ავტორი:

"ცდილობენ, ვიღაცები გადაიბირონ, მაგრამ ჩვენი ფრაქციიდან ამას გამოვრიცხავ..." - პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა და "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზება საპარლამენტო ოპოზიციას

"ცდილობენ, ვიღაცები გადაიბირონ, მაგრამ ჩვენი ფრაქციიდან ამას გამოვრიცხავ..."  - პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა და "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზება საპარლამენტო ოპოზიციას

ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან“ პრეზიდენტის გადასაყენებლად "ოცნებამ“ დეპუტატების გადაბირება მოახერხოს. ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ ეს განცხადება დღეს გააკეთა, როცა ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტთან პირისპირ შესახვედრად მივიდა.

"ოლიგარქიული რეჟიმის მთავარი მანკიერებაც იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოებაში ეჭვი (და არც თუ უსაფუძვლო) არსებობს, რომ ამა თუ იმ ე.წ.ოპოზიციონერის მანდატი შესაძლოა ხელისუფლების სასარგებლოდ იყოს გამოყენებული. პრაქტიკულად, გამოვრიცხავ, რომ მსგავსი რამ მოხდეს, აქ ხომ 1 და 2 ხმაზე არ არის საუბარი, მსგავს მოღალატეობრივ ნაბიჯსაც სჭირდება არაფორმალური რაიმე საფუძველი. 8 და 10 ადამიანი ვერ იტყვის, რომ მათ ღილაკზე ხელი შემთხვევით მიეჭირათ, მაშინ პირდაპირ უნდა თქვას მავანმა - მე ავიღე ფული. არა მგონია, დღეს პარლამენტში ვინმე მოიძებნებოდეს, ვინც ამას გაბედავდა, თუმცა იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილს მიტაცებული აქვს ხელისუფლება და ოლიგარქიული რეჟიმი აქვს დამყარებული, არაფერია გამორიცხული“, - თქვა ნიკა მელიამ მედიასთან.

ოპოზიციაში არსებობს იმის განცდა, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა 12 დეპუტატის გადაბირება მოახერხოს. გადაბირების გარდა, მმართველმა პარტიამ ოპოზიციის დაშანტაჟების კამპანიაც დაიწყო, რაზეც ირაკლი კობახიძის განცხადებაც მოწმობს: "სალომე ზურაბიშვილმა, თავის დროზე, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" იმედით უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც აქვს გარკვეული შიშები, თავს იზღვევს, ესაუბრება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს. მას თუ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" არ გადააყენებს, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს, გამოდის, რომ 2018 წელს 3 მილიონ ამომრჩეველს უთხრეს ტყუილი იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო მოღალატე და რეზიდენტი. ჩვენთვის მთავარია დეპუტატები იყვნენ იმპიჩმენტის პროცედურისთვის მობილიზებული, ეს არის ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვიზრუნებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

საკუთარ რიგებში ხედავს თუ არა გადაბირების რისკებს და ისეთ დეპუტატებს, რომლებიც შესაძლოა დაეთანხმონ პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ambebi.ge-სთან ენმ-ს გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ამას გამორიცხავს და ემხრობა ინიციატივას, რომ იმპიჩმენტის კენჭისყრის პროცედურას ოპოზიცია საერთოდ არ დაესწროს:

"ჯერ ისაა საკითხავი, ხელისუფლებამ რისი გულისთვის წამოიწყო ეს დავა, ვიზიტებისთვის? იმპიჩმენტი თავისი შინაარსით არის ის ნორმა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ კონსტიტუციის უხეშ დარღვევასთან გვაქვს საქმე, რამაც მაგალითად, ქვეყანას, მის ეროვნულ ინტერესს, ან კონკრეტული ადამიანების ჯგუფს ზიანი მიაყენა, პრეზიდენტმა უნდა ჩაიდინოს რაღაცა უბედურება, ძალიან მკვეთრი დანაშაული, ღალატი, გაწიროს ქვეყანა, ადამიანები... ესენი რას დავობენ, როგორ თუ ქალბატონი პრეზიდენტი მატარებლით უცხოეთში გაემგზავრა და იქ ხალხს ხვდებოდა? მოქმედი პრეზიდენტის ამოცანაა და ის ყველგან იმას ითხოვს, სტატუსი მოგვეცითო, ანუ ის იმ საქმეზე დადის, რაც ქვეყნის ინტერესშია, მაგრამ ამის აღსრულებას ახდენს, თუ - ვერა, ეს ცალკე საკითხია.

