თუ პირი ხდება სხვა ქვეყნის მოქალაქე, ისე რომ საქმის კურსში არ აყენებს ქართულ უწყებებს, ამ შემთხვევაში საკითხის შესწავლა იწყება და შეიძლება დადგეს მათ შორის, დღის წესრიგში მოქალაქეობის დაკარგვის საკითხი. მე როგორც ვიცი, ამ საქმის შესწავლა დაწყებული აქვს იუსტიციის სამინისტროს, ეს არის უწყებების საქმე,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, არ იცის, აქვს თუ არა ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობა, თუმცა, იცის, რომ მას აქვს საქართველოს მოქალაქეობა და როცა საუბარია ანგარიშების გაყინვაზე, კობახიძე ამბობს, რომ მასზე სანქციების ის რეჟიმი ვერ გავრცელდება, რაც არამოქალაქეზე ვრცელდება. მისი მოქალაქეობის საკითხის შესწავლა კი, მისივე თქმით, "არის ცალკე თემა“.
"საქართველოს მოქალაქეობაც აქვს და შეიძლება სხვაც აქვს. დღემდე ოთარ ფარცხალაძე არის საქართველოს მოქალაქე, მე არ ვიცი, (აქვს თუ არა რუსეთის მოქალაქეობა), მაგრამ ვიცი, რომ არის საქართველოს მოქალაქე. ყველაფერი შეიძლება იქნას შესწავლილი. მე როგორც ვიცი, იუსტიციის სამინისტროს აქვს დაწყებული მოქალაქეობის შესწავლა. ეს არის ცალკე თემა, მაგრამ ვიდრე პირი არის საქართველოს მოქალაქე, მასზე ვერ გავრცელდება ის რეჟიმი, რაც შეიძლება გავრცელდეს არამოქალაქეზე. ეს არის უმარტივესი სამართლებრივი თემა. გარკვეული კომენტარები ვნახე ამ თემაზე და შეიძლება ოროსანი ანა ბუჩუკური ვერ ერკვეოდეს ასეთ თემებში, თავი სპეციალისტი ჰგონია, მაგრამ ოროსანია სინამდვილეში. რაც შეეხება რომან გოცირიძის კომენტარს, იცის ხოლმე კარგი ხუმრობები, მაგრამ რაც შეეხება სერიოზულ თემებს, მასაც ძალიან უჭირს ხოლმე.
თუ პირი ხდება სხვა ქვეყნის მოქალაქე ისე, რომ საქმის კურსში არ აყენებს ქართულ უწყებებს, ამ შემთხვევაში საკითხის შესწავლა იწყება და შეიძლება დადგეს მათ შორის, დღის წესრიგში მოქალაქეობის დაკარგვის საკითხი. მე როგორც ვიცი, ამ საქმის შესწავლა დაწყებული აქვს იუსტიციას, ეს არის უწყებების საქმე, დაელოდეთ და ნახავთ,“ - განაცხადა კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გაგზავნილა.ამის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ "ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიიღო.
კანონმდებლობის გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქე საქართველოს მოქალაქეობას კარგავს, თუ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა ან მიღებული აქვს თანხმობა მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე).