ავტორი:

საფრანგეთი Iphone 12-ის გაყიდვას კრძალავს: რადიაციული სიხშირეების ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, მისი გამოსხივება ევროკავშირში დაშვებულ სტანდარტზე მაღალია - რას აცხადებს Apple?

საფრანგეთი Iphone 12-ის გაყიდვას კრძალავს: რადიაციული სიხშირეების ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, მისი გამოსხივება ევროკავშირში დაშვებულ სტანდარტზე მაღალია -  რას აცხადებს Apple?

Apple საფრანგეთის ბრალდებებისგან ცდილობს თავის დაცვას. ქვეყანა კომპანიას ადანაშაულებს, რომ Iphone 12-ის რადიაციული ზემოქმედება ევროპის ლიმიტებს აჭარბებს. შედეგად, ფრანგმა მარეგულირებლებმა გაყიდვების შეჩერება და მომხმარებლებისთვის უკვე მიყიდული ტელეფონების შეკეთების ბრძანება გასცეს.

საფრანგეთის რადიაციული სიხშირეების ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ მათ Apple-ს 2023 წლის 12 სექტემბრიდან iPhone 12-ის საფრანგეთის ბაზრიდან გატანა მოსთხოვეს. მათი თქმით, ტელეფონი არ აკმაყოფილებს ევროკავშირის რეგულაციებს.

სააგენტოს პრეტენზიებთან დაკავშირებით Apple-მაც გააკეთა განცხადება. მათი თქმით, კომპანიამ სააგენტოს უკვე მიაწოდა დამოუკიდებელი მესამე მხარის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ მოწყობილობა გლობალურ სტანდარტებს შეესაბამისება. კომპანიის თქმით, ისინი სააგენტოს დასკვნებს აპროტესტებენ, თუმცა მათთან მუშაობას განაგრძობენ.

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, "დღემდე ჩატარებული მრავალი კვლევის თანახმად, ჯანმრთელობისთვის არასასურველი ეფექტი არ ყოფილა მიზეზობრივად დაკავშირებული უკაბელო ტექნოლოგიების ზემოქმედებასთან".

საფრანგეთის ციფრული ეკონომიკის მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ დაადასტურა, რომ Iphone 12-ის გაყიდვები ქვეყანაში მანამ იქნება აკრძალული, ვიდრე Apple ყველა მოწყობილობას არ განაახლებს.

"საფრანგეთის რადიაციული სიხშირეების ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ Iphone 12-ის გამოსხივება ოდნავ აღემატება დაშვებულ ზღვარს. ეს დონე 10-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ის დონე, რომელზეც შანსია, რომ ჯანმრთელობის რისკები წარმოიშვას", - დაწერა ბარომ "ტვიტერზე".

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა