ავტორი:

"მოგიწოდებთ, აღმართოთ თეთრი დროშა და ჩააბაროთ ყველა იარაღი... წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება“ - ალიევის ადმინისტრაცია

"მოგიწოდებთ, აღმართოთ თეთრი დროშა და ჩააბაროთ ყველა იარაღი... წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება“ - ალიევის ადმინისტრაცია

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ანტიტერორისტული ღონისძიების შესაჩერებლად, სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა ჩააბარონ იარაღი, წინააღმდეგ შემთხვევაში ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება.

"სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შექმნილი და დღემდე მხარდაჭერილი არალეგალური რეჟიმის მოწოდებასთან დაკავშირებით „მოლაპარაკებების დაწყების“ შესახებ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენჯერმე მიიწვია ჩვენი ქვეყნის ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლები დიალოგისთვის, რეინტეგრაციის საკითხების განხილვის მიზნით. თუმცა, მათ ყოველ ჯერზე უარი განაცხადეს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს მზადყოფნას ევლახში შეხვდეს ჩვენი ქვეყნის ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლებს. თუმცა, ანტიტერორისტული ღონისძიებების შესაჩერებლად, არალეგალურმა სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა აღმართონ თეთრი დროშა, ჩააბარონ ყველა იარაღი და უკანონო რეჟიმი უნდა დაიშალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად ადგილობრივ ანტიტერორისტულ ზომებს ახორციელებენ.

ერევანმა აზერბაიჯანის ქმედებები ყარაბაღის წინააღმდეგ მორიგ აგრესიად შეაფასა. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკოლ ფაშინიანი დღეს სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს.