დღეს საგარეჯოს ცენტრში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე არასრულწლოვანი კი დაშავდა. შემთხვევა საგარეჯოს მე-3 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილობრივების თქმით, სწრაფად მოძრავი "მიცუბიშის" მარკის მანქანის მძღოლმა, რომელსაც 1-ელი საჯარო სკოლის მოსწავლე მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ გზის ნაპირზე მდებარე თონეს, შემდეგ კი სხვა მსუბუქ მანქანას და იქვე მყოფ ქალს შეეჯახა.
ჩვენი ინფორმაციით, ავტომობილს არასრულწლოვანი მართავდა, შესაბამისად მას არ ექნებოდა არც მართვის მოწმობა.
დაშავებული ქალი ადგილზე გარდაიცვალა. “მიცუბიშის“ მარკის ავტომობილში მყოფი 1-ელი საჯარო სკოლის 6 მოსწავლე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაშავებულებს მოტეხილობები აღენიშნებათ, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
AMBEBI.GE საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელს ლელა ფანოზიშვილს ესაუბრა:
"სატრანსპორტო შემთხვევა მე-3 სკოლასთან მოხდა. ავარიის დროს ავტომანქანაში მჯდომი 4 უფროსკლასელი მოზარდი დაშავდა, მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩნენ, მათ სავარაუდოდ, მალე გამოწერენ. არ ვიცით, ვინ მართავდა საჭეს, ვადგენთ მის ვინაობას. შემთხვევას უშუალოდ არ შევსწრებივარ, მაგრამ როგორც თქვეს, ავტომანქანა ჯერ სკოლასთან მდებარე თონის კედელს შეეჯახა, შემდეგ კი ქუჩაში შემთხვევით გამვლელ ქალბატონს, რომელიც, სამწუხაროდ, ადგილზე გარდაიცვალა. მიმდინარეობს მისი ვინაობის დადგენაც, მხოლოდ ის ვიცით, რომ სკოლის მასწავლებელი არ ყოფილა“.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.