"ამ ეტაპზე, ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული იმაზე, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ იქნეს დაკარგული და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან შემდგომი ნაბიჯები ევროპის გზაზე, დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით: „შეშლილობა იქნება ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ... ქვეყანაში რუსული პროპაგანდა ძალიან ინტენსიურია და ასეთი მიმართულებით თავი აქვთ გამოჩენილი მთელ მსოფლიოში“.
ჯოზეფ ბორელმა ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე ასეთი პასუხი გასცა: გთხოვთ, არასდროს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, ასეთი რამ არასდროს იქნება მიღებული ჩემს მიერ, ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია, ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი“.
მაშინ, როცა პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილი ამბობდა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა სტატუსის მისაღებად, ჯოზეფ ბორელმა პრემიერს პირდაპირ უთხრა, რომ 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამია შესრულებული, სამუშაო ბევრია და სტატუსი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ეს პირობები შესრულდება.
"პოლარიზაცია არა თუ შემცირდა, მოყოლებული შარშანდელი გადაწყვეტილებიდან, როცა კანდიდატის სტატუსი საქართველოს არ მიეცა, არამედ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა - ყველაზე ანტიევროპული და რადიკალური ძალები ამ საკითხს უფრო მეტი პოლარიზაციისთვის იყენებენ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯოზეფ ბორელს, ფაქტობრივად, დათქმები დაუწესა - თუ გინდათ ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდეს, წლის ბოლომდე მოგვეცით სტატუსი.
ორივე მხარის გზავნილებს AMBEBI.GE-სთან პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აფასებს:
"ბორელმა ისაუბრა იმაზე, რა გზავნილებიც ევროპიდან წლებია მოდის - კი, ბატონო, ჩვენ მზად ვართ მიგიღოთო, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ აბსოლუტური კეთილგანწყობა ჩანს, მაგრამ არის რაღაც გარკვეული პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს, ხომ? ბორელის გამოსვლაში ერთი საინტერესო დეტალი იყო - მან თქვა, რომ ევროკავშირის სტატუსი იმისთვის კი არაა საჭირო, რომ ბრიუსელში ვიღაც ადამიანები გავაბედნიეროთ, არამედ, თქვენთვისვეა საჭიროო. რატომ თქვა ეს? იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება ქმნის ისეთ განწყობას, რომ იმათ ვჭირდებით, თორემ ჩვენ ისედაც კარგად ვართო, - ფაქტობრივად, ამას ამბობენ, რაც წარმოუდგენელი თავხედობაა.
როცა ბორელი ამბობს, 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამია შესრულებული, დანარჩენზე მუშაობა გმართებთო, ესენი პასუხობენ, 12-ვე პუნქტი თითქმის შესრულებულიაო, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდება? საყოფაცხოვრებო ენაზე პოლიტიკა არის ასეთი - თქვენ მიხვედით ვიღაცასთან სახლში და ეუბნებით, თქვენთან მინდა ცხოვრება, ის გეუბნებათ, რომ ჩემთან სახლში სიგარეტს არ ეწევიან. თქვენ ეუბნებით, კარგი, არ მოვწევო, კართან დგახართ, ზურგს უკან გაქვთ ხელი წაღებული და იქიდან ბოლი ამოგდის. მასპინძელი კვამლზე მიგანიშნებთ და ურცხვად ეუბნებით, სიგარეტი გადავაგდეო. აბა, ბოლი რომ ამოგდის ზურგსუკანო? და ამაზე პასუხობ, ეგ შენის აქმე არ არისო - ესენი ასე ელაპარაკებიან ევროპელებს. ღარიბაშვილზე საერთოდ რა უნდა ვთქვა, მისი ულტიმატუმის და შანტაჟის ენით საუბარი თავხედობით, უცოდინრობითა და უტიფრობით აიხსნება. ბიჯო, ისინი ხომ არ გვეხვეწებიან, ჩვენ ვთხოვთ. ისინი გეუბნებიან, თამაშის წესები შეასრულეო, შენ კიდე, აბა, ის რომ შეუშვი, აბა, ეს რომ შემოუშვი? ასე და ამ ენაზე, პირდაპირ გეტყვით, ქუჩის ქალები ლაპარაკობენ. თუ გინდათ პოლარიზაცია დასრულდეს, უნდა მიგვიღოთო, როცა ეუბნება, ეს იმას ნიშნავს, როგორც კი სტატუსს მოგვცემთ, მე გამარჯვებას გამოვაცხადებ და ყველას გავუსწორდები, გავლახავ, პოლარიზაციას ცეცხლითა და მახვილით დავასრულებო. პოლარიზაცია სტატუსით კი არ მთავრდება, პოლარიზაცია სრულდება სამართლიანობით.
თუ ქვეყანაში იგივე უსამართლო თამაშის წესები იქნა, სტატუსი ჭამოს ხალხმა? ვერ გავიგე, რას ამბობს ღარიბაშვილი... ეს არის შანტაჟის ენაზე საუბარი. თან ამათ რა ჰგონიათ, იცი? რომ ისინი, იქ, ევროკავშირში ბრიყვები არიან, არაფერი ესმით, რა რას ნიშნავს, რასაც გვინდა იმას ვიზამთ და ვეტყვითო, ასე აზროვნებენ. ესენი 12 პუნქტის შემსრულებლები რომ ყოფილიყვნენ, აქამდეც შეასრულებდნენ. ამის გამკეთებლები რომ არ არიან, ამაშია პრობლემა, თორემ თუ შეასრულეს, პირადი ჯინი კი არ მჭირს ვიღაცის. თუ უნდოდათ, შეესრულებინათ, მაგრამ ამდენი ხანი რომ არ შეასრულეს, საიდან მქონდეს იმედი, რომ ახლა ადგებიან და ფართხა-ფურთხით გააკეთებენ ყველაფერს? ამათ სტატუსი უნდათ, მაგრამ - უფასოდ. როგორ, იცით? - ოჯახში თუ სიგარეტით ხელში შემოგვიშვებთ, კი, ბატონო, მაგრამ სიგარეტს ვერ გადავაგდებ - დაახლოებით ამას ამბობენ. კარს უკან ალბათ ბორელი წითელ ხაზებს გაატარებდა. არ ვიცი, ეს წითელი ხაზები როგორ და სად გადის, მაგრამ გასაგებია, რომ კულისებში ბევრად უფრო მკვეთრად იქნებოდა ყველაფერი ნათქვამი, ვიდრე საჯაროდ ითქვა.“