"ფარცხალაძემ რა, საქართველოს ტერიტორია გაყიდა? საქართველოს სახელმწიფო ქონება გაასხვისა ან აჩუქა? ან ჩაიდინა ისეთი ქმედება, რომელმაც დააზარალა ჩვენი ქვეყანა, თუ მოიწონა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლის მიღება-არმიღებაზე, პირადად მას ან მისი მეშვეობით საქართველოს ხელისუფლებას არავითარი ბერკეტი არ ჰქონდა" - აცხადებს "ევროპელი სოციალისტი" პარლამენტარი ფრიდონ ინჯია, რომელიც "ვერ ხვდება" რა ჩაიდინა რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში დადანაშაულებულმა ოთარ ფარცხალაძემ.
ფარცხალაძე ინჯიამ დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან დაიცვა, პრეზიდენტ ზურაბიშვილს კი "ორმაგი აგენტი, ვაი პრეზიდენტი" უწოდა:
"შეიძლება ვინმემ მითხრას, თუ რა უნდა გაეკეთებინა ასეთ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას - რა ფეხები გაესავსავებინა? ისტერიკა აეტეხა, როგორც ეს გააკეთა ქვეყნის ორმაგმა აგენტმა, ვაი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის პრეზიდენტის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საქართველოს მილიონები დამატებით მიაღებინა (იგულისხმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა - რედ) ამბობს ინჯია. მისი თქმით, აშშ-მ ფარცხალაძე "ყოველგვარი არგუმენტაციის" გარეშე დაასანქცირა, ხოლო იმას, ვინც "მართლა ტერიტორიები გაყიდა", სანქციებს არ უწესებს.
ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძის უფლებები საქართველოს პროკურატურამ უნდა დაიცვას:
"საქართველოს მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია, არავის არ აქვს უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეზღუდოს მოქალაქის უფლებები. ეხლა გამაგებინეთ, ვინ უნდა დაიცვას დღეს ფარცხალაძე ეროვნული ბანკის ანტიკონსტიტუციური ქმედებისგან?... მე ვფიქრობ, პროკურატურამ. დღეს ფარცხალაძეა, ხვალ სხვა იქნება", - ამბობს ინჯია.
შეგახსენებთ, ქართულმა ბანკებმა ოთარ ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს, შეჩერებულია გადარიცხვები - შესაბამისი განცხადება ეროვნულმა ბანკმა 18 სექტემბერს გაავრცელა.