმე. ასე რომ, საინტერესო და თანამედროვე თეატრალური ხერხებით გადმოვეცით და ბედნიერები ვართ. როდესაც სპექტაკლს იწყებ, უზარმაზარი ენერგიაა საჭირო და არ შემიძლია იმ თანაგანცდას არ გავყვე, რაც მას აქვს გადმოცემული. ვფიქრობ, დიდი საჩუქარია ღმერთისგან, რომ მასალა, რომელიც სერგო ფარაჯანოვმა სიცოცხლეში ვერ მოახერხა კინოში განეხორციელებინა, ეს რაღაცნაირად ჩვენ გვერგო. თითქოს სულ ვგრძნობდი ფარაჯანოვის ხელოვნებასთან სიახლოვეს.

- შენთვის მონოსპექტაკლია...

- კი, თუმცა მთლიანობაში მონოსპექტაკლი არ გამოდის. მე წინა პლანზე ვარ, სადაც სიბრტყეზე, კლასიკურ სცენაზე ვთამაშობთ და ჩემს უკან დიდი დეკორაცია დგას, რომელიც იმ სამყაროს განასახიერებს. თითქოს ძველი კარადა აცოცხლებს ძველ გმირებს, ისინი უსიტყვოდ თამაშობენ, ძირითადად პლასტიკით. წინა პლანზე მყოფი რასაც ვყვები, პარალელურად პლასტიკით ცოცხლდება მთელი ის სამყარო. ეს არის მულტიმედია პერფორმანსი და თან თითქოს მონოსპექტაკლი, რაც როგორც ვნახეთ, მაყურებელს მოსწონს.

- ნოველებისგან შემდგარი სპექტაკლია და ტრაგიკული...

- აქვე ბევრი უცნაური ამბავია და მხოლოდ სერგო ფარაჯანოვს ერგო გადმოეცა ასეთი დიდი წარმოსახვით ბავშვობიდან ამარკორდი... ფარაჯანოვს ჰქონდა იმაზე პრეტენზია, რასაც ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება, ფედერიკო ფელინისთან შეხვედრისას ტონინო გუერას და ფელინის მოუყვა ამ თავისი სცენარის იდეა, რომ სცენარს წერდა და უნდოდა თავის ბავშვობის ამარკორდი გადეღო. ამის მერე ის ხანგრძლივი დროით დააპატიმრეს და როდესაც გათავისუფლდა, თქვა - დამასწრეს, რადგანაც მათ ჩემი სცენარი მოვუყევი და „ამარკორდი“ გადაიღესო. არ ვიცი, ხუმრობით ამბობდა და თუ მართლა, ყოველ შემთხვევაში, ამის თქმის უფლება ნამდვილად ჰქონდა. მართლა მსოფლიოში აღიარებული შემოქმედი იყო, მსოფლიო კინოს კორიფეები, ცნობილი რეჟისორები ხელს აწერდნენ პეტიციებს, რომ საბჭოთა მთავრობას საპატიმროდან გაეთავისუფლებინა ასეთი დიდი რეჟისორი... დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს, რადგანაც ფინანსურად მხარში დაუდგნენ ამ პროექტს, ეს ყველაფერი ეძღვნება სერგო ფარაჯანოვის 100 წლის იუბილეს. ირაკლი გოგია კი უნიჭიერესი რეჟისორია, რომელმაც შეძლო ამ გენიალურ მასალაზე მუშაობა, ასეთ პიროვნებას შეეხო და შეძლო ამ ყველაფრის თანამედროვე თეატრალურ ენაზე გადმოტანა.

- მგონი, საგასტროლოდაც აპირებთ წასვლას და ამ სპექტაკლის წარებას, ხომ?

- ახლახან სამი სპექტაკლი ვითამაშეთ, ზაფხულში კი ჩაბარება გვქონდა. 6 ოქტომბერს სპექტაკლი ერევანში „ჰაიფესტზე“ მიგვაქვს, რომელიც ერთ-ერთი უძველესი საერთაშორისო ფესტივალია კავკასიაში. მოკლედ, მიგვაქვს სერგო ფარაჯანოვი და იქ უკვე დიდი მოლოდინია, რომ ფარაჯანოვი თბილისიდან ერევანში ჩავა. როგორც იცით, იქ არის დაკრძალული. თუმცა არ უნდოდა ერევანში დაკრძალულიყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ 90-იანების მძიმე პერიოდში იქაურმა სომხებმა უპატრონეს. ერევანში გარდაიცვალა და იქ დაკრძალეს. მიხარია, რომ ფარაჯანოვი პირველად თბილისში დაიდგა და ახლა სწორედ აქედან ჩადის ერევანში. რადგან წელს მისი საიუბილეო წელია, ვფიქრობ, ბევრ საინტერესო ფესტივალზე გვექნება მოწვევა.

- მას რომ ენახა თქვენი სპექტაკლი, რას იტყოდა?

- ამ კითხვას თვითონ ვსვამ სპექტაკლის შემდეგ, როცა ის ადამიანები მოდიან, რომლებიც ფარაჯანოვს იცნობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თეატრალურ ჟანრს დიდად არ აღიარებდა, კლასიკურ კინოსაც არ უყურებდა, რადგანაც მისთვის კინო გაცოცხლებული ფრესკა იყო, სხვა ხედვები ჰქონდა... ჩვენ მისი მთავარი პრინციპი შევინარჩუნეთ, კოლაჟური გადასვლები გვაქვს. კინოსაც კოლაჟურად აკეთებდა. როგორც მხატვარს ასე უყვარდა. ამ ღრმა სიბერეში ჩვენი ნამუშევარი რომ ენახა, ალბათ ცრემლი გადმოუგორდებოდა.