ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თაობაზე, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საჭიროებს დემონტაჟს.
"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ აღნიშნული ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს არ ჩაუტარებია" - ნათქვამია სამხარაულის ბიუროს განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. შესაბამისი შეტყობინება უკვე დაეგზავნათ უნივერსიტეტის С კორპუსის სტუდენტებს.
ასევე აღნიშნულ შენობაშია ილიას უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი, რომლის დახურვის შესახებაც პედიატრბმა მშობლებს დღეს შეატყობინა.
"შემზარავი ამბავი დაგვატეხეს დღეს თავს ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის ბენეფიციარებს. გაუფრთხილებლად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ორი საათის წინ ვიგებთ, რომ ცენტრი იხურება. სამხარაულმა მოითხოვა მთელი შენობის (საუბარია ილიას უნივერსიტეტის მთავარ კორპუსზე) დანგრევა! უნდა დაინგრესო, ხალხო. ამას გვიცხადებენ სწავლის დაწყების წინა დღეს და ასზე მეტ აუტისტ ბავშვს ტოვებენ თერაპიების გარეშე.... მე ვიცი, რომ დედები ხვალიდან მოვიკრებთ ძალას და ყველაფრის ფასად, ყველაფრის, შევეცდებით ჩვენი შვილებისთვის ასე მხეცურად წაგლეჯილი და პრინციპში, ერთადერთი სოციალური სივრცე მოვიპოვოთ. ვიცი, რომ დავიგლეჯთ უკანასკნელ ნერვს, გავათენებთ ღამეებს, როგორც ეს უკვე არაერთხელ მოუწიათ ამ დამპალ სახელმწიფოში სხვადასხვა პრობლემის მქონე შვილების დედებს, მაგრამ ყველას გთხოვთ, ნუ შეგვატოვებთ ამ გაუგონარ სიველურეს, ვანდალიზმს, ზიზღს, ბოროტებას მარტო დედებს, ჩვენ თუნდაც ყველაფრისშემძლეებივით აღქმულები ერთ დღეს უბრალოდ ქანცში გავწყდებით“ - დაწერა გვანცა გულიაშვილმა, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონა ბავშვის დედაა.
წაიკითხეთ ასევე: