ავტორი:

"სოფია ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად, ჩვენ მეზობლად ვცხოვრობთ, ასეთია ბავშვების სურვილი" - ირაკლი ფირცხალავა ყოფილ მეუღლესა და წარსულის მძიმე დღეებზე

"სოფია ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად, ჩვენ მეზობლად ვცხოვრობთ, ასეთია ბავშვების სურვილი" - ირაკლი ფირცხალავა ყოფილ მეუღლესა და წარსულის მძიმე დღეებზე

ირაკლი ფირცხალავა ქართული წარმოშობის ერთ-ერთი ცნობილი მომღერალია, რომელიც წლები ცხოვრობდა რუსეთის დედაქალაქში. მისი მუსიკალური კარიერაც სწორედ მოსკოვში პროექტ "ვარსკვლავების აკადემიიდან“ დაიწყო.

იქვე დაოჯახდა მსახიობსა და მოდელ სოფია გრებენშჩიკოვაზე, თუმცა ოთხი წლის შემდეგ წყვილი განქორწინდა. ყოფილ მეუღლეებს ორი საერთო შვილი, ვაჟები,13 წლის ილია და 10 წლის ალექსანდრე ჰყავთ.

45 წლის მუსიკოსთან ინტერვიუდან ფრაგმენტებს რუსული მედია ავრცელებს. ფირცხალავას ვრცელი ინტერვიუ ორი დღის წინ, ერთ-ერთ რუსულ არხზე შედგა. მომღერალი ამბობს, რომ ყოფილ მეუღლესთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას ახერხებს. მისი თქმით, სოფია ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად და არც ისე შორს დასახლდა მისგან. მომღერლის თქმით, ქალი ამაზე მათი საერთო შვილების თხოვნით დათანხმდა.

"მეზობლად ვცხოვრობთ როგორც საერთო შეთანხმებით, ასევე ბავშვების სურვილით. როდესაც რუსეთიდან საცხოვრებლად ესპანეთში წავედი, ჩემი შვილები ჩემთან ერთად წამოვიდნენ, ყოფილი მეუღლეც ხშირად ჩამოდიოდა ჩვენთან. საქართველოშიც ჩვენ ერთად ვცხოვრობთ ერთ ქალაქში და ასე ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას“, - განმარტა მომღერალმა.

ფირცხალავამ ასევე განქორწინების მიზეზებზე ისაუბრა, მისი თქმით, უკვე გააანალიზა ის შეცდომები, რამაც მისი ქორწინების დაშლა გამოიწვია. ამაში კი ღმერთის რწმენა და პიროვნული ზრდის ვარჯიშები დაეხმარა. ახლა ფირცხალავა სოფიას "ძვირფას ადამიანად“ მიიჩნევს.

"მათ შემომთავაზეს ის გზები, რომლებიც ადრე არ გამომიყენებია ჩემი ეგოიზმისა და სიამაყის გამო. ამ ყველაფერმა საშუალება მომცა დამეცვა ურთიერთობა ყოფილ მეუღლესთან, მაგრამ წარმოუდგენლად ძვირფას ადამიანთან. ჩვენ მშვიდი ხალხი არ ვართ, შეიძლება ვიჩხუბოთ, მაგრამ საერთო ენას სწრაფად ვპოულობთ და შერიგებისკენ მივდივართ. იმედი მაქვს ასე გაგრძელდება. იმის გამო, რომ არაფერია სტაბილური და მარადიული, არავინ არ არის დაცული შეცდომებისგან და იმისგან, რომ რაღაც შეიძლება დაირღვეს. ამიტომ, ღვთის მადლითა და ჩემი მონდომებით, ასე გრძელდება, რადგან ყველაფერს ვაკეთებ ბავშვების გულისთვის და საერთოდ... ჩვენ ერთმანეთი საოცრად გვიყვარდა და დიდი მოგონებები გვაქვს...“

ინტერვიუში მომღერალმა რამდენიმე წლის წინ მომხდარ ტრაგედიაზეც ისაუბრა. მისი თქმით, კლინიკური სიკვდილი განიცადა. ეს მოხდა გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, რომელსაც თან ახლდა უძილობა და ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები. ფირცხალავა ამბობს, რომ კლინიკური სიკვდილის დროს მან იგრძნო ძალა და სიმშვიდე. ამ შემთხვევის შემდეგ კი ირწმუნა ღმერთი და შეუერთდა ტაძრის მრევლს.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ მომღერალი უძრავი ქონების ბიზნესში ჩაერთო. 2023 წლის ივლისში ირაკლიმ სცადა თბილისში უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო გამოფენა მოეწყო, მაგრამ ღონისძიება გაუქმდა, რადგან ვარსკვლავს ბრალი დასდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინების მიყიდვაში.

ირაკლი ფირცხალავა არ არის პირველი, ვინც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საინფორმაციო სივრციდან გაქრა. 2022 წლის დასაწყისიდან ბევრი ცნობილი სახე მიიმალა ან შეცვალა პროფესია, წერს რუსული მედია.