სკანდალი მოჰყვა რუსეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის ბიზნესმენის მამუკა ფიფიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზეც ჩანს, რომ საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა. ფოტოები ფიფიამ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა, წარწერით: "ეცნობა საქართველოს კონსტიტუციას".
საქართველოს პარლამენტიდან ფოტოების გავრცელების შემდეგ, უმრავლესობის წევრმა ვასილ ჩიგოგიძემ მედიასთან განმარტება გააკეთა. "ფიფიას წლებია ვიცნობ, რაღაცაზე უნდოდა შეხვედრა - ბიზნესზე, 15 წლის წინ ნავთობგადაზიდვებში იყო...“
როგორც ჩიგოგიძე ამბობს, საშვი ბიზნესმენისთვის თავად დაუშვა, თუმცა, მასთან შეხვედრა ვერ მოახერხა.
"მამუკა ფიფიას წლებია ვიცნობ, მაგრამ დიდი ხანი ნანახი არ მყავდა, ბოლო წლებში ორჯერ იყო ჩამოსული და შეხვედრა ვერ მოვახერხე და მთხოვა შეხვედრა. დაემთხვა, რომ სესია იყო, კენჭისყრები გვქონდა და მაგ დროს იყო მოსული, თანაშემწეს ვთხოვე, საშვი დაეშვა, ავიდა ჩემს ოთახში ჩვეულებრივად. მე ფიზიკურად ვერ მოვახერხე ასვლა ერთი საათი. გავიგე, სურათი გადაუღია, ჩემს სკამზე დამჯდარა, შეიძლება უნდა პარლამენტის წევრი გახდეს ან უხარია სურათის გადაღება. არ ვიცი, განცვიფრებული ვარ, რას ემსახურება ეს.
მე შევხვდი დაბლა, ვთხოვე სესიაზე ავალ და დამიცადე-მეთქი, რაიმე თემაზე საუბარი ვერ მოვახერხეთ. რაღაცაზე უნდოდა შეხვედრა, ბიზნესზე. არ უთქვამს არაფერი, გაგრძელდა სესია და ვერ მოვახერხე საუბარი. ვიცი, რომ ბიზნესმენი ბიჭია, 15 წლის წინ ნავთობგადაზიდვებში იყო, როცა მქონდა შეხება“, - განაცხადა ჩიგოგიძემ.
კითხვაზე: დარბაზის ფოტო, რომელიც ფიფიამ გამოაქვეყნა, მისი გადაღებულია თუ არა, ჩიგოგიძე პასუხობს - "ახალი გადაღებული არ არის. დიდი ხნის წინ გადაღებულია და აღებული აქვს, რაში სჭირდებოდა, არ ვიცი“.
ინტერნეტში მოძიებული მასალების თანახმად, ფიფია რამდენიმე ბიზნესორგანიზაციის დამფუძნებელია. რუსული მედიის თანახმად, ის საკმაოდ დაახლოებულია რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან, განსაკუთრებით კი მეგობრობს სერგეი გავრილოვთან. როგორც ირკვევა, ის ვალერი კვარაცხელიასთან ერთად იმ დელეგაციის წევრი იყო, რომელიც რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, საქართველოს დედაქალაქში რუსული "აზიმუტის” პირველ რეისს ჩამოჰყვა. ეკიპაჟის წევრების ინფორმაციით, ბორტზე 86 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ "დელეგაციის” წევრები, "ვისმა დაძაბულმა დიპლომატიურმა შრომამ ნაყოფი გამოიღო”.
მამუკა ფიფიას შესახებ ქართულ მედიაში პირველად 2013 წელს დაიწერა. ქართველმა მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა მაშინ "ფეისბუქის" გვერდზე საკუთარი ტანსაცმელი, ჩანთები და სამკაულები, ხანდაზმულთა პანსიონატის დასახმარებლად, გასაყიდად გამოიტანა. ერთ-ერთი ნივთი "ჰერმესის“ ფირმის ჩანთა გახლდათ, რომელსაც ბეგაშვილი 10 ათას დოლარად ყიდდა. ჩანთის რეალური ღირებულება კი 30 ათასი დოლარი იყო. მედია წერდა, რომ ხსენებული ძვირფასი ნივთები და თბილისში ბინაც კი მას რუსეთში მცხოვრებმა მულტიმილიონერმა ბიზნესმენმა, მამუკა ფიფიამ აჩუქა. შორენა ბეგაშვილთან სასიყვარულო ურთიერთობაზე კომენტარი გააკეთა ფიფიამ, რომელიც მაშინ უკვე დაოჯახებული გახლდათ.
"შორენას კარგად ვიცნობ, მაგრამ რომანი რატომაა, ერთი-ორჯერ შევხვდით და ეგ იყო. ისე კი, საქართველოში ეს რომანია. თუ შეხვდი ან დაურეკე, რა თქმა უნდა, ცოლად უნდა მოიყვანო. თუ ერთად გაიარეთ სადმე, ეს უკვე ორსულობით დამთავრდება. საქართველოში ასეა მიღებული, მამაკაცსაც დაგაორსულებენ", – განაცხადა მაშინ "კვირის პალიტრასთან“ კომენტარში მამუკა ფიფიამ.
ბიზნესმენი მეგობრობს რუსული წარმოშობის მოდელ ირინა შეიკთან. 2013 წელს ფიფია და ირინა შეიკი კრისტიანო რონალდოსთან ერთად საქართველოს სტუმრობდა. როგორც ირკვევა, მათ სწორედ ფიფია მასპინძლობდა.
"ირა და ჩემი მეუღლე მაკა უფრო მეგობრობენ, ერთმანეთთან ყოველთვის "ხაზზე" არიან. ცხოვრებაში ისეთივე ლამაზია, როგორიც ჟურნალსა და ტელეეკრანზე. რაც შეეხება მის ადამიანურ თვისებებს, ერთგული მეგობარი და უბრალო გოგონაა. როდესაც ერთად ვიკრიბებით, სადაც არ უნდა ვიყოთ, მაგრად ვერთობით. მაგალითად, ბოლოს მადრიდში რონალდოს დაბადების დღეზე ვიყავით. დიდებულად მიმიღეს, კარგი პატივი მცეს. ღამე მომშივდა, ორი თუ სამი საათი იყო, ყველას ეძინა. რონალდომ მაცივარი გააღო და ვივახშმეთ...“ - ყვებოდა ის იმჟამად.