ავტორი:

დაუმარცხებლობის მითი დანგრეულია - რა დარჩა რუსეთის შავი ზღვის ფლოტიდან?

დაუმარცხებლობის მითი დანგრეულია - რა დარჩა რუსეთის შავი ზღვის ფლოტიდან?

13 სექტემბერს, გამთენიისას, რამდენიმე აფეთქება მოხდა რუსეთის მიერ ანქსირებულ უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში. სარაკეტო თავდასხმების შედეგად, ორჯონიკიძის სახელობის სევასტოპოლის საზღვაო-სარემონტო ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რემონტზე მყოფი ორი გემის დაზიანების შესახებ განაცხადა. რუსულმა "ტელეგრამარხებმა" თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით დააზუსტეს, რომ იერიშის შედეგად დაზიანდა დიდი სადესანტო გემი "მინსკი“ და ე.წ. დიზელ-ელექტრონული წყალქვეშა ნავი "დონის როსტოვი“.

14 სექტემბერს, რუსულმა მედიამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა შავ ზღვაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ხუთი დრონი გაანადგურეს, რომლებიც გემ "სერგეი კოტოვზე” თავდასხმას ცდილობდნენ.

თუ თვალს გადავავლებთ საჯარო წყაროებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებულ ცნობებს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანი აგრესიის განმავლობაში უკრაინამ ორ ათეულამდე სხვადასხვა სიმძლავრის რუსეთის სამხედრო ხომალდი და კატარღა გამოიყვანა მწყობრიდან ან ჩაძირა.

"რაც უფრო მცირეა რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, მით უფრო უსაფრთხოა შავი ზღვა", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. იგი ამ განცხადებით უკრაინის ქალაქებზე შავი ზღვიდან სარაკეტო თავდასხმების შემცირებას გამოეხმაურა. ამას კი წინ უძღოდა საავიაციო და საზღვაო დრონების მასშტაბური თავდასხმა შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე სევასტოპოლში, 2022 წლის 29 ოქტომბერს.

Navy Lookout-ის თანახმად, რუსეთის საზღვაო ბაზაზე უკრაინული დრონების თავდასხმამ ნათლად აჩვენა, რომ რუსული გემები თავიანთ ნავსადგურშიც ვერ იქნებიან უსაფრთხოდ. გარდა ამისა, უჭირთ პორტის დაცვა, დაზვერვა და მტრის შესაძლებლობების ზუსტი შეფასება.

  • მარცხის ქრონიკა

რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე შეტევების სერია უკრაინაში შეჭრის პირველი კვირებიდან დაიწყო. ყველაზე მტკივნეული დარტყმა აპრილში, "მოსკოვის" ჩაძირვა იყო. დიდი ალბათობით, გემს უკრაინული "ნეპტუნის" ორი რაკეტით დაესხნენ თავს.

გარდა ამისა, გაზაფხულზე და ზაფხულში დაფიქსირდა თავდასხმები შავ ზღვაში დისლოცირებულ რუსულ გემებზე: Novocherkassk, Caesar Kunikov, Vasili Bekh და Vsevolod Bobrov.

2022 წლის 9 ნოემბერის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 16 რუსული გემი და კატარღა იყო უკვე განადგურებული, მაგრამ ამ სტატისტიკაში არაფერი იყო ნათქვამი ფრეგატ "მტაცებლზე" - BBC News Ukraine-ის ცნობით, მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა 29 ოქტომბერს, სევასტოპოლის ყურეზე თავდასხმის დროს.

სევასტოპოლის ბაზაზე თავდასხმის შემდეგ მისი წყლებიდან რაკეტების გაშვების რაოდენობა შემცირდა.

  • რა დარჩა შავი ზღვის ფლოტიდან?

როგორც უკრაინული მედია წერს, არც თუ დიდი ხნის წინ, თავისი ბაზირების პუნქტიდან - ნოვორასიისკიდან სევასტოპოლში ჩავიდა 06363 პროექტის 2 წყალქვეშა ნავი (შავი ზღვის ფლოტში ასეთი სუბმარინი სულ ექვსია), რომელთაც შეუძლიათ ფრთოსანი რაკეტების გაშვება.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.

"ადმირალი "ესენი"

"მათ ასევე ჰყავთ 11 ხომალდი, რომელთაც შეუძლიათ რაკეტების გაშვება, მაგრამ ამისთვის ამ ეტაპზე მზად მხოლოდ 3 წყლის ზედა ხომალდი, მათგან ერთ-ერთია "ადმირალი "ესენი"... ის აღჭურვილია რაკეტების გამშვები და საზენიტო კომპლექსებით. მას ასევე შეუძლია ბორტით გადაიყვანოს სამხედრო ვერტმფრენი", - ამბობს ექსპერტი ანდრეი რიჟენკო.

მისი თქმით, ზემოთ ნახსენები წყალქვეშა ნავებისა და ამ სამი ხომალდის გარდა, კიდევ არის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში სხვა ხომალდებიც, მაგრამ ისინი ამ ეტაპზე არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ დარტყმა განახორციელონ.

  • დამალვის მცდელობები

უკრაინის მოქმედებებმა შავ ზღვაში, მათ შორის სარაკეტო თავდასხმებმა, რუსულ ფლოტს უკან დახევა და სევასტოპოლის ყურეებში "დამალვა“ აიძულა.

გლობალური კვლევების ცენტრის "სტრატეგია XXI" უსაფრთხოების პროგრამების ხელმძღვანელი, ყოფილი საზღვაო ოფიცერი პაველ ლაკიჩუკი ამ მდგომარეობას მეორე მსოფლიო ომში გერმანული საბრძოლო გემების მდგომარეობას ადარებს: დიდი გემების დაკარგვის შიშით, გერმანელები, პრაქტიკულად, არ იყენებდნენ მათ ბრძოლებში და პორტებში ინახავდნენ.

”იგივე ხდება შავი ზღვის ფლოტთან დაკავშირებით: რუსეთი ფლობს დიდ ხომალდებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მათ დამალვას ამჯობინებს“, - ამბობს პაველ ლაკიჩუკი.

მაგრამ სად შეიძლება დამალონ რუსული გემები? - ამისთვის მთავარი ვარიანტი ნოვოროსიისკის პორტია.

ეს არის ქალაქი კრასნოდარის ოლქში, რომელიც საზღვაო ინფრასტრუქტურას ფლობს. მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ სამხედრო ნავსადგური იქ ბევრად უფრო პატარაა.

შესაბამისად, გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთი ბალაკლავაში საბჭოთა პერიოდის საზღვაო ბაზის აღდგენის აპირებს, რომელიც წყალქვეშა თავშესაფარსაც მოიცავს. წყარო

იხილეთ ასევე: