ავტორი:

"საბას" ფინალისტი წიგნები, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

"საბას" ფინალისტი წიგნები, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

ლიტერატურულ პრემია „საბას“ 2023 წლის ფინალისტების სია ცნობილია. ლიტერატურული პრემია, რომლის მიზანიცაა გასული წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება, გამარჯვებულებს 9 ნომინაციაში გამოავლენს.

გაგაცნობთ გამომცემლობა "პალიტრა L-ის" წიგნებს, რომლებიც ფინალისტთა შორის არიან. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის ნომინაციაში წარდგენილი არიან ირაკლი არიშვილის „დასაწყისის დასასრული“ და ანუკი შატაკიშვილის „წუთით კოსმოსში“.

ირაკლი არიშვილი 21 წლის ახალგაზრდა ავტორია, რომელიც კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებულია. ირაკლი ხალხის რჩეულია და სწორედ საზოგადოების მხარდაჭერით გახდა კონკურსის გამარჯვებული. ამჯერად კი ის „საბას“ ფინალისტებს შორისაა.

ინტრიგა მისი რომანის პირველი გვერდიდანვე ჩართულია. ერთ ჩვეულებრივ დღეს, დილით, მთავარი პერსონაჟი, ახალგაზრდა მამაკაცი აღმოაჩენს , რომ გამქრალია და ვეღარავინ ხედავს! ესოდენ უცნაური გარდასახვა უამრავ ემოციასთანაა წილნაყარი. შეგრძნებათა უცნაურ ლაბირინთში აღმოჩენილი გმირი იწყებს პასუხის ძიებას და ამ გზას ის ბევრ გზაჯვარედინთან მიჰყავს. ის იყურება წარსულში, ოჯახის წევრების, სხვა ადამიანთა ფიქრებში. მისი ძიება იმპულსურია და დამღლელი, მაგრამ გასაღები მაინც აუცილებლად საპოვნელია... ვინ და რა დააბრუნებს გმირს ჩვეულ ორბიტაზე? იქნებ, ნამდვილი ცხოვრება, ანუ ჭეშმარიტი გზა სწორედ რომ ამ გარდასახვიდან იწყება...

რაც შეეხება ანუკი შატაკიშვილს, მისმა ნამუშევარმაც „პალიტრა L-ის“ 2022 წლის კონკურსში გაიმარჯვა. „წუთით კოსმოსში“ გვიამბობს ორი პერსონაჟის შესახებ, რომლებიც ბავშვობაში იცნობდნენ ერთმანეთს, შემდეგ მათი გზები გაიყარა და თითოეულს ბედმა საკმაოდ მძიმე ცხოვრება არგუნა. მთავარი გმირების ბავშვობისდროინდელი სურვილი მთვარეზე გაფრენაა, თუმცა ეს გზა დაბრკოლებებითა და ხიფათითაა სავსე. წიგნი მოგვითხრობს, როგორ უმკლავდებიან პერსონაჟები ამ ხიფათიან გზას.

„ნებისმიერი ადამიანი, ვინც წაიკითხავს, იმ ემოციებით დაიტვირთება, რა ემოციებითაც მე ამ რომანს წლების მანძილზე ვწერდი და დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალა შეემატებათ, რაც მინდა, რომ რომანის კითხვის დროს მკითხველმა იგრძნოს,“ - აღნიშნავს ავტორი.

„საბას“ ფინალისტებში საუკეთესო პროზაულის კრებულის ნომინაციის ფინალისტია ლუკა ბაქანიძე და მისი კრებული „რომელი ხარ სარდაფსა შინა“. ეს ავტორის მეორე პროზაული კრებულია. „ბაქანიძე დეტალების ავტორია - ის იმას ხედავს, რაც რიგითი თვალისთვის შეუმჩნეველია; ის იმიტომ გიყვება, რომ უხილავი დაგანახოს. თან ამას სიყვარულით აკეთებს.. აქ გრძნობ იასამნის სურნელს, რომელიც სახლს გაგონებს, აქ ისევ სულს გიხუთავს პანდემიის შეზღუდვები, რომელიც თითქოს დაივიწყე. აქ შენც ისე ესაუბრები ძაღლებს, თითქოს მათ მაგივრად ადამიანი გისმენდეს. აქ შენც ხვდები ბავშვობის მეგობრებს, თავად ბავშვებს, ბავშვივით გულწრფელ კაცებს და, რა თქმა უნდა, მეთევზეებს, მეთევზეებს,მეთევზეებს _ ბავშვებს, ზრდასრულებს, მოხუცებს... არ ვიცი, როგორია მეთევზისთვის საუკეთესო ამინდი, მაგრამ ვიცი, როგორი ამინდია ბაქანიძის ტექსტებში _ სევდის, სიყვარულის, პაწია დეტალების _ საუკეთესო ამინდი სიცოცხლის შესაგრძნობად,“ - ასე ახასიათებს თამთა მელაშვილი ლუკა ბაქანიძეს.

აღსანიშნავია, რომ ლუკამ 2017 წელს მიიღო „საბას“ პრემია მოთხრობათა კრებულისთვის „სად ხარ, ლაზარე“.

„საუკეთესო რომანის“ ფინალისტებს შორის „პალიტრა L-ის“ 2 წიგნია. ესენია რატი რატიანის „რომეო იცინოდა“ და თამრი ფხაკაძის „ჩვენ, თურმელები".

რატი რატიანი ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე ქართველი ავტორის ნინო სურამელაშვილის ფსევდონიმია. მისი რომანის მთავარ გმირს მსოფლიო ლიტერატურაში ყველაზე ცნობილი შეყვარებული ბიჭის სახელი ჰქვია, მაგრამ მასთან მხოლოდ უიღბლობა აკავშირებს, ისეთი უიღბლობა, რომ ერთი წიგნი ლამის ვერ იტევს მის გაცრუებულ იმედებსა თუ არშემდგარი ბედნიერების სიმწარეს. რატი რატიანის „რომეო იცინოდა“ ერთი უცნაური და დაუჯერებელი ბედის მქონე ახალგაზრდა კაცის ცხოვრებაზე გვიყვება. მაინც რამდენი ტანჯვის მოთმენა და ატანა შეუძლია ადამიანს? არსებობს კი ზღვარი, რომლის გადალახვასაც საბედისწერო შედეგამდე მივყავართ...

ასევე წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში დასახელებული თამრი ფხაკაძის „ჩვენ, თურმელები“ გვიამბობს უჩვეულო პერსონაჟების ისტორიას, რომლებიც თლილი ქვის მრავალ კარიან სახლში ცხოვრობენ. აქედან მთავარი კარი კი გასასვლელია შეუცნობელ გარე წუთისოფელში, სადაც მოგზაურობა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. რომანის ეს საინტერესო სიუჟეტი და გამოგონილი სამყარო მკითხველს უთუოდ დააინტერესებს. ავტორის თქმით, ეს არის მისი ცხოვრების მთავარი წიგნი, ეპოქალური რომანი, რომელსაც საგვარეულო-გენეალოგიური არქიტექტონიკა აქვს. წიგნს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ქართულ ბრუდენბროკებს. ასევე ხშირია ასოციაცია „მარტოობის ას წელიწადთან“. ეს გახლავთ ქართული საგვარეულო დინასტია, თურმელების ოჯახის ისტორია. წიგნს წინ უძღვის მრავალრიცხოვან თურმელთა უზუსტესი გენეალოგიური ხე.

აქვე გაგაცნობთ წიგნებს, რომლებიც ნომინაციის „წლის საუკეთესო თარგმანი“ ფინალისტებად დასახელდა:

„გამქრალი ხეების კუნძული“, ელიფ შაფაქი, მთარგმნელი - ია ქვაჩახია

ეთნიკური შუღლის შედეგად ცეცხლში გახვეული კუნძული, ორად გაყოფილი ქალაქი, გაწყვეტილი ურთიერთობები... სწორედ ამ სისასტიკით სავსე სამყაროში ჩაისახა ორი სხვადასხვა ეროვნების მოზარდის სიყვარული. მათი ჩუმი, დაფარული და ბედნიერი სიყვარულის მოწმეა ლეღვის ხე, რომელიც ქალაქის ფერფლად ქცევისა და შეყვარებულების დაცილების მოწმედაც იქცა. ომმა შეყვარებულები დააშორა, მაგრამ მათ გრძნობას ვერაფერი დააკლო. ათწლეულების შემდეგაც სიყვარული ცოცხლობს და უბიძგებს ადამიანებს, არ გაწყვიტონ კავშირი თავიანთ მღელვარე ისტორიასთან. ელიფ შაფაქის ახალი გულში ჩამწვდომი რომანი სიყვარულზე, ტრავმაზე, განშორებასა და ძიებაზე, რომელიც, ავტორისავე თქმით, ეძღვნება ემიგრანტებსა და დევნილებს მთელ მსოფლიოში.

„იგავი“, უილიამ ფოლკნერი, მთარგმნელი - ზაზა ჭილაძე

„იგავი“ უილიამ ფოლკნერის ერთ-ერთი მთავარი ნაწარმოები და მისი შემოქმედების გვირგვინია. ავტორმა მასზე ათი წლის განმავლობაში იმუშავა და სურდა, მისი „ცხოვრებისა და, შესაძლოა, ეპოქის საუკეთესო ნამუშევარი ყოფილიყო“. ასეც გამოვიდა _ რომანმა 1955 წელს მიიღო როგორც პულიცერის პრემია, ისე წიგნის ეროვნული ჯილდო. მოქმედება ვითარდება საფრანგეთში, პირველი მსოფლიო ომის დროს, და ეს არის ამბავი ომზე თითქმის საომარი მოქმედებების გარეშე. ამბავი კი ასეთია: კაპრალი სტეფანი ჯარისკაცებს უბრძანებს, არ გადავიდნენ შეტევაზე. მიზეზი? _ ამ უაზრობის – ომის – მოსათავებლად მხოლოდ ერთი სიტყვა _ გვეყოფა! _ უნდა ითქვას და ეს სიტყვა ითქვა. მაგრამ ომში „გვეყოფა“ უკვე ამბოხია... ჭირისუფლებს უმწეობა და უსამართლობის განცდა კი არ უგლეჯდათ გულებს, არამედ ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანური ტკივილი... ტკივილსა და სატანჯველს ხომ ერთადერთ საპირწონედ არარა, არაფერი, სრული სიცარიელე მოეძევება, ტკივილსა და არარას შორის უკანასკნელს კი მხოლოდ ლაჩარი თუ აირჩევს. უილიამ ფოლკნერის „იგავი“ პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე.

კლარა და მზე, კაზუო იშიგურო, მთარგმნელი - თამარ ჯაფარიძე

ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის მომაჯადოებელი რომანი, რომელიც მწარედ, ტკივილით დაგვაფიქრებს სიყვარულსა და მარტოობაზე, იმაზე, თუ როგორია ხელოვნური ინტელექტის როლი ჩვენს მომავალში.ეს კლარას ამბავია, რომელსაც ის თავად მოგვითხრობს. კლარა განსაკუთრებული, ყველა ანალოგისგან გამორჩეული შესაძლებლობების მქონე ხელოვნური მეგობარია. ის მაღაზიის ვიტრინაში დგას და ყურადღებით ადევნებს თვალს გამვლელებს, აკვირდება მათ და ელის კლიენტს, რომელიც მას ამოირჩევს. ასეთი კლიენტი გამოჩნდება და კლარა ნამდვილ ოჯახს იძენს. მაგრამ რას ნიშნავს „ნამდვილი“ სამყაროში, რომელიც გაჟღენთილია პრაგმატიზმით, რაციონალურობითა და ათასგვარი შიშით? „კლარა და მზე“ არის სულის შემძვრელი, დაუვიწყარი წიგნი, რომელიც, რობოტის გულწრფელი და შეუდარებელი თხრობის მეშვეობით, სრულიად სხვაგვარად დაგვანახვებს საკუთარ თავებს, ჩვენს ქცევას და დაგვაფიქრებს მარადიულ კითხვაზე: რა არის სიყვარული?

R