ზურაბიშვილი თავის გასაკეთებელს რომ ჯერ ვერ აკეთებს, ეს ცხადია - მესამე პრეზიდენტის შეწყალებით უნდა დაიწყოს და მერე ვიზიტით დასავლეთში ჩავიდეს, უთხრას ევროპელებს, მე ჩემი ნაბიჯი გადავდგი და თქვენ რას შვრებითო, მოკლედ, ეს ცალკე დავაა და ამ დისკუსიაში ახლა არ შევალ. თვითონ კობახიძის დაწერილია კონსტიტუცია და მის დარღვევად აღიქვამენ პრეზიდენტის უცხოეთში გამგზავრებას და ევროპულ ვიზიტს, რაც მასში გვიწერია?

პრეზიდენტი შეუთანხმებლად რუსეთში რომ წასულიყო, მაშინაც გაბედავდნენ იმპიჩმენტის წამოწყებას? ჩვენ არანაირ მონაწილებას არ ვიღებთ ამ პროცედურაში, არც "ქოცების" თამაშს ავყვებით, რომელიც თავიდანვე ცხადი იყო, რაც უნდათ და როგორც უნდათ, ისე მოუგროვებიათ 12 ხმა. ამ გადმოსახედიდან თუ ვიღაც არ იყიდეს და არ აიძულეს, მათ 100 ხმა არ აქვთ. მე არ ვიცი, ვისზე მიანიშნებდა ბატონი ნიკანორი, გადაიბირებენო, მაგრამ ყველაფერი მკაფიო და გამოკრისტალებული რომ იყოს (ჯერ კენჭისყრამდე შორია), როგორც ვიცი, ჩვენი გუნდი, საპარლამენტო ფრაქცია გეგმავს, რომ საერთოდ არ შევიდეს დარბაზში.

კენჭისყრა დახურული თუ იქნა და სახელები არ გამოაშკარავდა, მერე ყველას ყველაზე ექნება ეჭვი - ვინ დააჭირა ხელი მწვანე ღილაკს, ვინ გაიყიდა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ვინც არ აპირებს იმპიჩმენტს ხმა მისცეს, მაშინ საერთოდ არ დაესწრონ სხდომას და ყველაფერი ნათელი იქნება. მთლიანობაში რომ ცდილობენ, ვიღაცეები გადაიბირონ, ეს ვიცი, მაგრამ ჩვენი ფრაქციიდან ამას გამოვრიცხავ, ვერავის გადაიბირებენ. იყო საუბრები "ნაცები" მიეყიდებიან, ივაჭრებენო... არავინ არავის მიეყიდება, მიშა სააკაშვილზე გადაწყვეტილების მიღება ქალბატონ სალომეს ცალკე აქვს გასაკეთებელი, იმპიჩმენტით, თუ მის გარეშე, ამას რა მნიშვნელობა აქვს? გასაგებია, რომ ეს პოლიტიკური გამბედაობის საკითხიცაა, მაგრამ ასევე პრაგმატული, ევროპასთან ინტეგრაციის, დეპოლარიზაციის, ქვეყნის ინტერესების ნაწილში - ყველა ასპექტშია ეს გასაკეთებელი და აუცილებელი. არჩევნები მოდის და როგორ, მთავარი ოპოზიციონერი ციხეში უნდა იყოს? ეს გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა და არა რაღაცის სანაცვლოდ - იმპიჩმენტით მემუქრებიან და ამიტომ უნდა შევიწყალოო“.