ავტორი:

"საქართველოში დაახლოებით 7500 სახიფათო ადგილია. მათი მონიტორინგისთვის საჭირო სპეციალური პროგრამა..." - რა სასწრაფო ზომებია გასატარებელი, რომ სტიქიამ ნაკლებად დაგვაზარალოს?

"საქართველოში დაახლოებით 7500 სახიფათო ადგილია. მათი მონიტორინგისთვის საჭირო სპეციალური პროგრამა..." - რა სასწრაფო ზომებია გასატარებელი, რომ სტიქიამ ნაკლებად დაგვაზარალოს?

შოვში დატრიალებული სტიქიური უბედურების შემდეგ კიდევ ერთი ტრაგედია დაატყდა ქვეყანას თავს - 8 სექტემბერს სტიქიამ გურიის რეგიონის არაერთი სოფელი დააზარალა: ძლიერი ნალექის შედეგად დაიმეწყრა სოფლები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სავარგულები, ჩამოიშალა მიწის მასები, გარე სამყაროს მოსწყდა რამდენიმე სოფელი. რაც ყველაზე სამწუხაროა, დაიღუპა 3 კაცი, მათგან 2 მოზარდი. ძლიერმა წვიმებმა დააზარალა ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელიც. 9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე და 79-ე კმ-ებზე მიწა ჩამოიშალა, რის გამოც ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა. სპეციალისტების თქმით, კვლავაც მოსალოდნელია ძლიერი წვიმები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეწყრული და ღვარცოფული მოვლენები. რეალობას ვერსად გავექცევით - მსოფლიოში კლიმატის ცვლილება აისახება ჩვენს ქვეყანაზეც, მაგრამ ისიც რეალობაა, რომ ჩვენი სახელმწიფო ამ ცვლილებებს დიდად მომზადებული ვერ ხვდება. ამ თემაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:

- მადლობა, რომ სწორედ ეს საკითხი გამოარჩიეთ მთავარ თემად. უპირველესად დავიწყებ სამძიმრით, ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების ტკივილს. რაც შეეხება კლიმატის ცვლილებებს, ეს რეალობაა, რომელსაც ვერსად გავექცევით, მაგრამ ეს არ ხდება ადამიანის ბუნებაზე გავლენით. რა თქმა უნდა, ამაში აქვს ადამიანის მოქმედებასაც თავისი როლი, მაგრამ ასეთი კატასტროფული მოვლენები დედამიწის ისტორიაში ბევრჯერ ყოფილა. ერთ-ერთი პირველი მოხდა მილიარდ შვიდასი მილიონის წინ, როდესაც დედამიწის ატმოსფეროში პირველად გაჩნდა ჟანგბადი, დედამიწაზე ნიადაგის შრე წარმოიშვა, რაც ასევე დაჟანგვის პროცესებით იყო განპირობებული. გეოლოგიური მოვლენების გამო უამრავი ძირფესვიანი ცვლილება მოხდა დედამიწაზე ისე, რომ მაშინ ადამიანს ბუნებაზე ზეგავლენის არავითარი საშუალება არ ჰქონდა. გამყინვარების დროს, რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა ადამიანს ბუნებაზე?! მაშ, რასთან გვაქვს ამჟამად საქმე? - 2004 წელს ინდოეთის ოკეანეში მოხდა ერთ-ერთი უძლიერესი მიწისძვრა, ამან გამოიწვია უდიდესი ტალღები ინდონეზიის სანაპიროზე, რამაც 230 000 კაცი შეიწირა, ზოგი ინფორმაციით 300 000-ც კი. მაშინ დაიწყო დედამიწის წარმოსახვითი ღერძის გადახარა და საბოლოოდ 22 მილიმეტრი ანუ სულ რაღაც 2 სანტიმეტრით გადაიხარა, რაც თითქოს არაფერია, მაგრამ ამან განაპირობა ის, რომ პასატები აიწია 10 გრადუსით ჩრდილოეთით და დაიწყო კლიმატის შესამჩნევი ცვლილებები - ფაქტობრივად, თითქმის ყველა სეზონმა გადაიწია ერთი თვით. დედამიწა ასეთ უწონასწორო პირობებს ვერ ეგუება და ახლა სწორედ დედამიწისა და ახალი პირობების ერთმანეთთან შეგუება მიმდინარეობს. რასაკვირველია, ასეთი ცვლილებები გეოდინამიკურ პროცესებს ააქტიურებს. რა თქმა უნდა, ამას ადამიანიც უწყობს ხელს გაუაზრებელი მოქმედებით, მაგრამ ამ პროცესში ადამიანური ფაქტორი მაინც მთავარი არ არის.

ადამიანმა ეს ყველაფერი უნდა გაიაზროს და შეიმუშაოს შემარბილებელ-პრევენციული პოლიტიკა, რაზეც მე დიდი ხანია ვლაპარაკობ. ბატონ ღარიბაშვილს, როდესაც ის პირველ ჯერზე იყო პრემიერი, დევდორაკის ღვარცოფის შემდგომ წერილი მივწერე, რომელშიც ვუხსნიდი, რომ საქართველო პრევენციულ-შემარბილებელი ღონისძიებებით ჩამორჩება თანამედროვე მიდგომებს და სულ სხვა მეთოდები გვაქვს დასანერგი-მეთქი, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. ახლა მაინც დავიწყოთ სასწრაფოდ მუშაობა და ჩვენც შევუერთდეთ ცივილიზებულ სამყაროს. ასეთი ბუნებრივი მოვლენები არ ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში? - რა თქმა უნდა, ხდება, მაგრამ ისინი ტორნადოს, მეწყრის, ღვარცოფისა და ა.შ. თაობაზე საკმაოდ ადრე ახერხებენ მოსახლეობის გაფრთხილებას და ზომების მიღებას. ამაზე პასუხისმგებელია აშშ-ის გეოლოგიური სამსახური, რომელსაც ნასა-სთან ერთად შემუშავებული აქვს კოსმოსური მონიტორინგის სპეციალური პროგრამა. ისინი ახერხებენ ადამიანური მსხვერპლის მაქსიმალურად შემცირებას. ეს დურბინდით დაკვირვებას არ მოაქვს, ამისთვის შესაბამისი პროგრამა დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად აკვირდება სახიფათო უბნებს, მცირე ცვლილებასაც აფიქსირებს და როგორც კი ჩნდება ხიფათი, იძლევა ნიშანს. ამ ყველაფერს აკვირდებიან ოპერატორები მონიტორებზე, სწრაფად მუშავდება მიღებული ინფორმაცია, იგეგმება სასწრაფო ღონისძიებები და იწყება მუშაობა. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ აქ დაახლოებით 7500 სახიფათო ადგილია. ამ რაოდენობის ადგილის მონიტორინგი შეუძლებელია ადამიანური რესურსით, ყოველ წამს მოსულ ამდენ ინფორმაციას ადამიანი, უბრალოდ, ვერ დაამუშავებს. ამისთვის არის საჭირო სპეციალური პროგრამა. სწორედ ეს პროგრამაა პრობლემის გადაწყვეტის გასაღები - ის უნდა ვიყიდოთ, სპეციალისტებს კი ტრენინგები ჩავუტაროთ. შესაძენია შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკაც, რაც არც ისე ძვირია, ყოველ შემთხვევაში, ამის დანერგვის შემდეგ შეუდარებლად ნაკლებ ზიანს მივიღებთ - დაახლოებით 90%-ით ნაკლები ადამიანი დაგვეღუპება. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ სრულად მსხვერპლის აცილება შეუძლებელია, მაგრამ ახალი მეთოდების დანერგვა მაქსიმალურად შეამცირებს. ხანდახან საკუთარი თავის მეშინია, მაგრამ, ფაქტია, ერთ-ერთ ინტერვიუში შოვის ტრაგედიაზე საუბრისას ვთქვი, რომ ამგვარი სტიქიური მოვლენები გურიაშიც მოსალოდნელია-მეთქი. სამწუხაროდ, ჩემი ნათქვამი ახდა. მონიტორინგის სისტემის დანერგვა აუცილებელია, რაც გვიან გავაკეთებთ ამას, მით მეტი იქნება მსხვერპლი.

ჩვენში სიხარბე ისევ ჯაბნის ჭკუას. ხომ გახსოვთ 2015 წლის ვერეს ტრაგედია? მას შემდეგ სულ ვიმეორებ, რომ მდინარის კალაპოტში მშენებლობა არ შეიძლება! მაგრამ ესმის ვინმეს? გაიარეთ დღეს ვერეს ხეობაში და ნახავთ, რომ ისევ კალაპოტშია აშენებული ახალი სახლები. როგორ გაიცა ამაზე ნებართვები, ვინ გასცა? ეს დანაშაულია, რადგან რამდენიმე წლის შემდგომ იგივე შეიძლება განმეორდეს და დაიღუპოს ხალხი. გააგრძელეთ კითხვა