ავტორი:

დაპირისპირება თბილისში ჩრდ. ოსეთის მკვიდრებსა და სომხებს შორის მკვლელობით დასრულდა - "არის მცდელობა, ეს გამოიყენონ ეთნიკური სიძულვილის გასაღვივებლად"

დაპირისპირება თბილისში ჩრდ. ოსეთის მკვიდრებსა და სომხებს შორის მკვლელობით დასრულდა - "არის მცდელობა, ეს გამოიყენონ ეთნიკური სიძულვილის გასაღვივებლად"

ვებპორტალის ekhokavkaza.com ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთის ადამიანის უფლებათა კომისარმა თამერლან ცგოევმა მიმართა საქართველოს ომბუდსმენს ლევან იოსელიანს და სთხოვა გააკონტროლოს ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრის მკვლელობის გამოძიება.

ცგოევის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილმა მკვლელობამ "სერიოზული საზოგადოებრივი აღშფოთება გამოიწვია, მათ შორის სოციალურ ქსელებში“.

"რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის და იმ რთული პერიოდის პირობებში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არის მცდელობა, გამოიყენონ ეს დანაშაული ეთნიკური სიძულვილის გასაღვივებლად. ჩადენილ დანაშაულზე და შესაძლო პროვოკაციების ჩახშობაზე ერთადერთი სამართლიანი პასუხი, დამნაშავის დასჯა იქნება", - წერს ცგოევი "ტელეგრამში".

მანამდე რუსული მედია წერდა, რომ ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი ვადიმ დამბეგოვი და მისი მეგობრები საქართველოში მანქანის საბუთების გასაფორმებლად ჩამოვიდნენ. თბილისში მათ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდათ ეთნიკურ სომხებთან. ჩხუბის დროს დამბეგოვს დანით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, დაჭრილი მისი ერთი მეგობარი კლინიკაში მკურნალობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 სექტემბერს განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი, ადრე ნასამართლევი ვ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის იარაღი - დანა ამოღებულია.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული ვ.შ. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, შელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ფიზიკური დაპირისპირებისას ორი პირი: 1980 წელს დაბადებული ვ.დ. და 1985 წელს დაბადებული ს.დ. დანის გამოყენებით დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ვ.დ. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო ს.დ.- ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ვ.შ. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლი "ლ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.