„პალიტრა L-ის“ კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული და ცნობილი რომანების ავტორი თინათინ ბერიძე ახალ წიგნს წარადგენს. პრეზენტაცია 20 სექტემბერს, კაფე „პიატოში“ გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერი მსურველითვის თავისუფალია.
ავტორის ახალი რომანი „ცხოვრება ჩოგბურთის წესებით“ უკვე ხელმისაწვდომია როგორც წიგნის მაღაზიებში, ისე ონლაინ, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე.
„ცხოვრება ჩოგბურთის წესებით“ ავტორმა კოვიდპანდემიის პერიოდში დაწერა. როგორც თავად განმარტავს, ჩოგბურთი ყოველთვის იწვევდა მის ინტერესს, თუმცა დროის დეფიციტის გამო, მისთვის თვალის მიდევნებას ვერ ახერხებდა. ცხოვრების წესის ცვლილებამ საშუალება მისცა, მეტი შეეტყო აღნიშნული სპორტის შესახებ და რომანის დაწერის იდეაც სწორედ აქედან გაჩნდა. უფრო მეტს მკითხველი შეიტყობს პრეზენტაციაზე, სადაც ავტორი მათ დასმულ კითხვებს უპასუხებს.
თინათინ ბერიძე თანამედროვე ავტორია, რომლის პირველი ორი რომანი: „მოპარული სიყვარული“ და „მეორე შანსი“ სწრაფად მოხვდა ბესტსელერთა სიაში და დღემდე წამყვან პოზიციას იკავებს.
მესამე წიგნის პრეზენტაცია კაფე „პიატოში“ (კანდელაკის N7) 19:00 საათზე დაიწყება. მკითხველები ადგილზე ავტორის ახალი რომანის შეძენასაც შეძლებენ.